ნიკა გვარამია - მინიმუმ არჩევნებამდე ჩვენ ამ პროცესებს აუცილებლად გავჭიმავთ

ნიკა გვარამია - მინიმუმ არჩევნებამდე ჩვენ ამ პროცესებს აუცილებლად გავჭიმავთ

მინიმუმ არჩევნებამდე ჩვენ ამ პროცესებს აუცილებლად გავჭიმავთ და მერე, დარწმუნებული ვართ, ბიძინა ივანიშვილს ჩვენ ამ ქვეყანაში ვეღარ ვიხილავთ, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას არ აქვს არავითარი სამართლებრივი და არც პრაქტიკული ფასი, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით ქიბარ ხალვაში კომპანიაში ვერ შემოვა.

"მაგრამ ეს "რუსთავი 2"-ის მეომარი კოლექტივის და ერთადერთი ფუნქციური დემოკრატიული ინსტიტუტის – საკონსტიტუციო სასამართლოს დამსახურებაა და არც ერთ ადამიანს თუ თანამდებობის პირს ამაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. შეიძლება ვისაუბროთ საქართველოს პრეზიდენტზეც, რომელმაც დააფიქსირა ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია, მაგრამ პირდაპირი მოქმედების ძალა, განსხვავებით საკონსტიტუციო სასამართლოსგან, ცხადია, არ ჰქონდა. ეს ის ვითარებაა, როდესაც ყველა დემოკრატიულად განწყობილმა რიგითმა ადამიანმა უნდა მოახდინოს კონსოლიდაცია არა "რუსთავი 2"-ის ირგვლივ, არა სიტყვის თავისუფლების ირგვლივ, არამედ ქვეყანაში დარჩენილი უკანასკნელი შანსის ირგვლივ, რომ გადაარჩინონ დემოკრატია", - განაცხადა გვარამიამ.

რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, გვარამიას თქმით, ყადაღები ძალაში რჩება, თუმცა ორივე ყადაღა გასაჩივრებულია და იმედოვნებს, რომ კომპანია გათავისუფლებული იქნება ფინანსური წნეხისგან.

"მიუხედავად ამისა, ჩვენ არ მივცემთ არავის უფლებას, ფინანსური პრობლემების გამო დავიხრჩოთ და ის შედეგი მივიღოთ, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა. ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესში უკვე დამარცხებულია. მან იწვნია როგორც მორალური ზარალი – მისი რეპუტაცია განულებული და მიწასთან გასწორებულია, ასევე, პრაგმატული ზარალი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მეშვეობით. მას თავისი რეიდერული შემოვარდნა "რუსთავი 2"-ში არ გაუვიდა, როგორც მინიმუმ არჩევნებამდე ჩვენ ამ პროცესებს აუცილებლად გავჭიმავთ, მერე დარწმუნებული ვართ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩვენ ამ ქვეყანაში ვეღარ ვიხილავთ და "რუსთავი 2"-ც, სასამართლოც, თავისუფალი სიტყვაც, დემოკრატიაც ქვეყანაში იქნება უსაფრთხო, დემოკრატიული ძალების ხელში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები