ნიკა გვარამია - აქიმიძე და დვალი არიან მთავრობის ახალი ფსევდონიმები

ნიკა გვარამია - აქიმიძე და დვალი არიან მთავრობის ახალი ფსევდონიმები

აქიმიძე და დვალი არიან მთავრობის ახალი ფსევდონიმები, როგორც აქამდე იყო ქიბარ ხალვაში, - ასე ეხმაურება "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებებს. მისი თქმით, დვალი და აქიმიძე იმ სქემის ახალი ჭანჭიკები არიან, რომლითაც ივანიშვილი უტევს "რუსთავი 2"-ს.

"აქიმიძე და დვალი არიან მთავრობის ახალი ფსევდონიმები, როგორც აქამდე იყო ქიბარ ხალვაში. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მთავრობის რამდენი ჭანჭიკი დაუპირისპირდება თავისუფალ მედიას. ეს არის ერთიანი სქემა, რომლითაც ივანიშვილი უტევს რუსთავი 2-სა და მასთან ერთად დემოკრატიას საქართველოში. დვალი და აქიმიძე ამ სქემის ახალი ჭანჭიკები არიან, რომელთაც არავითარი დასაბუთებული სამართლებრივი პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეთ სულ მცირე, იმის გამო, რომ ხანდაზმულობის ყოველგვარი ვადა მათი პრეტენზიებისთვის არის გასული. დანარჩენი მათ შესახებ, რა ოდენობის თანხა აიღეს, როდის და ვისგან იცოდა ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს და რომელიც სიკვდილამდე ჩემთან პირადად საუბარში აცხადებდა შემდეგს: მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ივანიშვილი აქიმიძის, დვალისა და ქიბარ ხალვაშის გაერთიანებული ძალისხმევით აპირებს რუსთავი 2-ზე შეტევის განხორციელებას, მე აუცილებლად თქვენკენ ვიქნები და ვიტყვი, რომ მათი მოთხოვნები არ შეესაბამება რეალობას. ამ საუბრიდან სულ რამდენიმე კვირაში ის უკვე ცოცხალი აღარ იყო", - ნათქვამია ნიკა გვარამიას განცხადებაში.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან, რომელსაც "ლიბერალი" საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. მათი განცხადებით, "რუსთავი 2" არის ნაციონალური მოძრაობის მიერ მკაცრად კონტროლირებადი პარტიული ტელევიზია, ასრულებს მის პოლიტიკურ დაკვეთას და საერთო არაფერი აქვს დამოუკედებელ მედიასთან. "ინტერპრესნიუსი" ყოფილი მფლობელების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო დროს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო უამრავი ადამიანი და მედიასაშუალება გვიკავშირდება, გვთხოვს კომენტარს თუ პოზიციის დაფიქსირებას. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით განვაცხადოთ შემდეგი. სამართლებრივ პროცესს ალტერნატივა არ გააჩნია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ის ჭეშმარიტების დადგენის და სამართლიანობის აღდგენის ერთადერთ გზას წარმოადგენს.

იმედი გვაქვს სასამართლო პროცესი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მიუკერძოებელი. ის შეძლებს გამოავლინოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს "რუსთავი2"-ის სახით მედიის თავისუფლებაზე ძალადობის და მანიპულირების დანაშაულებრივ სისტემას, რომელსაც 2004 წლიდან სახელმწიფო თანმიმდევრულად ახორციელებდა. ამ პროცესმა გადამყვეტი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. შედეგად, თავისუფალი ტელევიზიის ნაცვლად საზოგადოებამ ერთი პარტიის საკუთრებაში არსებული პროპაგანდისტული მანქანა მიიღო. ამ პოლიტიკური ძალადობის და პარტიული ტერორის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, როგორც "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები, ჩვენ აღმოვჩნდით.

ამორალობად მიგვაჩნია მცდელობა, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მედიასაშუალების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება მიჩქმალულ იქნას და გასაღდეს როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. ორმაგად ცინიკურია ამგვარი განცხადებების მოსმენა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც თავისი მმართველობის პერიოდში ძალ-ღონე არ დაიშურეს, რათა მოესპოთ სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში.

მივმართავთ ყველას – საზოგადოებას, ქართულ და უცხოურ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს - გავუსწოროთ თვალი რეალობას - დღეს "რუსთავი 2" არის ნაციონალური მოძრაობის მიერ მკაცრად კონტროლირებადი პარტიული ტელევიზია, ასრულებს მის პოლიტიკურ დაკვეთას და საერთო არაფერი აქვს დამოუკედებელ მედიასთან", - აღნიშნულია აქიმიძისა და დვალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები