გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ოქტომბრის ნომერი

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ოქტომბრის ნომერი

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ოქტომბრის ნომერი #10 (58), რომელშიც წაიკითხავთ:

უნიკალური ტრადიცია - ხევსურული სწორფრობის არსი

ხევსურული სწორფრობა (ფშავში ამ მოვლენას წაწლობა ერქვა) სრულიად განსაკუთრებული, უნიკალური მოვლენა იყო არა მარტო საქართველოში, არამედ ალბათ მსოფლიოშიც. სწორფრობის წარმოშობაცა და ფუნქციაც ბოლომდე არ არის ნათელი. სწორფრულ სიყვარულში იყო ეროტიზმი, მაგრამ ის არ გულისხმობდა სრულფასოვან სქესობრივ აქტს. არსებობდა საკრალური ზღვარი, უმკაცრესი შეზღუდვები და აკრძალვები, იმავდროულად, ეს არ იყო უხორცო სიყვარული.

სწორფრობას ხევსურეთში 16-17 წლის ასაკიდან იწყებდნენ. ქცევის წესებს ქალს გამოცდილი ქალები ასწავლიდნენ, ვაჟს - მამაკაცები. სწორფრობის წესების დარღვევა გარყვნილებად იყო მიჩნეული. ვაჟი თუ წესებს დაარღვევდა და ქალს გახდას, ანდა აკრძალულ ადგილზე შეხებას დაუპირებდა, ქალი "ლოგინიდან წამოუდგებოდა" და მიატოვებდა ვაჟს. ამბავი თუ გახმაურდებოდა, ვაჟს სახელი ელახებოდა - იგი საზოგადოების პატივისცემას კარგავდა და შერცხვენილად მიიჩნეოდა. იგივე ხდებოდა, თუკი ქალი მისცემდა თავს სწორფრობის წესების დარღვევის უფლებას. ამ შემთხვევაში ვაჟი აგდებდა ქალს და სწორფრობას წყვეტდა - ამას "ლოგინიდან გაგდება" ერქვა და ესეც დიდ სირცხვილად და გარყვნილებად იყო მიჩნეული. ყოფილა შემთხვევები, როცა სწორფრები "გარყვნილებას" ურთიერთთანხმობით ეძლეოდნენ, თუმცა არც ეს იმალებოდა დიდხანს. სწორფრის დაორსულება ისეთივე მძიმე ცოდვად ითვლებოდა, როგორც ძმისგან დის დაორსულება.

ამ წესებს თუ არ დაარღვევდა, სწორფრობას ხევსურს ვერავინ დაუშლიდა. ცხოვრების ესოდენ მნიშვნელოვან სფეროში - სიყვარულში ახალგაზრდებს არჩევანის სრული თავისუფლება ჰქონდათ. სწორფრულ სიყვარულში მათ ვერავინ ვერაფერს დააძალებდა და ვერც აუკრძალავდა. ეს იყო ფშავ-ხევსურთა თავისუფლებისადმი სწრაფვის გამოვლინება.

სწორფრობის გენეზისისა და ფუნქციის მიკვლევის ნებისმიერი მცდელობა მართლაც უშედეგო აღმოჩნდება, თუკი არ იქნება გათვალისწინებული ხევსურეთის ადგილმდებარეობა, გარე სამყაროსთან მისი მიმართება, ტრადიციები და ამ ფაქტორებით განპირობებული ცხოვრების წესი...

დავით არსენიშვილი - ხელოვნების მცველი / როგორ ჩამოიტანა ქართველმა მოღვაწემ ფასდაუდებელი ისტორიული თეატრალური ფარდა მოსკოვიდან თბილისში

დავით არსენიშვილს დაბადებიდან 110 წელი უსრულდება. ქვეყნისთვის თავდადებულ მოღვაწეს საბჭოთა საქართველოში სათანადოდ არ აფასებდნენ. არადა, დავით არსენიშვილის ბიოგრაფიისთვის თვალის გადავლებაც კმარა, რომ კარგად დაინახო მისი დიდი დამსახურება ეროვნული კულტურის წინაშე.

დავით არსენიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, 1927 წელს თბილისში თეატრალური მუზეუმი დააარსა (თანამედროვე ხელოვნების სასახლე - საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი), ამიერკავკასიაში ამ ტიპის პირველი სიძველეთსაცავი. პირადი კოლექციიდან მუზეუმს მან 500-ზე მეტი ექსპონატი შესწირა. დამაარსებელს მხარი არაერთმა მამულიშვილმა აუბა და ერთი წლის შემდეგ შემოწირულობებით მუზეუმს 3000-ზე მეტი ექსპონატი დაუგროვდა. ერთი წლის შემდეგ დავითმა რუსეთიდან ჩამოიტანა ცნობილი ფოტოგრაფის, დმიტრი ერმაკოვის მიერ XIX საუკუნის ბოლოს გადაღებული კავკასიის არქიტექტურის ამსახველი ბრწყინვალე ფოტოსურათები, რომლებიც ფოტოგრაფის ქვრივმა გადასცა. გასული საუკუნის 30-იან წლებში არსენიშვილმა იმ დროისთვის წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწია ქართველ "მებრძოლ უღმერთოთა კავშირს", რომელიც ანჩისხატის ეკლესიის აფეთქებას მოითხოვდა. შეიტყო თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძრის განადგურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, არსენიშვილი მაშინვე ეკლესიაში "გადასახლდა" და მის თაღებქვეშ ათენ-აღამებდა. მეცნიერი აცხადებდა, რომ მზად იყო, ტაძრის ნანგრევებქვეშ მოყოლილიყო. საბჭოთა ხელისუფლებამ საკითხის გამწვავებასა და აჟიოტაჟს უკან დახევა ამჯობინა...

დავით არსენიშვილი იბრძოდა იმ უძვირფასესი თეატრალური ფარდისთვის, რომელიც დიდმა რუსმა მხატვარმა კონსტანტინ სომოვმა კოტე მარჯანიშვილის "თავისუფალი თეატრისთვის" შექმნა... შემორჩენილია დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ძვირფასი ნიმუში სამშობლოში დავით არსენიშვილმა მარტომ, მატარებლით ჩამოიტანა. ის დღეს საქართველოს ხელოვნების სასახლეშია დაცული და მსოფლიო სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ ბრწყინვალე ქმნილებად მიიჩნევა.

ქართველები უცხოეთის ცის ქვეშ / გრიგოლ ორბელიანი ბალტიისპირეთში

XIX საუკუნის ოცდაათიანი წლების შუა ხანებში ბალტიისპირეთში დისლოცირებულ რუსეთის საიმპერიო არმიაში ოფიცრად მსახურობდა მომავალში გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი, თავადი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე ორბელიანი (1804-1883). 1834-1837 წლებში იგი სხვადასხვა დროს იმყოფებოდა ლიფლანდიის გუბერნიის ქალაქებში: რიგაში, ვენდენში (ამჟამად ცესისი), ვალკაში, კურლანდიის გუბერნიის ქალაქ ბაუსკში, ვილნოს გუბერნიის ქალაქებში: ვილნოში (ვილნიუსი), კოვნოში (კაუნასი), პონევეჟში (პანევეჟისი), ბირჟიში და სხვ.

პოეტმა ბალტიისპირეთში შექმნა არაერთი ლექსი, რომელთაც დაწერის ადგილი აქვს მიწერილი. კერძოდ, რიგაში შეიქმნა ლექსები: "ჩემს დას ეფემიას", "მუხამბაზი", "ნ...", "სო... ორ...", რომლებიც დათარიღებულია 1835 წლით....

მოგზაური ეთნოლოგის ჩანაწერები (გაგრძელება). ბაგრატიონთა ნაკვალევზე / იუსუფელიდან არტაანამდე ანუ ჭოროხის ხეობიდან მტკვრის სათავეებამდე

ტაო-კლარჯეთში კუნძულებად შემორჩენილ ქართულ სოფლებში ბევრია სამუშაო და საკვლევი, მაგრამ ექსპედიციის ვადებისა და რესურსებიდან გამომდინარე, რამდენიმე დღით შემოვიფარგლეთ. დავემშვიდობეთ პარხლისწყლისა და იუსუფელის ტაოელ ქართველებს და თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ ამჯერად ჩვენებურებით უფრო კომპაქტურად დასახლებული მხარეების სოფლებში მუშაობა გველის - შავშეთ-იმერხევში, ნიგალის ხევში, ართვინის მიმდებარე სოფლებში, დევსქელის, ქელასქურის, მაჭახლის ხეობებში.

მაჩაბლის სახელით - უცნობი დეტალები "სუნამოების პრინცად" წოდებულ გიორგი მაჩაბელზე

"ისტორიული დოკუმენტებისა და 1930-80-იანი წლების აშშ-ის პრესის დამუშავების შედეგად პრინცი მაჩაბლისა და მისი პარფიუმერიული კომპანიის შესახებ არაერთი დღემდე უცნობი ინფორმაცია აღმოჩნდა. ფაქტობრივად, ეს გახლდათ აქამდე უცნობი დოკუმენტაცია ამერიკაში ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენელზე". ასევე, წლეულს აღინიშნება გიორგი მაჩაბლის დაბადების 130 წლისთავი, რასაც სხვადასხვა ღონისძიება მიეძღვნება.

"მკრეხელური დიპლომატია" - ფრანკო-ოსმალურ ალიანსს ევროპაში "ცოდვილსა" და "ბილწს" უწოდებდნენ

ფრანკო-ოსმალური ალიანსი 1528 წლიდან შეკრეს ოსმალეთის სულთანმა სულეიმან I-მა ბრწყინვალემ და საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა. ამ ალიანსმა XIX საუკუნემდე იარსება. ორი გვირგვინოსნის მთავარ მიზანს საერთო მოწინააღმდეგის, კარლოს V ჰაბსბურგის სახელმწიფოს დასუსტება და შევიწროება წარმოადგენდა. საღვთო რომის იმპერიის იმპერატორსა და ესპანეთის მეფეს თავი ერთიანი კათოლიკური იმპერიის მონარქად, საყოველთაო მბრძანებლად და ჭეშმარიტ კათოლიკეთა მამად წარმოედგინა. კარლოსის წინააღმდეგ გამოსვლა საფრანგეთის მონარქისა და ოსმალეთის სულთნის საერთო ინტერესი იყო და სწორედ ამიტომაც გამოდგა მათი კავშირი ასეთი მყარი.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

რიხარდ ზორგე - სადაზვერვო მანქანა

გრაკლიანის გამოცანა / რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა - დამწერლობის ნიმუში თუ ნიშან-სიმბოლოები?

ნარდის თამაში ქართულად

ლოიდსბანკის ძარცვის საიდუმლო

უცნობი დედოფალი კლეოპატრა

დოლმაბაღჩეს სასახლე სტამბოლში - ოსმალეთის იმპერიის ევროპული რეზიდენცია

იყვნენ თუ არა მსუქანი შუა საუკუნეების ბერები

ევროპის უძველესი სათამაშო

რამდენად ძველია გიზის დიდი სფინქსი

ილუსტრირებული ისტორია - არაბობა საქართველოში

დოლმაბაღჩეს სასახლე სტამბოლში - ოსმალეთის იმპერიის ევროპული რეზიდენცია

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები