გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომერი

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომერი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომერი #11 (59), რომელშიც წაიკითხავთ:

პირველი ქართველები წმინდა მიწაზე / საქრისტიანო სამყაროში წმინდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევის ისტორია მეფისწულმა ბაკურმა პირველმა გაავრცელა ჯერ კიდევ IV საუკუნეში

წმინდა მიწასთან საქართველოს ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის აქ ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად აღიარებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ქართული წერილობითი წყაროები გვაუწყებენ, რომ საქართველოში დამკვიდრებულ ებრაელობას თავის ისტორიულ სამშობლოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად აღიარების შემდგომ, საქართველოსა და წმინდა მიწის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. იწყება ადგილობრივ მორწმუნეთა მომლოცველობა პალესტინაში, იბერიის იმდროინდელი სატახტო ქალაქის ტერიტორიაზე ჩნდება სახარებისეული ადგილ-სახელები, რითაც მცხეთა და მისი მიდამო მიიჩნევა წმინდა მიწის, უფლის ქალაქის ერთგვარ მიკრომოდელად.

უცხოური (ბერძნულ-რომაული) წერილობითი წყაროების ცნობებით, პირველი ქართველი, ვისაც წმინდა მიწაზე ჩასულს ვხედავთ, არის მირიან მეფის შვილთაშვილი, იბერიელი მეფისწული ბაკური. მიუხედავად იმისა, რომ ეს კოლორიტული პიროვნება არაერთ თანადროულ და შემდგომი პერიოდის ცნობილ უცხოელ მწერალთა შრომებშია ნახსენები, მისი ბიოგრაფიის სრული სურათი ჯერჯერობით მაინც უცნობია...

აკაკი ჭანტურია - დადიანთა განძის მცველი

საერო საქმისთვის თავდადებული, განათლებული, ერუდირებული... მის შესახებ საბჭოთა საქართველოში არც წიგნი დაწერილა, არც საიუბილეო საღამოები მოუწყვიათ და არც კრებულები გამოსულა. მეტიც, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაშიც კი არ არის მითითებული. არადა, ეს კაცი XX საუკუნის ქართველი საზოგადოებისა და ინტელიგენციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე იყო. მაგრამ ზედმეტად თავმდაბალი გახლდათ. აკაკი ჭანტურია - ეს სახელი და გვარი ალბათ ბევრს არაფერს გეუბნებათ. სამაგიეროდ, მისი საქმეა განთქმული. აკაკი ჭანტურიამ საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დააარსა მუზეუმი. ის ამჟამად დადიანების სასახლეშია.

დღემდე უცნობი წარწერა რუისის ტაძრიდან

რუისის მიდამოებში შემორჩენილია ერთი ნასოფლარი, ექვსი ეკლესია და ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრის კომპლექსი, რომელიც სოფლის შუაგულში მდებარეობს. კომპლექსში შედის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, კოშკი-სამრეკლო და გალავანი.

როცა კომპლექსá 2014 წელს ვეწვიეთ, ყურადღება მიიქცია მრავალმა წარწერამ ტაძრის ფასადებზე (როგორც ლაპიდარული, ისე ნაკაწრი). თბილისში დაბრუნების შემდგომ გავეცანით სამეცნიერო ლიტერატურას ტაძრის შესახებ და აღმოჩნდა, რომ მათი დიდი უმრავლესობა სამეცნიერო საზოგადოებისთვის უცნობია. წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ გიორგი გალატოზთა ზედა დამდეგის უცნობ წარწერას, რომელიც სამეცნიერო მიმოქცევაში პირველად შემოგვაქვს.

გერმანელთა ტყვეობიდან - დე გოლის არმიამდე / ფრანგულ არმიაში ქართველი მებრძოლის ტანკს დიმიტრი ამილახვრის მეტსახელი ეწერა

შოთა თარხნიშვილი მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო, რომელიც გერმანელთა ტყვეობიდან სამშობლოში 25 წლის შემდეგ დაბრუნდა. რომ არა შემთხვევითობა, ალბათ, მისი თავგადასავალი და აქედან გამომდინარე, ქართული ემიგრაციის ცხოვრების არაერთი დეტალი ჩვენთვის უცნობი დარჩებოდა. წლეულს შოთა თარხნიშვილს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა...

მოგზაური ეთნოლოგის ჩანაწერები (გაგრძელება). ლამაზი სოფლები ძველქართული სახელებით

ქართველი ეთნოლოგების, ხელოვნებათმცოდნეებისა და ენათმეცნიერების ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში გრძელდება. ეს კომპლექსური ექსპედიცია, რომელიც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ხელშეწყობით განხორციელდა, მიზნად ისახავდა თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში არსებულ ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების, ასევე თურქეთის სხვადასხვა რეგიონში კომპაქტურად დასახლებულ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების ყოფისა და კულტურის გაცნობას და საერთოდ, თურქეთელ ქართველთა (როგორც მათ სამეცნიერო წრეებში მოიხსენიებენ) ისტორიულ სამშობლოსთან დაახლოებას.

წმინდა მიწის "ქართული გზები" - ისრაელელი გიდი ელეონორა გორი ტურისტებს ყოფილ ქართულ სავანეებს აცნობს

დაიბადა ყირგიზეთში. ცხოვრობდა თურქმენეთში, რუსეთში, ლატვიასა და ლიტვაში. ელეონორა გორი (გოროხოვსკაია) საქართველოს პირველად წმინდა მიწაზე შეხვდა, როცა ქართველი პილიგრიმებისთვის მარშრუტს ამზადებდა და ისრაელში ქართული კვალით განსაკუთრებულად მაშინ დაინტერესდა. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორს ამ დროისთვის გიდობის უკვე 11-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

"ისრაელში ტურიზმი არ წარმოადგენს სახელმწიფოს შემოსავლის ძირითად წყაროს, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა - არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ იდეოლოგიური თვალსაზრისითაც. ლიცენზირებული გიდები (აგრეთვე ლიცენზიის არმქონენი) საფუძვლიან მომზადებას გადიან. კურსები, გამოცდები, კვალიფიკაციის ამაღლება - ამაზე ტურიზმის სამინისტრო ზრუნავს. ტრენერებს უმაღლესი სასწავლებლებიდან იწვევენ. სწავლა ორ წელიწადს გრძელდება. ჩემს კოლეგებს შორის ბევრია ისეთი, ვისაც საფუძვლიანი განათლება და ხშირად, პარალელური და იმავდროულად, ტურიზმის გიდობის შესაფერისი სამსახურიც აქვს - ისტორიკოსი, მოქმედი არქეოლოგი, გეოგრაფი, ბიოლოგი და სხვ.

ჩემი ექსკურსია ძველ ქალაქსა და ზეთისხილის მთაზე 19 ობიექტს მოიცავს (იმ შემთხვევაში, თუ მაცხოვრის საფლავის ტაძრის ყველა სამლოცველოს ერთ ობიექტად ჩავთვლით). ეს მონასტრები და ადგილები, მაგალითად, გეთსიმანიის მონასტრის ტერიტორიაზე, ერთ დროს ქართველებს ეკუთვნოდათ. ცნობები ამის შესახებ სხვადასხვა წყაროშია გაბნეული... დამყავს საექსკურსიო ჯგუფები ბირ ელ-ქუტის არქეოლოგიური გათხრების უბანზე. ბიზანტიური პერიოდის ამ ქართულ მონასტერში უძველესი ასომთავრულით შესრულებული წარწერებია აღმოჩენილი, რომლებიც სპეციალისტთა დიდ ინტერესს იწვევს..."

ფოტოალბომი "გაიცანი საქართველო" - გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

საბედნიეროდ, ბოლო დროს, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მიმართ დიდი ინტერესი წარმოიშვა. არაერთხელ შევსწრებივარ, როგორ ემოციურად უზიარებდნენ ახალგაზრდები ერთმანეთს ამა თუ იმ კუთხეში ყოფნისას მიღებულ შთაბეჭდილებებს მათ მიერვე გადაღებული ფოტოებით, ადგილზე მოსმენილი ამბებით, მითებითა და ლეგენდებით. და მაინც, ბევრმა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ჯერაც არ იცის ბევრი რამ საკუთარი ქვეყნის შესახებ... მათთვის, ვისაც ჯერ არ უნახავს საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული და უამრავი რამ აქვს დასათვალიერებელი, 23 ნოემბრიდან, "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა 12-ტომიანი ფოტოალბომის პირველი ტომი, რომელიც სრულად მიეძღვნება აჭარას. სერიის პირველ გამოცემაში განთავსებული ფოტოები ამ უმშვენიერეს რეგიონზე დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

სასიხარულო ამბავი ართვინიდან - მურღულელი ბავშვები მშობლიურ ქართულს ისწავლიან

უკანასკნელი ვიკინგის მაგიური ხმალი

ვისკი 121-წლიანი "დაძველებით"

გრიგოლ გიორგაძე - საქართველოს პირველი სამხედრო მინისტრი

ქართველები ბერძნულ ტრადიციულ (ანტიკურ) ასპარეზობებზე

საიდუმლო ოთახი - ნეფერტიტის განსასვენებელი?

და ვინჩის ტირიფები

ლენინზე თავდასხმის საიდუმლო

სამთავისი - ეპოქის დასაწყისი

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები