"ნიჭიერის" გამარჯვებულები, არხის დირექტორი, პროდიუსერი და ჟიური ემოციებზე, რაც შოუს დასრულებას მოჰყვა

"ნიჭიერის" გამარჯვებულები, არხის დირექტორი, პროდიუსერი და ჟიური ემოციებზე, რაც შოუს დასრულებას მოჰყვა

"ნიჭიერი" დასრულდა, პროექტის ამ სეზონის გამარჯვებულები თემო და ქეთი გახდნენ. თემოს და ქეთის დუეტმა გამოჩენისთანავე პოპულარობა მოიპოვა. ქეთი მოცეკვავეა და ფიტნეს ინსტრუქტორი, თემო კი რამდენიმე წლის წინ მომხდარი მძიმე ავარიის შედეგად ეტლს მიეჯაჭვა.

"ნიჭიერის" წლევანდელი სეზონი გამორჩეული იყო, სცენაზე მრავალფეროვანი ნომრები შესრულდა, კონკურსანტები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან და რაც ყველაზე მთავარია, ფილარმონიის სცენაზე სტერეოტიპი შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ, დაიმსხვრა.

შოუს დასრულების შემდეგ, Ambebi.ge პროექტის გამარჯვებულებს, ჟიურის წევრებს და პროდუსერს ესაუბრა.

ქეთი:

- პირველ რიგში მადლობას ვუხდი მთელ საქართველოს, ჩვენ ერთად შევძელით და დავამარცხეთ სტერეოტიპი, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

- როგორ გაიყოფთ ბინას და მოგებულ თანხას?

- აქ მოსაგებად არ მოვსულვარ. მე ეტლით მოსარგებლეთა ცეკვების ფედერაცია ჩამოვაყალიბე და მსურდა საკუთარი საქმის პოპულარიზაცია. როგორ გავიყოფთ საჩუქარს მე და თემო, ეს კონფიდენციალურია.

თემო:

- სიმართლე გითხრათ, ველოდი ამ შედეგს, მაგრამ ძლიერი კონკურსანტები მყავდა და ბოლომდე არ ვიყავი დარწუნებული. ემოციითაც ვერ გამოვხატავ, ისეთი გახარებული ვარ. "ნიჭიერმა" ბევრი რამ შეცვალა ჩემთვის. ხალხი ჩვეულებრივ ადამიანებად აღგვიქვამს. რამდენიმე კვირის წინ მაღაზიაში შევედი და ერთმა კაცმა მითხრა, აქამდე როცა გხედავდი, მეცოდებოდი, და ახლა მეამაყებიო. მიხარია, რომ ხალხი და "რუსთავი 2" დაგვეხმარა სტერეოტიპის დარღვევაში და ჩვენ სრულუფლებიან წევრებად მიგვიღეს.

"რუსთავი 2"-ის ფავორიტი გახდა ინდირა ჯგერნაია. მას საჩუქრად 10 000 ევრო გადაეცა.

- ძალიან დიდი მადლობა "რუსთავი 2"-ს, ვერც კი წარმომედგინა, თუ მივიღებდი ამ პრიზს. თანხას საკუთარ კარიერას მოვახმარ, ალბომს ჩავწერ და ჩემს ქვეყანაში ვიმუშავებ. ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა "რუსთავი 2"-მა, განსაკუთრებით ნიკა გვარამიამ, რომელმაც ჩემი ნიჭი არ გარიყა.

პრიზის გარეშე არ დარჩენილა გიორგი გოგობერიძე, რომელმაც "ნიჭიერის" სცენაზე ურთულესი და საშიში ნომრები შეასრულა. რაში დახარჯავს მოგებულ 5000 ლარს, ჯერჯერობით არ იცის.

გიორგი გოგობერძე:

- არ მქონია მოტივაცია, რომ გავიმარჯვებდი, რადგან დიდი კონკურენცია იყო. 5000 ლარი მაჩუქეს, რომელსაც არც ვიცი, რაში გამოვიყენებ. დღეს რაც ვაჩვენე "ნიჭიერის" ფინალში, ხუთ დღეში დავდგი. ბავშვობიდან ვვარჯიშობ, მოტივაცია მაქვს, ვმუშაობ ბალანსზე და ზედმეტი რისკების გარეშე ვახერხებ ურთულესი ნომრების შესრულებას.

ია ფარულავა (ჟიურის წევრი):

- არასოდეს მითქვამს ვინმესთვის, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ-თქო. ქეთის და თემოს კი ვუთხარი, მათ პირველივე დღიდან ემოციური მუხტი შემოიტანეს, საოცრება აჩვენეს სცენაზე. ძალიან მაგრები ხართ, ყოჩაღ, ბრავო. მაყურებლის გადაწყვეტილებაზე ვარ აღფრთოვანებული, მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხალხი ბრძენია.

ნიკა გვარამია (ჟიურის წევრი):

- მე ძალიან გამიჭირდებოდა არჩევანის გაკეთება, რადგან ბევრი კარგი კონკურსანტი იყო, მაგრამ გამარჯვებული ძალიან ღირსეულია და მიხარია, რომ ასეთ მაგარ სეზონს მაგარი გამარჯვებული ყავს.

გიორგი ხაბურზანია (პროდუსერი):

- გადასარევი ფინალი იყო, ენით აუწერელი ემოცია განვიცადეთ, ისეთი მაგარი იყო ყველაფერი. რაც შეეხება მაყურებლის გადაწყვეტილებას, ქართველი მაყურებელი არის მსოფლიოში საუკეთესო მაყურებელი. გულდასაწყვეტია ის, რომ ბევრი კარგი კონკურსანტი გვყავდა და ყველამ ვერ მოიგო.

ვიდეო

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები