გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" აპრილის ნომერი

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" აპრილის ნომერი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" აპრილის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" აპრილის ნომერი #4 (52), რომელშიც წაიკითხავთ:

რა მოხდა 1089 წელს - დავით აღმაშენებლის ტახტზე ასვლის თარიღის დაზუსტებისთვის

დავით IV აღმაშენებლის ტახტზე ასვლა დიდი ხანია აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ქართველ მკვლევართა შორის. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დავითი სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა ხელისუფლებაში, ხოლო მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ არავითარი გადატრიალება 1089 წელს არ მომხდარა და გიორგი II-მ თავისი ვაჟი გვერდით ამოიყენა, როგორც თანამოსაყდრე...

როდის უნდა გამართულიყო დავითის თანამოსაყდრედ კურთხევის ცერემონია? პირველად დავითის სახელი 1073 წელს გვხვდება გიორგი II-ის მიერ მღვიმისადმი გაცემულ სიგელში. მაგრამ აქ მცირეწლოვანი უფლისწული მხოლოდ ბიზანტიური ტიტულით - კურაპალატობით იხსენიება ("სალოცველად მეფობისა ჩემისა და ძისა ჩემისა დავით კურაპალატისა"). როგორც ჩანს, ბიზანტიის იმპერატორმა ახალდაბადებულ უფლისწულს სიმბოლურად მიანიჭა კურაპალატობა. რასაკვირველია, მცირეწლოვან დავითს ამ დროისთვის სამეფო ტახტზე არავინ აიყვანდა და ამიტომაც, გასაგებიცაა, რომ გიორგი II-ის სიგელში იგი ამ ტიტულით არ იხსენიება. თორმეტიოდე წლის შემდეგ კი დავით უფლისწული მამის გვერდით უკვე მეფედ იწოდება. სავსებით სამართლიანი ჩანს ვარაუდი, რომ გიორგი II-მ თურქ-სელჩუკების სულთან მალიქ-შაჰთან მოსალაპარაკებლად წასვლის წინ, დაახლოებით 1083 წელს, თავისი მხოლოდშობილი ვაჟი მეფე-თანამოსაყდრის პატივში აკურთხა. საქართველოს სამეფო კარისთვის ეს ახალი არ იყო, რადგანაც იგივე ნაბიჯი რამდენიმე ათეული წლის წინათ გადადგა გიორგი II-ის მამამ ბაგრატ IV-მ, როცა იგი ბიზანტიაში წავიდა და თანამოსაყდრედ შვილი დატოვა.

ზეციური ცეცხლის მოლოდინში - ვნების კვირა და აღდგომის დღესასწაული იერუსალიმში

აღდგომის დღესასწაულის ეპიცენტრს ქრისტეს აღდგომის (აღმოსავლური ტრადიციით), ანუ უფლის საფლავის (დასავლური ტრადიციით) გრანდიოზული და მრავალი თვალსაზრისით უნიკალური ტაძარი წარმოადგენს. აქ მდებარეობს ის წმინდა ადგილები, სადაც ორი უმნიშვნელოვანესი სახარებისეული მოვლენა მოხდა: იესო ქრისტეს ჯვარცმა გოლგოთის მთაზე და მკვდრეთით მისი სასწაულებრივი აღდგომა გამოქვაბულოვან საკრძალავში. ტაძრის მშენებლობა ამ ადგილას 326 წელს დაიწყო ელენე დედოფლის ინიციატივით და 335 წელს დასრულდა. 614 წელს ძველი ტაძარი სპარსელთა შემოსევას ემსხვერპლა. ის მალევე, 629 წელს აღადგინეს ჰერაკლე კეისრის ინიციატივით და იღუმენ თეოდოსი მოდესტის მეცადინეობით. ტაძარი კიდევ ერთხელ დაზარალდა 1010 წელს, იქ გაჩენილი ხანძრის შედეგად. 1099 წელს, იერუსალიმის აღების შემდეგ, ტაძრის ძირფესვიან განახლება-გადაკეთებას მიჰყვეს ხელი ევროპელმა ჯვაროსნებმა. დღევანდელი ტაძარი არსებითად სწორედ იმდროინდელ იერს ატარებს. ჯვაროსნების დროსვე მოექცა უფლის საფლავი და გოლგოთა ერთი გრანდიოზული ნაგებობის ფარგლებში...

ქართლის სამეფოს მონეტების განძი ოგბანიდან - მთიულეთში ქართული მონეტების განძი იპოვეს

საქართველოს მიწა-წყალი უამრავ საყურადღებო ისტორიულ რელიკვიას ინახავს. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მონეტებს, რომლებიც დროდადრო აღმოჩნდება ხოლმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და მკვლევართა დაინტერესებას იწვევს.

ამ ცოტა ხნის წინ, ქართლის სამეფოს სპილენძის მონეტების განძი იპოვეს შიდა ქართლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთიულეთის რეგიონში. ეს განძი ადგილობრივმა მცხოვრებმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს აღმოაჩინა თავის ნაკვეთში, რომელიც ნასოფლარ ოგბანის ტერიტორიაზე მდებარეობს. განძში თავმოყრილი მონეტები მოჭრილია თბილისის სამეფო ზარაფხანაში XVIII საუკუნის პირველ ოცწლეულში...

ბრმა დირიჟორი და უცნობი ქართული სამხედრო მუსიკა

121 წელი შესრულდა ერთ-ერთი პირველი ქართველი დირიჟორის, საქართველოს სახალხო გვარდიის ორკესტრის დამაარსებლის, ვალერიან ფელიქსის ძე მიზანდარის (1894-1926) დაბადებიდან. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია დამოუკიდებელი საქართველოს (1918-1921) სახალხო გვარდიის სასულე ორკესტრის რეპერტუარის გადარჩენილი ნაწილი, რომელიც 2010 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საცავში აღმოჩნდა. ეს არის ქართული პროფესიული მუსიკისა და კერძოდ, ქართული სამხედრო მუსიკის მდიდარი და შეუსწავლელი სანოტო მასალა (1915-1927).

როგორ იკვებებოდნენ რომაელი ლეგიონერები

რომის იმპერიის დასაყრდენი კარგად აღჭურვილი და დისციპლინებული ლეგიონები იყო. რომაელებმა შექმნეს რეგულარული არმიის სისტემა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში მოახერხა უზარმაზარი იმპერიის გაკონტროლება და მისი სიძლიერისა და სიმდიდრის დაცვა. ლეგიონთა დიდი ნაწილი განაწილებული იყო საზღვრისპირა სიმაგრეებსა და ბანაკებში, რათა იმპერიის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის შეჭრა არ დაეშვა. მუდმივი ჯარისთვის ჯამაგირის გადახდა და სურსათის მიწოდება საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა და დიდ სახსრებსაც მოითხოვდა, თუმცა რომაელები ამას საუკუნეების განმავლობაში ართმევდნენ თავს და თავიანთ ჯარს კარგად ამარაგებდნენ. რომის იმპერიის დასუსტებისა და ბარბაროსთა გამუდმებული შემოსევების დროს ეს სისტემა მოიშალა, რამაც იმპერიის სამხედრო ძლიერების დაქვეითებას შეუწყო ხელი. აღმოჩნდა, რომ IV-V საუკუნეებში დასავლეთ რომის იმპერიას, ფაქტობრივად, რეგულარული სამხედრო შენაერთები აღარ მოეპოვებოდა და დარჩა იმპერატორის სამსახურში მიწის საფასურად შესული ან მოქირავნე ბარბაროსების იმედზე, რამაც საბოლოოდ იმპერიას ბოლო მოუღო და მისი დაცემის ერთ-ერთი მიზეზიც გახდა.

ყველაზე საშიში პიროვნება ბალკანეთში

ივან მიხაილოვი, პარტიული ფსევდონიმი რადკო, მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაციის ლიდერი, გამოირჩევა სიმამაცით, ორგანიზატორული ნიჭით, ამბიციით. უნაკლოდ ფლობს ყველა სახის იარაღს, ხელჩართული ბრძოლის ილეთებს, ახასიათებს მკვეთრი ანტიკომუნიზმი, - ასე დახატეს სუკის ანალიტიკოსებმა ივან (ვანჩო) მიხაილოვის პოლიტიკური პორტრეტი. ინგლისური ინტელიჯენს სერვისი, გერმანული აბვერი და ეს-დე, საფრანგეთის დაზვერვა და საბჭოთა კა-გე-ბე ვანჩოს ბალკანეთში ყველაზე საშიშ პიროვნებად მიიჩნევდნენ. მიხაილოვის სახელს არაერთი ტერაქტი უკავშირდება. აქედან მარსელის აქციამ მსოფლიო რეზონანსი შეიძინა. ის ტერაქტი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ტერაქტად მიიჩნევა.

უცნობი ხელნაწერი წიგნი სვანეთის შესახებ

უნიკალური წიგნი, სახელწოდებით - "კავკაზსკაია ვაინა", რომელიც რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე III-ის ბიბლიოთეკაში ინახებოდა და სვანეთის პირველი სამეცნიერო სახის აღწერილობაა. აღმოჩნდა, რომ კრებული უმნიშვნელოვანეს ცნობებს შეიცავს სვანეთის არქიტექტურის, ეთნოგრაფიის, ისტორიისა და კულტურის შესახებ. მაგალითად, ინფორმაციას სვანეთში დაცულ ნივთებზე, რომლებიც თამარ მეფეს ეკუთვნოდა.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ნაზარეთში იესოს სახლს მიაკვლიეს?! - ბრიტანელი და ებრაელი სპეციალისტები თითქმის დარწმუნებული არიან, რომ ნაზარეთში სწორედ იმ სახლის ნაშთებს მიაკვლიეს, სადაც მაცხოვარი გაიზარდა

როგორ მწიფდებოდა "შარლი ებდოს" ტერაქტი

ნახატები წითელი ჯოჯოხეთიდან

რძიანი გზა ოქროს მთებისკენ - როგორც შენდებოდა შოკოლადის იმპერია

ბუდას ეტაპი... ბერებისთვის - ქანდაკებაში მუმიფიცირებული სხეული აღმოჩნდა

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები