ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივლისის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივლისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივლისის ნომერი #7 (55), რომელშიც წაიკითხავთ:

თავდაცვის სისტემა შავშეთ-კლარჯეთში - ისტორიული სამხრეთ საქართველოს ციხესიმაგრეები

ტაო-კლარჯეთის სიძველეებისადმი ქართველი საზოგადოების ინტერესი არასოდეს განელდება. გასაგები მიზეზების გამო, ტაო-კლარჯეთი ქართველ მეცნიერებს გაცილებით ნაკლებად აქვთ შესწავლილი, ვიდრე სხვა ქართულ ისტორიულ მხარეთა უმეტესობა. ამიტომაც დღეს ხშირად გვესმის ტაო-კლარჯეთიდან საინტერესო სიახლეების შესახებ... ტაო-კლარჯეთი დამკვიდრებული პირობითი სახელია საქართველოს არაერთი ისტორიული პროვინციისა (არტაანი, ერუშეთი, ფოცხოვი, ჩრდილი, კოლა, სპერი, ბასიანი, იმიერ ტაო, ამიერ ტაო, შავშეთი, კლარჯეთი, იმერხევი და სხვ.). კვლევა ეტაპობრივად ყველა ამ პროვინციას მოიცავს... საერთო ჯამში, ექსპედიციამ 20-ზე მეტი საფორტიფიკაციო ნაგებობა - ციხესიმაგრე, ციხე-ქალაქი, ნასახლარი, კოშკი და მასზე არსებული საყოფაცხოვრებო ნაგებობები და ეკლესიები მოინახულა. ყველა აიზომა, მოხდა ციხეების, მიმდებარე ნაგებობებისა და ეკლესიების დეტალური ფოტოფიქსაცია, აღირიცხა შემორჩენილი ადგილობრივი ქართული ტოპონიმები და სხვ. მომდევნო ექსპედიციისას იგეგმება კლარჯეთის დარჩენილი ძეგლების შესწავლა.

ჯვრის მონასტერი "დედინაცვლის" ხელში - იერუსალიმის ყოფილი ქართული ბასტიონი გაპარტახების გზაზეა

ჯვრის მონასტერი სამართლიანად მიიჩნევა წმინდა მიწის ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ძეგლად. მართალია, ის უკვე დიდი ხანია ქართველთა კუთვნილებას აღარ წარმოადგენს (დღეს იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია), მაგრამ მისი ოდინდელი ქართულობის შესახებ უფლის ქალაქში დიდმა თუ პატარამ, ყველამ მეტ-ნაკლებად უწყის... 1985 წელს იერუსალიმის იმჟამინდელმა პატრიარქმა დიოდოროსმა ჯვრის მონასტრის კარი მნახველთათვის ოფიციალურად გახსნა. მონასტრის ისტორიული ნაწილი მუზეუმად გამოცხადდა, თუმცა მის მეორე სართულზე დღემდე მოქმედებს მცირე სამლოცველო და მონასტერს უწინდებურად ჰყავს წინამძღვარიც. სამწუხაროდ, მუზეუმის სტატუსმა მონასტრის ქართული არტეფაქტების დაკარგვა-განადგურების პროცესი მაინც ვერ შეაჩერა. ტაძრის კედლებიდან მოჭრეს და აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს უძველესი ფრესკები, რომელთაგან სამის შეძენა შეძლო ცნობილმა მეცენატმა ბადრი პატარკაციშვილმა. ორი მათგანი ამჟამად სიონის საკათედრო ტაძრის კედლებს ამკობს, ერთიც - სვეტიცხოვლისას. 2004 წლის ზაფხულში მომხდარმა ვანდალიზმმა კი გულწრფელად შეძრა საზოგადოებრიობა როგორც საქართველოში, ისე ისრაელში. უცნობებმა ხელყვეს შოთა რუსთველის ფრესკა, ბასრი საგნით ჩამოფხიკეს მისი სახე... ვანდალიზმის მცირე გამოვლინებები ჯვრის მონასტერში ამის შემდგომაც ხდებოდა... უძველეს ფრესკებზე ყოველწლიურად ჩნდება უგუნური პილიგრიმ-ტურისტთა ნაჩხაპნი ავტოგრაფები ბერძნულ, რუსულ, სომხურ და რაც ყველაზე გულსატკენია, ქართულ ენაზეც!.. მონასტრის სიღრმეებშიც შევაღწიეთ. ნანახმა მძიმე შთაბეჭდილება დაგვიტოვა. ვიხილეთ სრულიად მიტოვებული, ჩაბნელებული, ნაგვით სავსე სათავსები. მონასტრის ქვედა სართულზე ოთახ-ტალანებში წყლითა და ნესტით გაჟღენთილი კედლების ბათქაში ჩამოშლილია. სავალალოდ გამოიყურებოდა მონასტრის სატრაპეზო წყლის ვეება გუბეებით იატაკზე. მონასტრის საკნები გაურკვეველ ბინადრებს უჭირავთ. მესამე სართულის გრძელ და ფართო ბაქანზე გაჭიმულ თოკებზე მათი სარეცხიც კი ფრიალებდა. მონასტერი, როგორც ასეთი, ფორმალურად მოქმედებს და დღეს ის უფრო საერთო საცხოვრებელს მოგაგონებთ. მონასტრის ეზოში "მასპინძლებს" მცირე კაფე გაუმართავთ. იქვეა სუვენირების მაღაზიაც, რომლის გაგრძელებაზე, ვოლიერში შინაური ფრინველები და კურდღლები ჰყავთ მოშენებული. მნახველებს მოლაპარაკე ეგზოტიკური თუთიყუშები ართობენ...

ქართველი თეოლოგიის პროფესორის პარიზული ისტორია - სამშობლოში დაბრუნებული ივანე კვაჭაძე 13-წლიან ჩეკისტურ წნეხს შემთხვევით გადაურჩა

სახელოვანი მეცნიერისა და მამულიშვილის, ივანე კვაჭაძის ცხოვრება დრამატულად წარიმართა. ბავშვობიდანვე ცოდნის დაუფლებისადმი სწრაფვამ განაპირობა გადაწყვეტილება, უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მიეღო. ივანე კვაჭაძე გახდა პარიზის კათოლიკური უნივერსიტეტის პირველი და დღემდე ერთადერთი ქართველი დოქტორი ფილოსოფიურ თეოლოგიაში. საქართველოში მოულოდნელად დაბრუნების შემდეგ (რამდენჯერმე ბეწვზე გადაურჩა ჩეკისტთა რეპრესიებს) პირველმა დაამუშავა ფრანგული ენის სწავლების მეთოდიკის საფუძვლები და ამ განხრით საქართველოში პირველი დოქტორი გახდა...

სირანო დე ბერჟერაკი - სამეცნიერო ფანტასტიკის წინამორბედი / კარგად ცნობილი დრამატურგიული პერსონაჟის "მთვარის უკანა მხარე"

სირანო დე ბერჟერაკის სახელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახადა ფრანგმა პოეტმა და დრამატურგმა ედმონ როსტანმა. 1897 წელს მან დადგა საგმირო კომედია "სირანო დე ბერჟერაკი"... ნაწარმოების შექმნისას როსტანი ნაწილობრივ ისტორიულ რეალობას ეყრდნობოდა, მაგრამ სინამდვილეში არსებობდა სრულიად განსხვავებული და იდუმალებით მოსილი, გამოუცნობი სირანო დე ბერჟერაკი. სირანო, როგორც მეცნიერი, გამომგონებელი და მოაზროვნე. თავის ნაშრომებში ბერჟერაკი ხან დეტალურად და ხანაც ზოგადად აღწერს ისეთ სამყაროს, რომელიც უბრალოდ ვერ იარსებებდა XVII საუკუნეში. მის თხზულებებში დაცული ინფორმაცია ძალიან უცნაური და დაუჯერებელია, რადგანაც ძალიან შორსაა იმ ეპოქის ინტელექტუალური თუ სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალისგან. ბერჟერაკის თხზულებებს შორის ყველაზე ცნობილია რომანების დილოგია "სხვა შუქი" - "მთვარის სახელმწიფოებისა და იმპერიების კომიკური ისტორია" და "მზის სახელმწიფოები და იმპერიები". რაც უნდა საკვირველი იყოს, ბერჟერაკი აყალიბებს თერმოდინამიკის, ბგერის გავრცელების პრინციპებს... თხზულებებიდან ირკვევა, რომ სირანო ფლობდა განსაზღვრულ ცოდნას სინათლის კორპუსკულარული თეორიის შესახებ. თავის ნაშრომებში ბევრს საუბრობს რაკეტებზე, კოსმოსზე, ასევე კოსმოსში გადაადგილების საშუალებებზე. ბერჟერაკი აღწერს უწონობას, რაკეტის კოსმოსში მოძრაობისას მისი სიჩქარის მომატებისა თუ დამუხრუჭების ეფექტებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ იგი ასევე აღწერს თავის განცდებს ამ ეფექტების ზემოქმედების შედეგად. სირანოს ეს შთაბეჭდილების აღწერილობა უკიდურესად ემთხვევა თანამედროვე კოსმონავტის კოსმოსურ ფრენათა შთაბეჭდილებათა დღიურს. ასეთი მოვლენების აღწერა მათი განცდის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია, მით უმეტეს, იმ კაცის მხრიდან, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ცხენით ან ეტლით მგზავრობდა.

დადიანების სასულიერო დინასტია უნგრეთში - როგორ გაარიდა ქართველმა სამხედრომ უნგრული რევოლუციის ლიდერი ცარისტულ არმიას

უნგრეთში პირველი დადიანი, სახელად გიორგი, 1741 წლის ხელნაწერშია მოხსენიებული. ის XVII საუკუნეში საქართველოდან ტახტის მემკვიდრეობისთვის ატეხილი დავის გამო გაქცეულა ჯერ ოსმალეთში, შემდეგ კი ევროპაში. უნგრელები დადიანის გვარს შემოკლებით, "დადანის" სახით წერენ და გამოთქვამენ. საარქივო დოკუმენტაციაში უნგრელი დადიანების წინაპრად ლევან IV (1683-1691) დადიანია დასახელებული. ცნობილია, რომ იგი ლევან III დადიანის უკანონო შვილი იყო., ისტორიული წყაროებით, უნგრეთის ქალაქის, მიშკოლცის წმინდა სამების მართლმადიდებლური ტაძარი თავის მამულში აუშენებიათ დადიანებს. მოგვიანებით ქალაქის ქრონიკაშივე მოხსენიებულია ბუდაპეშტის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და მასთან არსებული ორთოდოქსული ეპარქიის ერთ-ერთი დამაარსებელი ნაუმ დადიანი. სავარაუდოდ, ბუდაპეშტისა და მიშკოლცის ტაძრები ნაუმმა ააგო, რადგან მათი აშენების ნებართვა ნაუმის მოღვაწეობის პერიოდში, კერძოდ, 1783 წელსაა გაცემული.

ქართველებისა და უნგრელების ურთიერთობის შესახებ 1993 წელს უნგრეთის ერთ-ერთ გაზეთში პუბლიცისტ კადარ ზოლტანის სენსაციური სტატია გამოქვეყნდა. ავტორის ვარაუდით, უნგრეთის სახელმწიფოს დამაარსებლის, გამაქრისტიანებლისა და პირველი მეფის, იშტვან (სტეფანე) პირველის (997-1038) გვირგვინი ქართველმა ოსტატებმა შექმნეს... ზოლტანი ასკვნის, რომ გვირგვინი იშტვანის მეფობის დროს ხელმეორედ ქართველებს, კერძოდ, ხახულის კარედი ხატის (X-XII სს.) ოსტატებს შეუმკიათ. სწორედ ამით აიხსნება გვირგვინზე მოთავსებული მინანქრის მედალიონებისა და ხახულის ტრიპტიქონის დიდი მსგავსება.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

კირილე ზდანევიჩის "გზანი წამებისანი"

სინდისგომის ეკლესია არტაანში

აფხაზეთი 1921-1931 წლებში

ფიურერის აგონია

ქართული მხატვრობა დასაბამიდან დღემდე

საქართველო ჯაჭვის პერანგში

ლატვიის გასაბჭოების ქრონიკები

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები