ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომერი #3 (51), რომელშიც წაიკითხავთ:

"ღირსებითა და ერთგულებით" - საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკის, ნიკოლოზ თოხაძის სამხედრო თავგადასავალი

პარიზში 1939 წელს გამართულ გრანდიოზულ სამხედრო აღლუმზე პირველად მიიწვიეს უცხოური ლეგიონის ნაწილებიც, რომელთაც ორი ქართველი ოფიცერი, დიმიტრი ამილახვარი და ნიკოლოზ თოხაძე მეთაურობდა. ქართველი ემიგრანტი შოთა ბერეჟიანი ამბობდა, რომ ამ ორი წარმოსადეგი ვაჟკაცის წინამძღოლობით ლეგიონერებმა დიდი ოვაციით ჩაიარეს შანზელიზეზე. "ქართველები ბევრნი ვიდექით იქ და ძალიან ბედნიერი ვიყავით, რომ სწორედ ქართველები შეერჩიათ ასეულების წინამძღოლებად. აფრიკიდან მათ გენერალი მიკელი ჩამოჰყვათ. რაღა ეს უცხოელი ოფიცრები დანიშნეთ მეთაურებადო, უსაყვედურა მიკელს პარიზის კომენდანტმა ანრი გურომ. მაგათზე უკეთესი არ გვყავსო, თავი იმართლა გენერალმა..."

რაინდთა ტურნირები - არისტოკრატთა თამაშები სიკვდილთან

XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, ევროპაში რაინდთა ტურნირების ეპოქა დაიწყო, რომელმაც განვითარების მწვერვალს XV-XVI საუკუნეებში მიაღწია. საზეიმოდ აღჭურვილი რაინდები, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას, ერთმანეთს სამხედრო ოსტატობაში ეჯიბრებოდნენ და თავიანთ უნარებს საჯაროდ წარმოაჩენდნენ. ტურნირებს ძირითადად მეფეები და მსხვილი ფეოდალები აწყობდნენ განსაკუთრებული შემთხვევების აღსანიშნავად: სამეფო ქორწილებისას, მემკვიდრის დაბადებისას, სამშვიდობო ზავის დადებისას და სხვ. რა თქმა უნდა, რაინდთა ტურნირს მრავალი დეტალი თუ წესი ჰქონდა, რომელიც დროთა განმავლობაში დაიხვეწა. სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ, როგორ ვითარდებოდა ტურნირები და რამ გამოიწვია მათი დაცემა.

ჰიურემ სულთანი - ოსმალეთის იმპერიის დიდებული იმპერატრიცა

ლეგენდარული ქალი, რომელიც თურქეთში ჰიურემის, ხოლო ევროპაში როქსოლანას სახელით არის ცნობილი, დღემდე სადავო ფიგურად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელ მსოფლიოს არაერთი ძლევამოსილი და ცნობილი ქალი "აზანზარებდა", მათ შორის ეკატერინე მედიჩი, დედოფალი მარგო ან დედოფალი ელიზაბეტ I, როქსოლანამ თავისი გასაოცარი კარიერით, ჰარამხანის მონობიდან ოსმალეთის იმპერიის დედოფლობამდე, ტოლი არავის დაუდო.

ეს სწორედ ის ჰიურემია, რომლის დრამატული ცხოვრებაც ასახულია თურქულ სატელევიზიო სერიალში "დიდებული საუკუნე". ეს სერიალი დღესაც პოპულარულია როგორც თურქეთში, ისე სხვა ქვეყნებში, ქართველ სერიალების მოყვარულთა შორისაც.

რელიგიური ტერორიზმის დაბადება პოლიტიკიდან

სწორედ ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში, XI-XIII საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში ირანისა და სირიის ტერიტორიაზე ჩნდება ასასინთა მოძრაობა. ასასინებს საინტერესო პარალელები მოეძებნებათ თანამედროვე ტერორისტებთან. ასასინები იბრძოდნენ არა ჯვაროსნების, არამედ მუსლიმი მმართველების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ასასინები მიიჩნევიან თანამედროვე ტერორისტების წინაპრებად, ისინი ასევე დიდად განსხვავდებიან მათგან ორი ძირითადი მახასიათებლით: იარაღისა და მსხვერპლის შერჩევით. ასასინთა მსხვერპლი იყო მუდამ ერთი პიროვნება - მაღალი რანგის პოლიტიკოსი, სამხედრო ან რელიგიური ლიდერი, რომელიც მიიჩნეოდა ეშმაკეულად. მხოლოდ მას ანადგურებდნენ ასასინები და არა სხვა უდანაშაულო ადამიანებს, როგორც თანამედროვე ტერორისტები.

სინოპის ყურიდან დანახული საქართველო - მოგზაური ეთნოლოგის ჩანაწერები

ისტორიულ-ეთნოლოგიური ექსპედიციებით მთელი საქართველო მოგვივლია, მთაცა და ბარიც, მაგრამ არსად შეგვხვედრია ყოფიდან გამოსული ტრადიციული შრომისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთების ისეთი სიმრავლე, როგორიც თურქეთელ ქართველებთან. რა არ გვინახავს ჩვენს ისტორიულ თანამოძმეებთან: კევრები და ფარცხები, სახვნელი იარაღები, სუფრა-ფეშხუმები, გობები და სკივრ-ზანდუკები, კეცები და ჩამურები, წნული კალათ-გიდელები... ასე იყო იმერხევში, ასე იყო მარმარილოს ზღვის რეგიონში და ასეთი სურათი დაგვხვდა თურქეთის სამხრეთ შავი ზღვისპირა სოფლებში. სასოებით ინახავენ წინაპართა ნაქონ ნივთებს (ყოფიდან კარგა ხნის გამოსულს). ბევრ ოჯახში ამგვარი ნივთების "მინიმუზეუმებიც" დაგვხვდა.

მასპინძლებს უჭირთ ქართულად ლაპარაკი, მაგრამ "გვპირდებიან", მალე უკეთესად ვივაზირებთ, ანუ ვილაპარაკებთო. "წინდაწინ ასე იყო, სახლში ქართულად ვაგნებდით, ოქულში (სკოლაში) ქართულად ლაპარაკს გვიკრძალავდნენ და გვსჯიდნენ. თურქული რომ არ ვიცოდით, ქოზაკებს და ჭახეებს (უმწიფარს ნიშნავს) გვეძახდნენ. ამიტომაც ვცდილობდით, გურჯიჯა (ანუ ქართულად) აღარ გველაპარაკა". ამიტომაცაა, რომ ახალგაზრდებმა ქართული არ იციან. მაგრამ ახლა მდგომარეობა შეიცვალა. "ეძებენ, უნდანან ისწავლონ. რატომ უნდანან? დაჭირდათ. ადრე ბათუმიდან, თბილისიდან არ მოდიოდნენ, არც ამათ უხდებოდათ იქ საქმობა. ახლა სხვა დროა", - გვიხსნის ჩვენი მასპინძელი რეჯეფ ფრანგიშვილი.

უსამართლოდ დავიწყებული თბილისის ოპერის პოლონელი პრიმადონა

ამელია ვოლ-ლევიცკა - ეთერის პარტიის პირველი შემსრულებელი, ბოლშევიკურმა რეპრესიებმა შეიწირეს. საზოგადოებისთვის უცნობია ამბავი მომხიბვლელი პოლონელი მომღერალი ქალისა, რომელმაც ქართულ საოპერო ხელოვნებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. მკითხველს ვთავაზობთ მისი ტრაგიკული ცხოვრებისა და სიყვარულის ისტორიას.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

აფხაზეთი და რუსეთის პირველი რევოლუცია - რატომ "დაუტკბა" მეფის რუსეთი "დამნაშავედ" შერაცხილ ხალხს

"ვახტანგ VI" - ისტორია, რომელიც თაობებს აერთიანებს

კახური თიხის "აკადემია"

ორსახელიანი გენერლის ომი / ვეკოსლავ ლუბურიჩი - ჯარისკაცი და სიკვდილის ბანაკის დირექტორი

ქართული კონიაკის მამა - დავით სარაჯიშვილმა მთელი ქონება ქართველ ხალხს უანდერძა

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები