ნიკა გვარამიას განაცხადებით, ხელისუფლება მას დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერით აშანტაჟებდა

ნიკა გვარამიას განაცხადებით, ხელისუფლება მას დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერით აშანტაჟებდა

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გამომდინარე კონკრეტული პარტიული ტემპერამენტიდან, რჩევები იყო განსხვავებული - დაენებებინათ თავი და ყოფილიყვნენ ფრთხილად ან გაეწიათ წინააღმდეგობა ბოლომდე იმ ვითარებაში, "როცა შესაძლებელიც იყო ჩვენთვის ესროლათ". ამის შესახებ ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"მაგალითად სააკაშვილი ფიქრობს ასე და ეს მისი პოლიტიკური გემოვნების და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია. ჩვენ ვართ ტელევიზია, ჩვენი სიმპათიები ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ განპირობებულია ჩვენი სარედაქციო პოლიტიკით, რომელიც ეფუძნება ურღვევ ფასეულობებს, ევროინტეგრაციულ პროცესებს.

შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს ჩვენი პროცესების გაშუქების ხედვა, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვემსახურებით რომელიმე პარტიის პოლიტიკიდან ან ხელისუფლებიდან წასვლას ან რომელიმე პარტიის ხელისუფლებაში მოყვანას, მით უმეტეს იმგვარი მეთოდებით, რომელიც საერთოდ ვერ იქნება მედიასთან შეხებაში.

რევოლუციურ თუ რაიმე სხვაგვარ სცენარზე გადაწყვეტილებას იღებენ პოლიტიკოსები და არა მედია. ძალიან ღრმა შეცდომაა თუ ვინმეს ჰგონია, რომ მედიას შეუძლია რევოლუციის მოხდენა", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ძალიან ღრმა შეცდომა დაუშვა "რუსთავი 2"-მაც, როცა ჩათვალა, რომ 2003 წლის "ვარდების რევოლუცია" იყო მისი დამსახურება და თავი გამოაცხადა გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად.

"რა თქმა უნდა ეს მითია. მედიები ვერ ახდენენ რევოლუციებს, ვერც სხვა ტიპის ცვლილებებს. ცვლილებებს საზოგადოებაში ახდენს ხალხი და პოლიტიკოსები. პოლიტიკურ პროცესებს მართავენ პოლიტიკოსები.

"რუსთავი 2" არის მედია. ჩვენ მივიღეთ ყველასგან რჩევები, გმადლობთ ყველას რჩევისთვის, როგორც ჩანს თავი უნდა შეიკავოთ, იმიტომ, რომ პირდაპირ ხაზზე ვართ, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ. ამ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები, დაწყებული ჟურნალისტიდან დასრულებული მენეჯმენტით, ჩვენი გადაწყვეტილება არის შემდეგი - ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ტელეკომპანიას, იმიტომ, რომ ჩვენი უფლებები ილახება, ილახება უკანონოდ, საკუთრებას გვართმევენ უკანონოდ, თავისუფალ სიტყვას ზღუდავენ უკანონოდ", -განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი ფაქტი არის იმის დადასტურება, მას ამ ჩანაწერით აშანტაჟებდნენ. "დიახ, ნიკა გვარამაის აშანტაჟებდა ხელისუფლება, დიახ, მათ შორის ამ ჩანაწერით და მისი არსებობა ჩემთვის ცნობილი იყო და იმედი მაქვს თუ ვინმეს სკეპტიციზმი ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, დღეს სრულად დარწმუნდება, რომ მე არ მომლანდებია ხელისუფლების მიერ მოგზავნილი მესინჯერი, არ მომლანდებია ის ინფორმაცია, რომელზეც ვისაუბრე. ეს ინფორმაცია ნამდვილია, მე ნამდვილად მაშანტაჟებდნენ იმიტომ, რომ "რუსთავი 2"-ის ბედის გადაწყვეტა უნდოდათ", -განაცხადა გვარამიამ.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#სკანდალური აუდიო ჩანაწერი

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები