ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივნისის ნომერი გამოვიდა

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივნისის ნომერი გამოვიდა

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივნისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივნისის ნომერი #6 (54), რომელშიც წაიკითხავთ:

ჰიტლერის უკანასკნელი დღეები - (მიხეილ ჭიაურელის პირად არქივში აღმოჩენილი უნიკალური დოკუმენტების მიხედვით)

ექვთიმე თაყაიშვილის ტაო-კლარჯეთში მოწყობილ ექსპედიციათა მასალების შესწავლისას დავინტერესდით რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის არქივით, რომელიც საქართველოს ხელოვნების სასახლეში ინახება. როგორც ცნობილია, 1917 წელს ტაო-კლარჯეთში თავის რიგით მესამე ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილს მიხეილ ჭიაურელი ახლდა. რეჟისორმა დიდი დახმარება გაუწია ექსპედიციას, რასაც თავად ექვთიმეც არაერთხელ აღნიშნავდა. არქივზე მუშაობისას ჩემი ყურადღება მიიქცია რამდენიმე საინტერესო დოკუმენტმა, რომელიც ნაცისტური გერმანიის ლიდერს - ჰიტლერს ეხებოდა. საუბარი იყო ფიურერის ცხოვრების ბოლო დღეებზე, ე.წ. ბუნკერის პერიოდზე, ასევე მის თვითმკვლელობაზე. მასალა ერთი შეხედვითაც მეტყველებდა, რომ საქმე გვქონდა იმ დროისთვის "საიდუმლო" გრიფით დაცულ დოკუმენტებთან. აღნიშნული მასალა მიხეილ ჭიაურელს აშკარად კა-გე-ბეს ფონდებიდან ჰქონდა მიღებული. ამას ისიც ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის საარქივო დოკუმენტები საბჭოთა უშიშროების სპეცფონდებში ინახებოდა.

ჰიტლერის თვითმკვლელობის შემდეგ მოკავშირეებმა ცალ-ცალკე შექმნეს საგამომძიებლო ჯგუფები, რომლებიც ჰიტლერის ბუნკერში მყოფთა შესახებ ყველა სახის მასალას აგროვებდნენ. საბჭოთა მხარე ამ თვალსაზრისით მდიდარ მასალას ფლობდა. საბჭოთა საგამომძიებლო ჯგუფის მასალის გარდა, ყველა სხვა სახელმწიფოს შესაბამისი სამუშაო ჯგუფების ნამუშევარი გამოძიების დასრულების შემდეგ მალევე გასაჯაროვდა. გამონაკლისი იყო საბჭოთა უშიშროება, რომლის მასალებს დიდი ხნის განმავლობაში ედო გრიფი "საიდუმლო". 2000 წელს მოსკოვში გამოვიდა აღნიშნული დოკუმენტების კრებული. მათი შესწავლა ცხადყოფს, რომ მიხეილ ჭიაურელის არქივში დაცულია სწორედ ამ მასალის ერთი ნაწილი, რომელიც რეჟისორს სჭირდებოდა მხატვრული ფილმისთვის - "ბერლინის დაცემა". იმ დროისთვის ეს იყო გასაიდუმლოებული დოკუმენტები. ამასთანავე, მიხეილ ჭიაურელის არქივში შემონახული მასალა ნაწილობრივ განსხვავდება რუსეთის უშიშროების არქივში დაცული მასალისგან. როგორც ჩანს, რეჟისორისთვის გადმოცემული ზოგიერთი დოკუმენტი უშიშროების თანამშრომლების მიერ შედგენილი მოკლე ვარიანტებია და არა მთლიანი დაკითხვის ოქმები. ამასთან, მიხეილ ჭიაურელს ხელი მიუწვდებოდა ინგლისელთა და ამერიკელთა გამოძიების მასალებზეც...

ვატერლოო - ისტორიის შემობრუნება

ვატერლოოს ბრძოლა ნაპოლეონის, ამ დიადი სამხედრო და პოლიტიკური გენიის უკანასკნელი, ძალუმი ამოსუნთქვა და საფრანგეთის პირველი იმპერიის დასასრული იყო. ამ ბრძოლით დასრულდა ნაპოლეონის ომების ეპოქა. მიუხედავად იმისა, რომ "ასი დღე" ნაპოლეონისთვის წარუმატებლად წარიმართა, მის ბობოქარ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა. ამ ბრძოლაში მოიპოვა დიდება ინგლისელთა იმ დროის ერთ-ერთმა საუკეთესო სამხედრო მოღვაწემ, სერ არტურ უელსლიმ, ველინგტონის ჰერცოგმა. იგი პირველად დაუპირისპირდა ნაპოლეონს და თავისი სამხედრო ნიჭი კარგად წარმოაჩინა. გამოსარჩევია ნაპოლეონის ომების კოლორიტული ფიგურის, პრუსიელი ფელდმარშლის, გებჰარდ ლიბერეხტ ფონ ბლიუხერის სიმამაცე და გამარჯვების წყურვილი. სწორედ მისი დახმარებით შეძლო ველინგტონმა იმპერიის უძლეველი არწივის დამარცხება და დიდების მოპოვება. ვატერლოოს ბრძოლა თავდაცვითი ბრძოლის მშვენიერი ნიმუშია, ასევე კარგად ჩანს, რამხელა მნიშვნელობა ენიჭება სისწრაფესა და დროულ ინფორმირებას, ინიციატივის უნარს სამხედრო მეთაურებში, ბრძოლის ველს, ამინდსა და საბრძოლო პოზიციებს.

რარიტეტული წიგნი "მცხეთა და მისი ტაძარი სვეტიცხოველი"

რედაქციაში რარიტეტული წიგნი მოიტანეს. აი, ისეთი, სურვილს რომ გაგიჩენს, მკვლევრის თეთრი ხელთათმანი მოირგო, გადაფურცლო და საქართველოს ისტორიის უძველეს პერიოდში ამოჰყო თავი. წიგნი 115 წლის შემდეგაც შთამბეჭდავად გამოიყურება. ავტორი "ვინმე" (თუ რატომ "ვინმე", ამაზე ქვემოთ) ნატროევია, წიგნს კი ასე ჰქვია - "მცხეთა და მისი ტაძარი სვეტიცხოველი". რუსულ ენაზე შესრულებული ეს ფუნდამენტური ნაშრომი 500-ზე მეტ ნაბეჭდ გვერდსა და უამრავ უნიკალურ ილუსტრაციას შეიცავს. ტაძრებისა და მათი დეტალების ფოტოსურათები წიგნში აკურატულად არის ხელით ჩაკრული. რამდენიმე ისეთ ფოტომასალასაც წავაწყდით, რომელიც სხვაგან არსად შეგვხვედრია. "იღბლიან" მფლობელს ვთხოვეთ, რამდენიმე დღით საშუალება მოეცა, ამ რარიტეტს გავცნობოდით...

აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას უცნობი წერილი - ქართული საეკლესიო განძეულისა და არქიტექტურის ძეგლების გადასარჩენად

საქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბოლშევიკებმა არაერთი მოქმედი ტაძარი დახურეს. დაიწყო სასულიერო პირების დევნა. გორის მაზრის ტაძრებისა და საეკლესიო ქონების გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა გამოჩენილმა ისტორიკოსმა სიმონ ჯანაშიამ.

სიმონ ჯანაშიამ გორის მაზრის ტერიტორიაზე არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლები საგანგებოდ შეისწავლა და მოხსენებითი ბარათით მიმართა გორის მაზრის აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც წამოჭრა მაზრის ტერიტორიაზე არსებული არაერთი ტაძრისთვის, როგორც ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლისთვის, ხელისუფლებისგან საგანგებო ყურადღების მიქცევის საკითხი... შიდა ქართლში არსებული ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან ბოლშევიკების რისხვას ბევრი ქმნილება გადაურჩა და ამ საქმეში განუზომლად დიდი გახლდათ აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას დამსახურება.

დიდი სქიზმა - როგორ გაიხლიჩა ქრისტიანული სამყარო

1054 წლის 16 ივნისს, კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიის ტაძარში მსახურების დაწყების წინ კარდინალი ჰუმბერტი, პაპის ორი ლეგატის თანხლებით, ტაძარში შევიდა და საკურთხევლისკენ გაემართა. ლეგატებმა საკურთხეველზე დადეს პაპის ბულა განდგომის შესახებ და გავიდნენ. დასავლეთის შესასვლელიდან გასვლისას, კარდინალმა მტვერი დაიბერტყა ფეხებიდან და წარმოთქვა: "დაე, უფალმა ნახოს და განსაჯოს". ეს ინციდენტი პირობითად მიიჩნევა ბერძნულ აღმოსავლეთსა და ლათინურ დასავლეთს შორის დიდ განხეთქილებად, ანუ სქიზმად, რამაც საფუძველი დაუდო ქრისტიანობის ორ მიმართულებას: მართლმადიდებლურსა და კათოლიკურს.

შერიგების მცდელობამ მდგომარეობა მხოლოდ გააუარესა. რომისა და კონსტანტინოპოლის დავა დიდწილად უბრალო ქრისტიანთა ყურადღების მიღმა მიმდინარეობდა. მომხდარის გაცნობიერება ქრისტიანთა ფართო მასებმა მხოლოდ თანდათან, ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყების შემდეგ დაიწყეს.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ვატერლოოს განტევების ვაცი - ემანუელ გრუში

თეოდორ რუზველტი: "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" - 26-ე პრეზიდენტი ამერიკის ზესახელმწიფომდე აღმასვლის სიმბოლოდ იქცა

ქართველ არგონავტთა ფათერაკებიანი თავგადასავალი კოლხეთში - მითური არგონავტების ხომალდი, ტიმ სევერინზე ადრე, საქართველოში ააგეს

შარდენის საქართველოში მოგზაურობის `დასასრული"

თბილისის დედაციხე - ნარიყალა

ისრაელში ერთ-ერთი უძველესი ღვინის მარანი აღმოაჩინეს

თავდასხმა სლოვაკეთის პრეზიდენტზე - რატომ ააფეთქეს კიევ-პეჩორის ლავრის უსპენსკის ტაძარი

რატომ არ იღიმებოდნენ ფარაონები

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები