"გიორგი მრისხანე," "წმინდა სოფია," "გიჟი ანრი", ანუ "X ფაქტორის" ჟიურის წევრების ფრთიანი ფრაზები

"გიორგი მრისხანე," "წმინდა სოფია," "გიჟი ანრი", ანუ "X ფაქტორის" ჟიურის წევრების ფრთიანი ფრაზები

"X ფაქტორის" სცენაზე უამრავმა კონკურსანტმა მოსინჯა ძალები. ზოგი მართლა ძალიან ნიჭიერია და მაქსიმალურად შეძლო თავის წარმოჩენა, ზოგი ნიჭიერია, მაგრამ რიგი ფაქტორების გამო დაიბნა, ზოგიც მხოლოდ იმის გამო იყო მისული, რომ ერთხელ ცხოვრებაში სცენაზე გამოსულიყო. არიან უნიჭოებიც, რომლებიც თავიანთი გამოსვლით მართლაც უხერხულ სიტუაციას ქმნიან.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი| კადრები, რომელიც ჯერ ტელევიზიით არ გასულა

ამ ყველაფრის შეფასება კი ჟიურის უწევს, რომლის შემადგენლობაშიც ამ სეზონზე არიან: გიორგი გაბუნია, ანრი ჯოხაძე, სოფო ნიჟარაძე და თამთა გოდუაძე. მათი ემოციები და კომენტარები უმეტესად ფრთიანი ფრაზებით შემოიფარგლება. ხშირად გვიწევს დარბაზში მათთან ერთად ყოფნა და იქ მიმდინარე ამბებზე დაკვირვება. ვეცდებით გუშინდელი რამდენიმე კონკურსანტი გავიხსენოთ.

სცენაზე გამოჩნდა ვინმე 17 წლის ერნესტი, რომელიც 4 წლიდან მღერის, სამომავლოდ კი დიპლომატობა უნდა. სოფო ნიჟარაძის კითხვაზე: "დიპლომატობა გინდა და მაინც აქ მოხვედი?" უპასუხა, რომ უნდოდა სცენაზე ეთხელ მაინც გამოსულიყო. თავისებური ბიჭი ჩანდა. "X ფაქტორი" არ აღმოაჩნდა, სუსტად იმღერა და ანრი ჯოხაძის ასეთი შეფასება დაიმსახურა: "შენი შესრულებისას ცუდი განცდა დამეუფლა. გინდა გითხრა, რატომ? ამ სიმღერამ ენერგეტიკულად პირდაპირ "მაზოლზე" დამაჭირა ფეხი. 15 წლის წინანდელ სამშობლოში დამაბრუნა"... გიორგი გაბუნიამ კი უთხრა: ''მჯერა, დიპლომატიაში უფრო დამაჯერებელი იქნები, ვიდრე სიმღერაში და ამ საქმეს თავი დაანებე''.

სცენაზე ბათუმელი გოგონა გამოვიდა, - მონდომებული ჩანდა, ჰიუსტონის სიმღერა უნდა შევასრულოო, მაგრამ მასაც ვერ გამოუვიდა ნომერი, იმდენად, რომ ანრი ჯოხაძემ შესძახა: ''შენ ახლა ხელახლა მოკალი ჰიუსტონი'', რამაც დარბაზში სიცილი გამოიწვია.

მის შემდეგ ფერიასავით ლამაზი, 17 წლის გოგონა - ელენე ლოლაძე გამოჩნდა. ჟიურის გარეგნულად ძალიან მოეწონა და ეს მაშინვე აღნიშნა. მას "X ფატორი" ნამდვილად აღმოაჩნდა, ჟიური ფეხზე წამოუდგა და ტაშით გააცილა სცენიდან. სოფო ნიჟარაძე: "სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ჩემი ემოცია, შენი ნამღერი ძალიან შემეხო". ანრი ჯოხაძე: "შენი ნახევარი ხმით, თავშეკავებული შესრულება ჩემთვის ემოციური და ენერგეტიკულად ძლიერი იყო". ცერა თითით ანიშნა, რომ ძალიან მოეწონა და ისიც დასძინა, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხარო.

კონკურსანტი ლუკა ყავლაშვილი კი, გარეგნობითაც იქცევდა ყურადღებას და დიდი ენერგიით გამოირჩეოდა, ჟიურის მოხიბვლას არა ვოკალით, არამედ უფრო სანახაობით ცდილობდა. თქვა კიდეც, ჰიპერაქტიური ვარ, ანიმატორადაც ვმუშაობ, ხალხის გართობა ჩემთვის არაფერია და "X ფაქტორის" მაყურებელიც კარგად გაახალისა. ისეთი ენერგიული იყო, რომ სცენაზე ზედმეტი მოძრაობისგან ფეხსაცმელიც კი გასძვრა... გიორგი გაბუნია: "შენ იუმორისტი უფრო ხარ, ვიდრე მუსიკოსი". სოფო ნიჟარაძე: "ყველა პროექტს თავისი პატარა "გიჟუკა" სჭირდება და დაე, იყოს ეს პატარა ''გიჟუკა'' პროექტში". ანრი ჯოხაძე სოფოს იქვე გამოეპასუხა: "ერთი დიდი გიჟი მე ვზივარ აქ და სხვა არ ვიცი მე", რასაც დარბაზის შეძახილები, სტვენა და სიცილი მოჰყვა.

ლუკას სცენიდან გასვლას ერთი დაბნეული, ლამბერსექსუალი, სათვალიანი და თავზე სომბრეროდამხობილი, მამით ბერძენი ანზორის შემოსვლა მოჰყვა. როგორც თქვა, უცხოეთიდან იყო ჩამოსული და სცენაზე გამოჩენისთანავე ჟიურის კითხვით მიმართა: "ჩემი ცხენი ხომ არ გინახავთ?" "შენ მგონი, მისამართი აგერია, ეს თავლა კი არა ფილარმონიაა, წმინდა ადგილი", - გაოცდა ანრი. მოკლედ, ანზორი ამბობდა, რომ უცხოეთში ცხოვრობდა და ჟიურის წევრებს ამის გამო არ იცნობდა, მხოლოდ ანრი ჯოხაძის შესახებ ჰქონდა გაგონილი. ამიტომ, ანრიმ გადაწყვიტა, მისთვის ჟიურის ორი წევრი ასე წარედგინა: "გიორგი მრისხანე" და "წმინდა სოფია"... ისე, ჯობდა, საერთოდ არ გაგვეცნო ერთმანეთი, ახლა ადექი და აქედან მოკურცხლე, ცხენი კულისებში გელოდება". მანაც ადგა და მოკურცხლა, სხვა რა გზა ჰქონდა?

შემდეგ სცენაზე საბავშვო ჯგუფ "ბზიკების" გიორგი გამოჩნდა, მისი დანახვა ჟიურისთვის სიურპრიზი იყო. ანრი ჯოხაძე: "ოჰ, ამას ვის ვხედავ?" სოფო ნიჟარაძე: "როგორ გაზრდილხარ, გიორგი?" თამთა გოდუაძის კითხვაზე, რისთვის ხარ აქ მოსულიო, გიორგიმ უპასუხა: "მინდა, ხალხის სიყვარული ისევ დავიმსახურო და სცენაც მომენატრა". აქ გიორგი გაბუნია ჩაერთო: "ანრისგან განსხვავებით, "ევროვიზიასთან" ტკბილი მოგონებები გაკავშირებს" ("ბზიკები" საბავშვო "ევროვიზიიდან წარმატებულები დაბრუნდნენ)"... გიორგიმ იმღერა, მაგრამ სათანადო მომზადება ამჯერად ვერ აჩვენა.

შემდეგ საკუთარ შესაძლებლობებში შემცდარი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა, რომელმაც ფილარმონიის სცენა ლამის "ააფეთქა," ისე უსმენოდ და უხმოდ იმღერა. ანრი ნერვიულობისგან ყურებზე ხელებაფარებული ჟიურის კვადრატში ბოლთას სცემდა. იმ კაცმა დარბაზი ძალიან გაახალისა, ანუ ასეთ დროს როგორც ხდება ხოლმე. მუხლზე დაჩოქილმა კონკურსანტმა მოთქმა რომ დაასრულა, ანრიმ შვებით ამოისუნთქა და უთხრა: "სასმენი ორგანო დამიზიანე. რატომ მოთქვამდი? რას ტიროდი? აზრზე არ ხარ, ეს რა იყო...დაიმახსოვრე, შენი კოსმიური ვალდებულებაა, რომ არ იმღერო, კოსმოსიდან ინფორმაცია მუდმივად მაქვს და დამიჯერე, ეს ასეა''. კონკურსანტმა კი იმედი დაიტოვა, რომ კიდევ მოვიდოდა შემდეგში "X ფაქტორში", რადგანაც დარბაზს მისი სახით გამხალისებელი სჭირდება.

მოგვიანებით წარსულში "ნიჭიერის" სცენამოსინჯული, ბავშვთა სახლში გაზრდილი, თმამოშვებული ნუკრი გამოჩნდა, რომელმაც სიმღერა თავის პატარა გოგონას მიუძღვნა. აღნიშნა, მინდა, მას მომავალი შევუქმნა, რადგანაც ბავშვთა სახლში ვარ გაზრდილიო. კონკურსანტს სოფო ნიჟარაძე დიდი სითბოთი გამოელაპარაკა, მისი სცენაზე ისევ დანახვა ძალიან გაუხარდა. ნომრის წარმოდგენის შემდეგ კი ისიც უთხრა, რომ მასში იყო რაღაც განსხვავებული. ანრი ჯოხაძე: "იმ მუსიკოსებისგან, რომლებიც დღეს ესტრადაზე არიან, მკვეთრად განსხვავებული ხარ, რაც მე მომწონს. გაქვს რაღაც ქარიზმა, კარიერის დასაწყისში მინდოდა ასეთი ვყოფილიყავი, მაგრამ მივიღეთ პეროგარჭობილი ანრი"... და მასთან ერთად, დარბაზმაც სიცილი დასცხო...

მოკლედ, ასეთი საყოველთაო მხიარულება და ვნებათაღელვა სუფევდა პროექტის ჩაწერისას, რომელშიც მაყურებელთან ერთად, უამრავი ადამიანი მონაწილეობს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები