გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მაისის ნომერი

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მაისის ნომერი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მაისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მაისის ნომერი #5 (53), რომელშიც წაიკითხავთ:

პირველი რესპუბლიკის ავიაცია

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს კავკასიის ფრონტის საავიაციო ტექნიკიდან მემკვიდრეობით რამდენიმე ათეული ფრანგული, ბრიტანული და რუსული წარმოების საფრენი აპარატი დარჩა. ეს აეროპლანები საკმაოდ მოძველებული იყო, რადგან მათი ნაწილი ან პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე აიგო, ან კიდევ ომის საწყის წლებში. ამ თვითმფრინავებზე დამონტაჟებული იყო მოძველებული ტიპის ძრავები, რომელთა საფრენოსნო რესურსი არათუ ამოწურული იყო, არამედ მათი გამოყენების ხანგრძლივობა უკვე რამდენჯერმე აჭარბებდა ძრავების საათობრივად განსაზღვრულ შესაძლებლობას. ამ საფრენი აპარატების მუშაობის შემხედვარე ბრიტანელმა მფრინავმა, რომელსაც ქართველმა კოლეგებმა ქართული თვითმფრინავით გაფრენა შესთავაზეს, მტკიცე უარი განაცხადა და ქართველ კოლეგებს უთხრა, - მე არც ისეთი გმირი ვარ, თქვენი აპარატებით გავფრინდეო...

მოძველებული და გაუმართავი საფრენი აპარატები, აეროდრომის ცუდი მდგომარეობა - ზედაპირის გაუთანაბრებლობა თუ არასტანდარტული ზომები, ასევე არცთუ იშვიათად მფრინავთა გამოუცდელობა - ხშირ საავიაციო კატასტროფებს იწვევდა. დაიწყო მსჯელობა ახალი აეროპლანების შეძენის შესახებ. 1919-1920 წლების სახელმწიფო ბიუჯეტში სამხედრო სამინისტროს ხარჯებში 10.979.640 მანეთი გადაიდო სამხედრო-საჰაერო ფლოტის შენახვისთვის და ახალი აეროპლანების საყიდლად. სანამ ქართველი პოლიტიკოსები და სამხედროები ახალი თვითმფრინავების შეძენისთვის ზრუნავდნენ, რუსეთის სამოქალაქო ომს გამოქცეული ბრიტანული წარმოების ლეგენდარული "სოფვიჩ ქემალის" ტიპის ოთხი აეროპლანი საქართველოს ციდან მოევლინა (პირდაპირი გაგებით). 1920 წლის დასაწყისში, როცა ბოლშევიკებმა ჩრდილოეთ კავკასია დაიკავეს, მოხალისეთა არმიის მე-6 ავიარაზმის თეთრგვარდიელმა მფრინავებმა მარტში თავს თბილისში გადმოფრენით უშველეს. ახალი გამანადგურებლები ქართული არმიის საავიაციო პარკს შეუერთდა...

პალესტინის ყველაზე ძველი მონასტრები და ქართველები / ქართველები წმინდა ხარიტონის სავანეებში - ფარანი, კარანტალი, პალავრა

წმინდა მიწაზე ქართველთა მოღვაწეობის არეალი მხოლოდ მათ მიერ ნაშენები ეკლესია-მონასტრებით არ შემოიფარგლება. ისინი პალესტინის ბევრ სახელოვან სავანეშიც მოსაგრეობდნენ ერთმორწმუნე ბერძნების, სირიელების, არაბებისა და სხვების მხარდამხარ; ქმნიდნენ იქ მწიგნობრული საქმიანობის მნიშვნელოვან კერებს. ქართული მწიგნობრობის ასეთ ცენტრებს განეკუთვნებოდნენ საბაწმიდა, პალავრა (ხარიტონწმიდა), სინას მთა, კაპპათა, გეთსიმანია და სხვ. წინამდებარე წერილში მკითხველის ყურადღებას წმინდა ხარიტონისეულ სავანეებზე შევაჩერებთ. მათდამი ინტერესს ზრდის ის ფაქტი, რომ ქვემოთ განხილული სამიდან ორ სავანეში ოდესღაც ქართველი ასკეტი ბერებიც იღვწოდნენ.

აღიარებულია, რომ იუდეის უდაბნოში სამონასტრო ცხოვრებას საფუძველი IV საუკუნის მეორე მეოთხედში ჩაეყარა, როდესაც ამ მხარეში გამოჩნდა იკონიელი (მცირე აზიაშია) ასკეტი ბერი ხარიტონი (+350). მან ერთმანეთის მიყოლებით 15 წელიწადში დააარსა სამი დიდი სამონასტრო კერა. ფარანის (არაბ. "დეირ ფარან") მამათა მონასტერი უძველესია მთელ პალესტინა-ისრაელში... ფარანის ლავრაში ოდესმე ქართველთა ყოფნის ფაქტი, ამის დამადასტურებელი მყარი საბუთის უქონლობის გამო, ჯერჯერობით ვერ მტკიცდება. თუმცა, იმავე (ანუ ვადი კელტის) ხეობაში მდებარე ხოზივას (ქოზიფას) ლავრაში, მაგალითად, სხვების გვერდით ქართველი ბერების ყოფნა ეჭვს არ იწვევს...

აფხაზები პირველი დიდი არჩევანის წინაშე

აფხაზეთი, რუსეთის 1917 წლის თებერვალ-მარტის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციიდან მოყოლებული, 1921 წლის 4 მარტის ჩათვლით, დანარჩენ საქართველოსთან ერთად, ურთულეს ისტორიულ ვითარებაში იმყოფებოდა. ამასთანავე, ჩვენი საერთო ისტორიის ეს მონაკვეთი, საბჭოთა ტრადიციისამებრ, აფხაზ და ქართველ ისტორიკოსთა მიერ უაღრესად დამახინჯებული სახით წარმოგვიდგებოდა.

ქართველმა ისტორიკოსებმა თუ საბჭოთა სოციალურ-ეკონომიკური სისტემის გადაგების შემდგომ თვალსაჩინო ნაბიჯები გადადგეს 1917-1921 წლების ისტორიის ობიექტური აღქმის თვალსაზრისით, აფხაზი ისტორიკოსები, უნდა ითქვას, ძირითადად ტრადიციულ (საბჭოურ) განაზრებას სჯერდებიან (განსაკუთრებით ეს ითქმის "მენშევიკური" საქართველოს საკითხზე). ამგვარი პოზიცია მათ თანამედროვე რუსულ ისტორიოგრაფიასთან აახლოებს, რომელიც ვერა და ვერ გათავისუფლებულა წინანდელი სტერეოტიპებისაგან.

უშკუინიკები - შუა საუკუნეების რუსი ვიკინგები / თავზეხელაღებულმა მეკობრეებმა ოქროს ურდოს დედაქალაქი სამჯერ დალაშქრეს

ვიკინგების ეპოქის დასრულების შემდეგ, XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, ევროპაში სკანდინავიელთა მოულოდნელმა საზღვაო თავდასხმებმა იკლო და მალე წარსულსაც ჩაჰბარდა. ამ დროისთვის ევროპის შორეულ აღმოსავლეთში, უზარმაზარი მდინარე ვოლგისა და მისი შენაკადების აუზში მეკობრეობა დაიწყეს ადამიანებმა, რომელთაც უშკუინიკებს უწოდებდნენ. ეს მდინარის მეკობრეები სანაპირო ქალაქების ნამდვილ რისხვად იქცნენ. ისინი მოქმედებდნენ ვიკინგების მსგავსად. იყენებდნენ ბრტყელძირიან, ვიკინგური დრაკარის მსგავს ხომალდებს, მოდიოდნენ მოულოდნელად, ძარცვავდნენ დასახლებებს და მიერეკებოდნენ ტყვეებს, იპყრობდნენ ნოვგოროდის რესპუბლიკის მიმდებარე ტერიტორიებს. მონღოლთა წინაშე ქედმოხრილი მთავრებისგან განსხვავებით, არ ეპუებოდნენ არც ოქროს ურდოს ძლიერებას. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის მთავართა ნებით, მათი სახელი ისტორიიდან წაიშალა, უშკუინიკთა საგმირო საქმეები მაინც შემორჩა ხალხურ თქმულებებსა და მატიანეთა ისეთ გვერდებზეც კი, სადაც მათზე პირდაპირი მინიშნება არ არსებობს.

საკაჯავია / ყველაზე ცნობილი ინდიელი ქალი ამერიკაში

შეკითხვაზე, ვინ არის ყველაზე ცნობილი ქალი ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა შორის, უმრავლესობა უპასუხებს - პოკაჰონტასი, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ათიდან ცხრა შემთხვევაში სხვა ადამიანს დაგისახელებენ - საკაჯავიას. ეს 16 წლის ინდიელი გოგონა ლემჰი შოშონების ტომიდან, ქმარსა და ახალშობილ ვაჟთან ერთად, დაადგა ურთულეს გზას მერიუეზერ ლუისისა და უილიამ კლარკის ექსპედიციასთან ერთად. მათ გაიარეს უზარმაზარი ტერიტორია ჩრდილოეთი ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპიროდან წყნარი ოკეანის სანაპირომდე. მთელი ლაშქრობის განმავლობაში ექსპედიციის მეგზური სწორედ საკაჯავია გახლდათ.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

საქართველოს რეპრესირებული ეკლესია - "ასეთი სიმკაცრით, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, არსად არ წარმოებულა სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლა"

ქართული "კუნძულები" თურქეთში - თორნიკე ერისთავის ნაკვალევიდან სტამბოლის ქართულ სავანემდე მოჰენჯო-დაროს

"მლაშე" ხვედრი - აზიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი იშლება

პალასიო და პენა - პორტუგალიის მარგალიტი - XIX საუკუნის სასახლე ქვეყნის შვიდ საოცრებათა ნუსხაშია შეტანილი

ყალბია თუ არა ეგვიპტური "მონა ლიზა"?! - უძველესი ეგვიპტური შედევრი, რომელსაც მკვლევართა ნაწილი ეგვიპტური მხატვრობის "მონა ლიზად" მოიხსენიებს, შეიძლება XIX საუკუნის ნაყალბევი აღმოჩნდეს

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები