ბაქარი და ბოზი თამუნა მაყურებლის რეაქციებს ელოდებიან - ინტერვიუ ახალი სეზონის წინ

ბაქარი და ბოზი თამუნა მაყურებლის რეაქციებს ელოდებიან - ინტერვიუ ახალი სეზონის წინ

დღეს პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" ახალ სეზონს ხსნის, რომელსაც მაყურებელი მოუთმენლად ელოდება. როგორც პროექტის ავტორები გვპირდებიან, სიახლეები, სიუპრიზები, ინტრიგები უხვად იქნება...

გასულ სეზონზე, სერიალში ერთგვარი აღმოჩენა იყო რამდენიმე მსახიობი, მათ შორის, ბუბა მათნაძე და ხატია ბრაჭული, რომლებმაც საოცარი ტანდემი შექმნეს. ისინი მაყურებელმა მაშინვე შეიყვარა, რადგანაც თითოეული მათგანი გულწრფელ ღიმილს იწვევს. სეზონის წინ რა მოლოდინი აქვთ მსახიობებს და როგორ ემზადებიან, ამაზე მათ Ambebi.ge გაესაუბრა.

ბუბა მათნაძე:

- მაყურებელს წინ ძალიან მაგარი, განსხვავებული სეზონი ელოდება, ბევრი პერსონაჟით სავსე. საზოგადოებას ბაქართან დაკავშირებითაც მერწმუნეთ, კარგი სცენები ელის. ამას, რაც აქამდე გადავიღეთ, იმის მიხედვით ვამბობ. გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩვენც მაგრად ვიხალისეთ. ამიტომ მჯერა, მაყურებელსაც მოეწონება, თუმცა ვნახოთ, როგორ შეაფასებენ...

- რას გვეტყვი, რაიმე სერიოზული გარდატეხა ხომ არ ხდება შენი პერსონაჟის ცხოვრებაში?

- არ ვიცი, არ ვიცი, უყურეთ და ნახავთ (იცინის).

- ე.ი. სიურპრიზები იქნება?

- შეიძლება... მთავარი ის არის, რომ პროცესი დაწყებულია და მშვენივრად მიმდინარეობს.

- შენი უშუალო პარტნიორები ისევ თამაშობენ სერიალში?

- კი, ყველანი არიან. მერე რა იქნება, არ ვიცი.

- ბაქარი ცოტა ხომ არ დაიხვეწა?

- წესით უნდა დაიხვეწოს. უკვე თბილისშია, სხვა სიტუაციასა და გარემოში და ამის დროა. ვნახოთ, ნელ-ნელა ეს ყველაფერი ალბათ მასაც შეეტყობა.

- წინა სეზონმა დიდი წარმატება მოგიტანა. მეორე სეზონისგან რას ელოდები?

- ჯერ არ ვიცი, ხალხის რეაქციებიდან გამომდინარე მივხვდები, ბაქარი პირველი სეზონიდან გამომდინარე უფრო მაგარი ტიპი იყო, თუ მეორეში... ისე, თავიდან არც ვიცოდი, რომ ხალხს ბაქარი ასე მოეწონებოდა.

ხატია ბრაჭული:

- ჩემი გმირი, ბოზი თამუნა, თავიდან რომ გავიცანი, ძალიან დამაინტერესა ამ პერსონაჟმა, რომ არ მოგატყუოთ, საინტერესო სახედ მომეჩვენა. მსახიობისთვის სხვადასხვა ტიპაჟის თამაში არ არის ცუდი, მით უფრო, ასეთის. სირთულეები იყო, იმაზეც ვფქირობდი, მას მაყურებელი როგორ მიიღებდა. ამიტომ როლს და სამუშაოს პასუხისმგებლობით მოვეკიდე.

როდესაც მაყურებელმა ჩემი შესრულებული როლი იხილა, ზოგი მის მიმართ აგრესიით განეწყო, ზოგს თავიდანვე მოეწონა. მაგრამ როგორც კი თამუნამ თქვა, წამოვედი და ბოზი აღარ ვარო, შეიყვარეს, მხარი მეტად დაუჭირეს. თამუნას ცხოვრება საინტერესო ხაზით წავიდა.

- კი, სოციალურ ქსელში მხარს უჭერდნენ, უარყოფით კონტექსტში არ მოიხსენიებდნენ.

- საერთოდ, გმირის ხაზი საინტერესოდ წავიდა. რადგან მის ვიდეოს სოციალურ ქსელში აზიარებდნენ, ე.ი. გმირს რაღაც ჰქონდა ისეთი თვისებები, რაც მათ იზიდავდათ. რაც მთავარია, გარკვეული წვლილი ამ პერსონაჟის შექმნაში ბაქარსაც აქვს. ისინი ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები.

- ახლა რას გვთავაზობს ამ სეზონზე ბოზი თამუნა?

- ახალი სეზონი სიახლეებს, საინტერესო ამბებს, სიტუაციებს, ინტრიგებს, ურთიერთობებს და ბევრ სახალისოს გვპირდება. ამიტომ მაყურებელი მას ინტერესით უნდა დაელოდოს. უკმაყოფილოები არ დარჩებიან. მჯერა, რომ ამ სეზონის სერიებსაც ექნება სერიოზული გამოხმაურება, როგორც ადრე, წინა სეზონზე.

- ისე, როგორც მსახიობს, "ბოზი თამუნას კლიშე" რომ მოგეწება, არ გაღელვებს?

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეა. მსახიობის პროფესია ასეთია, რას ვიზამთ? თავიდან ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ მერე როლი გავითავისე და რა თქმა უნდა, მზად ვარ ამ ყველაფრისთვის. მახარებს. თუ ასე მომმართავენ და მახსენებენ, ე.ი. კარგად არის როლი შესრულებული, ან უბრალოდ, ეს ტიპაჟი მოსწონთ.

რაც შეეხება ბუბას, ბაქარის როლის შემსრულებელს, უდაოდ ნიჭიერია. მთელი საზოგადოება აალაპარაკა. მიხარია, რომ წინ საინტერესო სეზონი გველოდება. მე კი მაყურებლის რეაქციას ველოდები.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები