ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" იანვრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" იანვრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" იანვრის ნომერი N1 (49), რომელშიც წაიკითხავთ:

უჩინარი ქართული იერუსალიმი - ყოფილი ქართული ეკლესია-მონასტრები წმინდა ქალაქში

წარსულში წმინდა მიწაზე ქართული თემის სიძლიერის დასტურად სხვადასხვა დროს ამ თემის მიერ აქ მრავალი ეკლესია-მონასტრის ფლობის ფაქტიც იკმარებს. მხოლოდ იმ სავანეთა რიცხვი, რომლებსაც ქართველები დროდადრო ერთპიროვნულად ფლობდნენ, ორ ათეულს აჭარბებს. ზოგიერთი მათგანის შესახებ ჩვენი ცოდნა წერილობით წყაროებში მოცემული ცნობებით ამოიწურება. ვიცით მათი სახელები, მაგრამ არ ვიცით მათი ზუსტი ადგილმდებარეობა. ზოგიერთი მათგანი უკვე აღარც არსებობს, ზოგი კი საფუძვლიანად გადასხვაფერდა ახალ მეპატრონეთა ხელში. გარდა ამისა, ჩვენი წინაპრები წმინდა მიწის ბევრ იმ ეკლესია-მონასტერშიც მოსაგრეობდნენ, სადაც მათ გვერდით სხვა ეროვნების ბერ-მონაზვნებიც იყვნენ და რომელთა აღშენებაც მათ სახელს არ უკავშირდება.

ყოფილი ქართული ეკლესია-მონასტრების დიდი ნაწილი წმინდა ქალაქში ან მის შემოგარენში მდებარეობს... მღვდელი პეტრე კონჭოშვილი თავის წიგნში 18 ყოფილ ქართულ მონასტერზე წერს (XIX-XX სს. მიჯნაზე), თუმცა იქვე იმასაც გვამცნობს, რომ მის დროს ქართველთა სავანის სახელი მხოლოდ ჯვრის მონასტერსღა ჰქონდა შერჩენილი. ქართველი საზოგადოებრიობის დიდი ნაწილი წმინდა მიწაზე წინაპართა მრავალსაუკუნოვანი მოღვაწეობის შესახებ და მათ მიერ ნაშენებ-ნაქონ მრავალრიცხოვან ეკლესია-მონასტრებზე ნაკლებად არის ინფორმირებული. მართალია, საქართველოდან ისრაელში ჩასული მომლოცველებისა თუ ტურისტების ნაკადი არ გამოირჩევა მრავალრიცხოვნობით, მაგრამ ისინიც კი, ვინც ბოლო წლებში ესტუმრა წმინდა მიწას, ჯვრისა და კატამონის მონასტრებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ნაკლებად ინტერესდებიან სხვა ქართული ყოფილი ეკლესია-მონასტრების მოხილვა-მოლოცვით. ამის მიზეზი აღნიშნული წმინდა სავანეების შესახებ მათი მცირედ ინფორმირებულობაცაა, ტურისტულ პროგრამებში ე.წ. ქართული მარშრუტის გაუთვალისწინებლობის ფაქტიც და ალბათ, შეზღუდული დროის ფაქტორიც. ცალკე საუბრის თემაა მომლოცველთა და ტურისტთათვის შესაფერისი გზამკვლევების არარსებობა. შედეგად, ისრაელის ტურისტულ-საცნობარო ბუკლეტებსა თუ ინტერნეტგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია ჩვენთვის საინტერესო მონასტრების ისტორიაზე მწირი და "შემსუბუქებულია" ქართული ისტორიული მასალების სრული ან ნაწილობრივი უგულებელყოფის ხარჯზე. ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურებაზე ბევრად არის დამოკიდებული წმინდა მიწაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღემდე მართლაც სასწაულებრივად გადარჩენილი ძეგლების ისრაელში პოპულარიზება და სამომავლოდ მათი დაცულობის ხარისხი.

პირველ მსოფლიო ომში 25 ქართველი გენერალი იბრძოდა

პირველი მსოფლიო ომი უდიდესი ისტორიული მოვლენა იყო, რომელმაც ასეთივე უდიდესი გავლენა მოახდინა საქართველოს ბედ-იღბალზე. დაშლილი მონარქიებისა და იმპერიათა ნანგრევებზე ახალი სახელმწიფოები შეიქმნა, მათ შორის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკაც იყო. თუმცა ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში დიდი მსხვერპლი გაიღო. სარწმუნო წყაროებიდან ირკვევა, რომ პირველ მსოფლიო ომში იმდროინდელი საქართველოს მოსახლეობის 13%-მა, ანუ დაახლოებით 300 ათასმა კაცმა მიიღო მონაწილეობა. დაჭრილთა და დაღუპულთა შესახებ ზუსტი მონაცემები დღემდე არ არსებობს, მაგრამ ამ ომმა უამრავი ქართული ოჯახი გაანადგურა. ამას ცხადყოფს 1917 წელს ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" გამოქვეყნებული ერთი ცნობაც: "თანამედროვე ომმა ჩვენი ქვეყნის ბევრი შვილი შეიწირა, ხშირია ოჯახი, სამი-ოთხი ძმა და მამა-შვილნი დაღუპულან ბრძოლის ველზე, ერთი ასეთი ოჯახია ჩვენი ცნობილი გიორგი ყაზბეგისა, რომლის სამი შვილი ახლანდელ ომში დაიღუპა".

პირველ მსოფლიო ომში ქართველობამ მსოფლიოს მამაცობის მაგალითები დაანახვა. გენერალ გიორგი კვინიტაძის ცნობით, ომში მებრძოლი 25 ქართველი გენერლიდან 23 დააჯილდოეს წმინდა გიორგის ჯვრით. თავადი ა. სუმბათოვი აღნიშნავდა, რომ ის ქართველი ჯარისკაცი, რომელსაც მხოლოდ ერთი წმინდა გიორგის ჯვარი ჰქონდა მიღებული, დიდად პატივსაცემი არ იყო, რადგანაც იმ დროს მრავლად იყვნენ რამდენიმე ასეთი ჯვრის მქონე ქართველები. გაზეთი "საქართველო" თავმოწონებით წერდა: "სამხედრო ჯილდოებს არავისი მხარბეჭი ისე არ დაუმძიმებია, როგორც ქართველებისა".

ქართველ მეფეთა ხელრთვანი - თამარ მეფემ თორმეტ გელათელ მწირს მუდმივ საზრდოდ ჭორვილა გაუჩინა

ხელრთვა, რომელიც დღევანდელი მნიშვნელობით ხელმოწერას, იმავე ავტოგრაფს ნიშნავს, დოკუმენტს იურიდიულ ძალას ანიჭებდა და ისტორიული საბუთის აუცილებელ ატრიბუტს შეადგენდა. ხელრთვები ეკუთვნოდათ გამოჩენილ ისტორიულ პირებს, რომელთა პირადი ხელმოწერის ან წერილობითი დასტურის გარეშე ნებისმიერი დოკუმენტი დაკარგავდა იურიდიულ-სამართლებრივ მნიშვნელობას და უბრალო, ფარატინა ქაღალდად იქცეოდა... წყაროებიდან ცნობილია, რომ ქართული საბუთების რაოდენობა მეტად დიდი უნდა ყოფილიყო. მეფეებს, კათოლიკოსებს, ეპისკოპოსებს, დიდ ფეოდალებს, ერისთავებს ჰყავდათ თავიანთი მწიგნობრები და მწიგნობართუხუცესები. საბუთები ინახებოდა სამეფო, საკათალიკოსო, ფეოდალთა საგვარეულო არქივებში, რომლებიც საქართველოში VI საუკუნიდან დასტურდება და რომლებიც განადგურდა მტრების თარეშისა თუ სხვა მიზეზების შედეგად. უკანასკნელად, ქართული არქივები I მსოფლიო ომის დროს განადგურდა ჩრდილოეთ კავკასიაში მათი ევაკუაციისას.

ძველ ქართულ ისტორიულ საბუთებზე მოთავსებულ ქართველ წმინდა მეფეთა ხელრთვებს XI საუკუნიდან ვხვდებით. საბუთს ბოლოში ეწერებოდა თარიღი და დამწერის ვინაობა. როცა საბუთს მისი გამცემი ხელს აწერდა და ამტკიცებდა, ამას ეწოდებოდა "ხელის ჩართვა" ანუ "ხელრთვა" (ავტოგრაფი). მეფის ხელს "საუფლოი ხელი" ეწოდებოდა. შედარებით მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი XI-XIII საუკუნეების მეფეთა ხელრთვები, ხოლო XIV-XVIII საუკუნეებიდან ბაგრატიონთა ავტოგრაფიული ხელრთვები დიდი რაოდენობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევიან.

"დედა ენა" თურქეთში - "აქაურ ქართველებს არ სჯეროდათ, რომ ეს პროექტი განხორციელდებოდა"

თურქეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ ქვეყნის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დაამტკიცა. თუ სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი ათი და მეტი მოსწავლე იქნება, ისინი V, VI, VII და VIII კლასებში ქართულ ენას 244-საათიანი პროგრამით შეისწავლიან.

ქართული ენის სწავლების პროგრამის შედგენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელ ერდალ ქუჩუკსა (ელიზბარ ციმნარიძეს) და ცნობილ ანკარელ მწერალ ქევსერ რუჰის (ქეთევან ხანთაძეს). პროგრამის თარგმნაში, ქევსერ რუჰისთან ერთად, მონაწილეობდნენ პროფესორი ნანა კაჭარავა და ანკარის უნივერსიტეტის მაგისტრანტი მარიამ გაფრინდაშვილი...

კანიბალი, რომელიც იმპერატორი გახდა

- გაიცანით, ეს ჩემი დაცვის უფროსია, ეს მდივანი, ეს ექიმი, ეს კი... ჩემი საუზმეა, - ასეთი ანეკდოტები დადიოდა ცენტრალური აფრიკის დიქტატორ ბოკასაზე, რომელიც აფრიკის კონტინენტზე მარქსიზმის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნეოდა. ოფიციალურად კანიბალიზმის ბრალდება მას მოგვიანებით წაუყენეს.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

საქართველოს ანტიკური ქალაქები: ფაზისი - ელინური აკადემია და რომაული ლეგიონები საქართველოს ტერიტორიაზე

ყირიმი - შავი ზღვის ციტადელის ისტორია

წინ - რუსეთი, უკან - ოსმალეთი... / როგორ აფასებენ აფხაზი ისტორიკოსები 1877 წლის აჯანყებას

მკითხველის ფოსტა - უცნაური ქვა იკოთში

საახალწლო მოგზაურობა საქართველოში (ეთნოგრაფიული ჩანახატები)

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები