იქნება ყველანაირი ზეწოლა კანონის ფარგლებში - ნიკა გვარამია

იქნება ყველანაირი ზეწოლა კანონის ფარგლებში - ნიკა გვარამია

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად აქციები გაიმართება, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, აქციები მრავალათასიანი იქნება.

"იქნება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მრავალათასიანი აქციები. ჩვენ ამ მთავრობას არ ვგავართ, როდესაც მოსამართლეებს სახლებში უვარდებიან და მათ ბავშვებს შეურაცხყოფენ. არავის მივცემთ უფლებას ეს გააკეთოს. მაგრამ, კანონით დაცული სიკეთეების რეალიზაციას ვაპირებთ ნამდვილად", - განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ ხვალიდან დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას იწყებს.

რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს დღევანდელ განცხადებას, როგორც გვარამიამ აღნიშნა, "ეს სიტყვების კაკაფონია სრულიად არაფერს ამბობს და ეს არის სიტყვების რახარუხი".

"სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ მოსამართლეზე და სასამართლოზე ზეწოლა არ იქნება. არავინ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში დამარხოთ დემოკრატია თქვენი უთავმოყვარეო გადაწყვეტილებით. იქნება ყველანაირი ზეწოლა კანონის ფარგლებში. რომელიღაც მოსამართლის, გაყიდული მოსამართლის პატივი და ღირსება აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია ჩემთვის და მიმაჩნია, რომ მას არავითარი პატივი და ღირსება არ აქვს. ყველა გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს მოსამართლე ჩამოვაშოროთ საქმის განხილვას", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ქიბარ ხალვაში "მგონი ყველაზე ნაკლები დამნაშავეა", რადგან გადაწყვეტილებების მიმღები რეალურად ის არ არის.

"ის არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს და არაფერს წარმოადგენს. ეს ადამიანი არც გამოჩენილა საერთოდ. რამდენი ხანია დავობს და ერთხელაც არ გამოჩენილა. ეს არ არის მისი დავა, ეს არ არის მისი სიმართლე. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებები, რომლის აგენტიც არის მოსამართლე ურთმელიძე. არანაირად არ ვაპირებ ენის მოჩლეფვით საუბარს არავისთან, როდესაც საუბარი მიდის უფრო დიდ სიკეთეზე, ვიდრე მოსამართლე ურთმელიძის ან მთლიანად სასამართლოს პატივი და ღირსებაა. საუბარი არის დემოკრატიაზე და პატივცემულო მოსამართლეებო, არავინ ენის მოჩლეფვით თქვენთან არ ილაპარაკებს ამ თემაზე. თქვენი კოლეგა არის ჩართული კორუფციაში, პირდაპირ ვამბობ, რომ ფული აქვს აღებული. ეს აუცილებლად გაირკვევა და ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებ. მის უკან დგას ერთი კონკრეტული მდიდარი ადამიანი, რომელიც მას ფულს უხდის და აკეთებინებს საშინელებებს. ის მარხავს საქართველოში მედია პლურალიზმს და დემოკრატიას. მოსამართლე ურთმელიძემ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა გვარამიამ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები