გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომერი

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომერი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომერი #9 (57), რომელშიც წაიკითხავთ:

სინაის მთა - უფლის რჩეული სავანე / ქართველები წმინდა ეკატერინეს მონასტერში

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის შუაგულში მდებარე წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში თითქმის 15 საუკუნეა, უწყვეტად მიმდინარეობს ასკეტი ბერების წირვა-ლოცვა. ეს მართლაც უფლის რჩეული სავანე ქრისტიანობის პატარა კუნძულივითაა მუსლიმურ ოკეანეში. მისდამი მოწიწებას გამოხატავენ არა მხოლოდ სხვადასხვა კონფესიის მიმდევარი ქრისტიანები, არამედ მაჰმადიანებიცა და იუდეველებიც.

სწორედ აქ, ამ მიდამოებში დადიოდა ღმერთი და წინასწარმეტყველ მოსეს პირით ესაუბრებოდა მის რჩეულ ხალხს; ძველი აღთქმის მიხედვით, პირველად აქ გამოუცხადა მან თავის ერს ღვთიური მცნებები. ეს ყველაფერი, ბიბლიის თანახმად, მოხდა ქორიბის, იმავე სინაის ან მოსეს მთის (არაბ. "ჯებელ მუსა") მწვერვალზე, რომელიც თავს დაჰყურებს მის ძირში, 700 მეტრით დაბლა მდებარე წმინდა ეკატერინეს სახელგანთქმულ მონასტერს; ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, დგას ზუსტად იმ ადგილას, სადაც მოსემ ალმოდებული და მაინც შეუწველი მაყვლოვანი იხილა. სინაის მთის მისტიკური სანახები, მორწმუნეებთან ერთად, დღეს უბრალო მნახველებსაც მრავლად იზიდავს მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან.

"ჟამი საშინელი და სანატრელი" - ეფრემ II ერთადერთი პატრიარქია, რომელმაც საბჭოთა რეპრესიების დროს 7 წელიწადი შორეულ გადასახლებაში გაატარა

საქართველოს საპატრიარქოს არქივის საცავებში მრავალი საინტერესო მასალაა თავმოყრილი, ფასდაუდებელი და უნიკალური დოკუმენტები. მისი უწმინდესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საშუალება მოგვეცა გავცნობოდით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ II-ის პირად საქმეს, რომელიც რამდენიმე ათეულ სქელტანიან საქაღალდეს მოიცავს. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II ერთადერთი პატრიარქია, რომელმაც საბჭოთა რეპრესიების დროს 7 წელიწადი შორეულ გადასახლებაში გაატარა...

მამაპაპური სახვნელიდან გუდა-სტვირამდე - ტაო-კლარჯეთის სოფლები და ქართული ყოფა

გრძელდება მოგზაურობა ისტორიულ საქართველოში - თურქეთის რესპუბლიკაში შემავალ იმ ტერიტორიაზე, რომელიც წარსულში ჩვენი ქვეყნის სამხრეთ კარიბჭეს წარმოადგენდა. პარხლისწყლის ხეობა, ჭილათის ჭალა, პარხლის ტაძარი, ბალხი, ქობაი, ხევაი და სხვა უამრავი ქართული ტოპონიმი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართველთა სამკვიდროში, ტაოში ვართ, რომელთა ბინადართ მშობლიური ენა დროთა სვლაში ბევრგან "დავიწყებიათ", მაგრამ საკუთარი წინაპრების, თავიანთი ფესვების შესახებ ყველაფერი აინტერესებთ. ამიტომაც არის ამაღელვებელი და ემოციური მათთან ყოველი შეხვედრა.

როგორ გაიყიდა ალასკა - "ცარიელი მაცივარი" სინამდვილეში "ოქროს ზანდუკი აღმოჩნდა"

150 წელიწადიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ამერიკული გაზეთი "ნიუ-იორკ უორლდი" ალასკას "ყინულოვან უდაბნოდ" და "გამოწურულ ლიმონად" მოიხსენიებდა. ამასთან, კითხულობდა, სჭირდება კი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს ახალი მიწა, როცა თავისი უზარმაზარი ტერიტორიაც ვერ აუთვისებია, ვერ დაუსახლებიაო. გაზეთის ჟურნალისტების აზრით, ალასკა იმ მხრივაც წარმოშობდა პრობლემას, რომ გაიზრდებოდა ქვეყანაში ინდიელი მოსახლეობის რაოდენობა, რომლებთანაც ისედაც საკმარისად ჰქონდათ პრობლემები...

რუსეთში დღეს ნახევრად ოფიციალური მხარდაჭერით სარგებლობს უცნაური ვერსია, თითქოს ალასკა კი არ გაუყიდიათ, არამედ 99-წლიანი იჯარით გასცეს და მერე საბჭოთა კავშირმა აღარ მოითხოვა უკან. ზოგიერთი ისტორიკოსი იმასაც ამბობს, რომ რუსეთის ხაზინას ანაზღაურება არ მიუღია. თუმცა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ისტორიულ არქივში ფინანსთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ 1868 დაწერილი დოკუმენტი ინახება. საბუთი იუწყება, რომ ამერიკისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ აშშ-ისგან ხაზინამ 11,36 მილიონი რუბლი მიიღო, საიდანაც 10,97 მილიონი რუბლი უცხოეთშივე დაიხარჯა რუსეთის რკინიგზის საჭიროებებისთვის, ხოლო დარჩენილი 390 ათასი რუბლი ნაღდი ფულის სახით შევიდა.

"ორივე ამერიკის" გმირი - აშშ-ის სამოქალაქო ომის შემდეგ გენერალი რობერტ ლი გამარჯვებულებმაც ცაში აიყვანეს და დამარცხებულებმაც რობერტ ლის აღმერთებდნენ მშობლიურ ვირჯინიაში, მას უყურებდნენ როგორც "ღმერთკაცს", ადამიანს ნაკლისა და შეცდომების გარეშე. ომის დროს იგი სამხრეთელთა სათაყვანებელი გენერალი და მათი დამოუკიდებლობის იმედად იქცა. კონფედერაციის თეთრკანიანი, პროტესტანული აღმსარებლობის მოსახლეობისთვის იგი ლამის წმინდანი იყო. მასში ხედავდნენ ადამიანს, რომელიც გამოხატავდა სამხრეთის კულტურის უპირატესობას ჩრდილოეთთან.

აშშ-ის სამოქალაქო ომის სამხედრო სარდლების - სამხრეთელი რობერტ ლისა და ჩრდილოელი ულის გრანტის დაპირისპირება ორი გენერლის დუელს გასცდა. ეს იყო ორ განსხვავებულ კულტურაში აღზრდილი ადამიანების დაპირისპირება, დიამეტრალურად განსხვავებულ ფასეულობათა კონფლიქტი. გრანტი ჩრდილოეთის კომერციული, ურბანული სამყაროს წარმომადგენელი იყო, ხოლო ლი - სამხრეთის წარმავალი არისტოკრატიული ეპოქის სიმბოლო.

1001 წლის ნიკორწმინდა - ტაძრის საუკეთესო ჩუქურთმები სამი ოსტატის ნახელავია რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარეობს ქართული საკულტო არქიტექტურის ერთ-ერთი შედევრი, რომელიც ყურადღებას იქცევს არა მარტო არქიტექტურული აღნაგობით, არამედ ულამაზესი დეკორატიული გაფორმებითაც. ქართული არქიტექტურის ისტორიაში XI საუკუნე განსაკუთრებული აღმავლობის პერიოდადაა მიჩნეული, სწორედ ამ დროს იქმნება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშები: ბაგრატის ტაძარი, ალავერდი, მცხეთის სვეტიცხოველი, სამთავრო, სამთავისი და სხვა ძეგლები, რომლებიც ქართული ხუროთმოძღვრების ქრესტომათიულ ნიმუშებს წარმოადგენენ. მათ შორისაა ნიკორწმინდის ტაძარიც.

გეორგიევსკის ორდენის "გაპარსული ულვაში" - სახელოვანი სამხედრო სიმბოლო თანამედროვე რუსეთმა იმპერიალიზმის სავიზიტო ბარათად აქცია

ბოლო დროს გეორგიევსკის ლენტმა საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. უკრაინაში გაჩაღებულ ომში ხშირად ჩანს ეს ლენტი რუსეთის მომხრეთა ხელში, ამ ლენტით "შეიარაღებული" ე.წ. "პუტინის ბაიკერებიც" იყვნენ საქართველოში შემოსული. საინტერესოა ამ ლენტის ისტორია, საიდან მოდის, რას წარმოადგენს და დღეს რა დატვირთვა ენიჭება.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ქართველი დიდვეზირი და ქართველი ფლოტის მეთაური ერთი სულთნის კარზე - თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფის ენციკლოპედია

წერილი რედაქციას საბერძნეთიდან: ჰიდრავლისიდან - ორგანამდე / ერთი მუსიკალური ინსტრუმენტის თავგადასავალი

ჯაშუშური "ჭადრაკი" - უკრაინის რაიხსკომისარის, ერიხ კოხის საიდუმლო

დასლერი დასლერის წინააღმდეგ - კომპანიების დამფუძნებელი ძმების დაუსრულებელი ბიზნესომი

აღმოსავლეთ რომის იმპერია ვულკანებმა დაასუსტეს

"რკინის ღმერთები" და მეტეორიტული რკინა ძველ ეგვიპტეში

ფუძემზეობა - ახალი დღესასწაული რაჭველებმა "აკაკის მოგზაურობის" ნაკვალევზე დააფუძნეს

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები