ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” დეკემბრის ნომერი #12 (60), რომელშიც წაიკითხავთ:

იერუსალიმის პატრიარქის მივიწყებული სიგელი

იერუსალიმის საპატრიარქოს საცავებში არაერთი საყურადღებო დოკუმენტია დაცული. მათ შორის არის იერუსალიმის პატრიარქის, დოსითეოს II-ის (1669-1709) სიგელი, რომელიც XVIII საუკუნის დასაწყისშია შედგენილი და შეიცავს ცნობებს წმინდა მიწაზე ქართული ტაძრების შესახებ, რომელთა ნაწილიც დღეს სწორედ იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია... განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იერუსალიმის პატრიარქის სიგელი. დოკუმენტი გამოქვეყნებულია და ცნობილია დაინტერესებული ადამიანებისთვის. დოკუმენტის დედანი იერუსალიმის საპატრიარქოს საცავშია. ბოლო ათეული წელია, ის ქართველ მეცნიერებს არ უნახავთ, არც მის შესასწავლად დაუშვიათ ვინმე საცავში. თუმცა საბერძნეთში გამოიცა ბერძნულად პატრიარქ დოსითეოსის ხელნაწერები და სწორედ ამ გამოცემაშია სიგელიც, სადაც იგი საუბრობს ქართველებისთვის იერუსალიმის ჯვრის და კიდევ რამდენიმე მონასტრის დაბრუნების შესახებ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი და ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია: “ამ დოკუმენტით იერუსალიმის საპატრიარქო და იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი - ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე ბოლო საუკუნეების იერუსალიმის ეკლესიის ისტორიაში, ასევე დიდი ავტორიტეტი მართლმადიდებლურ სამყაროში - ქართველთა უფლებას აღიარებს. მისი სიგელი საბუთია, მით უმეტეს, როცა წმინდა მიწაზე სხვა ერის საკუთრებაზე, მონასტერზეა საუბარი”.

ილია ჭავჭავაძე 1886 წლის 26 ნოემბერს სტატიაში “ათონის ქართული სავანის შესახებ” წერდა: “იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის სიგელ-გუჯარი, გამოცემული 1706 წელს ივლისის თვესა, ამტკიცებს, რომ მაშინ იერუსალიმს ქართველთა ჰქონიათ ექვსი მონასტერი: წმ. ჯვარისა, წმ. ნიკოლოზისა, წმინდათა თეოდორეთა, წმ. ბასილისა, წმ. ანასი და წმ. გიორგისა... ზემოხსენებულ პატრიარქის დოსითეოსის გუჯარში აღწერილია მიზეზი, რის გამოც ქართველთა მონასტრების გამგეობა მიუღია ბერძენთა სამღვდელოებასა და სხვათაშორის აი რა სწერია: “ხოლო ოდეს ღმერთი ინებებს და ივერიიდამ მოვა წინა-მძღვარი (იღუმენი), მაშინ იმან უნდა ჩაიბაროს და თვის გამგეობის ქვეშ მიიღოს ყველა მონასტრები უწინდელებრ”.

ქართველები ლატვიის პირველ რესპუბლიკაში - როგორ იქცა ბალტისპირეთი ქართველ ემიგრანტთა ნაწილის თავშესაფრად

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და რეპრესიების დაწყების შემდეგ, ქართველ მამულიშვილთა დიდი ნაწილი იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა და ემიგრაციაში გახიზნულიყო. ევროპის სხვა ქვეყნების გარდა, ქართველ ემიგრანტთა მცირე ჯგუფი გაემგზავრა ლატვიის პირველ რესპუბლიკაში (არსებობდა 1918-1940 წლებში) და იქ მანამდე ჩასულ თანამემამულეთა დიასპორას შეუერთდა... XX საუკუნის 20-30-იან წლებში, ლატვიაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა ქართული ემიგრაციის ცნობილი მოღვაწე შალვა მაღლაკელიძე. კავკასიელთა საზოგადოების ხელმძღვანელი იგონებდა: “ჩემი მთავარი საქმე იყო ანტისაბჭოურ საზოგადოებებთან მუშაობა და მათ შორის “ენტეესთან” (რუსული ემიგრანტული პოლიტიკური ორგანიზაცია. - ნ.ჯ.). მე ვცხოვრობდი პასკევიჩის ქუჩაზე... შვანგირაძის ბინაში, რომელსაც ჰყავდა ცოლად შვედი ქალი... ჰყავს შვილები. ერთი მათგანი დიპლომატს მისთხოვდა. ბიჭი ჰყავს, სტუდენტია, სტიპენდიას მე ვაძლევ, კავკასიური საზოგადოების გამგეობის წევრია. ამ სახლში ვცხოვრობ მე და ამ სახლში ცხოვრობს იაპონიის ატაშე, რომელსაც მდივნად ჰყავს შვანგირაძის ქალი - ნინო. ამიტომ, მე ახლოს ვიყავი ამ ატაშესთან. რუსული კარგად იცოდა... ხშირად ვლაპარაკობდით საქართველოზე”.

ერთ-ერთი შეხვედრის დროს იაპონელ ატაშეს შალვა მაღლაკელიძისთვის უთქვამს: “მიკვირს, რაში დაგჭირდათ ქართველებს მენშევიკების ანდა ბოლშევიკების მიმხრობა, თითქოსდა დღეს დაიბადეთ და ისტორია არ გაგაჩნდეთ. მსოფლიოში არ მოიძებნება სხვა არც ერთი სამეფო დინასტია, რომელსაც იმდენი კულტურული და განათლებული მეფე ჰყოლოდა, რამდენიც ბაგრატიონებს ჰყავდათ... თქვენ უნდა მოქცეულიყავით უნგრელებივით, რომლებმაც აღადგინეს წმინდა სტეფანეს გვირგვინი, თუმცა XI საუკუნის შემდეგ საკუთარი მეფე აღარ ჰყოლიათ. ქართველებმა კი სამეფო დაკარგეთ სულ ცოტა ხნის წინათ, XIX საუკუნეში. თქვენ უნდა აღადგინოთ ბაგრატიონთა სამეფო”.

საქართველოს რუკა XVII საუკუნის გეოგრაფიულ თამაშში

“ერთ-ერთი პირველი გეოგრაფიული თამაში მსოფლიოში ფრანგმა გეოგრაფმა პიერ დიუ ვალმა (1618-1683) შექმნა 1645 წელს, სადაც საქართველო ფიგურირებს, როგორც სხვათა თანასწორი ქვეყანა. მართალია, ის ზღვიდან ზღვამდეა ნაჩვენები ერთადერთი ქალაქით - სებასტოპოლისით ანუ სოხუმით, თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ თამაშის შემქმნელი სწავლულისა და შემდეგ უკვე მოთამაშეებისთვისაც, იგი ევროპელთა გეოგრაფიულ-პოლიტიკურ-კულტურული ცოდნის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა” - ეს სიტყვები სოციალურ ქსელში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ გამოაქვეყნა. ბადრი გოგია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი: ფრანგი კარტოგრაფი პიერ დიუ ვალი საფრანგეთის ქალაქ აბევილში დაიბადა 1619 წელს. ის ცნობილი კარტოგრაფის, ნიკოლა სანსონის (1600-1667) დისშვილი გახლდათ. 1650 წლიდან პიერ დიუ ვალი პარიზში დასახლდა, სადაც გამომცემლობა გამართა და გახდა მეფის კარის გეოგრაფოსი. გეოგრაფიულ ნაშრომებსა და ატლასებთან ერთად, ადამიანთა ისტორიული, გეოგრაფიული, ჰერალდიკური, ასტრონომიული ცნობიერებისა და ზნეობრივი საკითხების გასაღრმავებლად მან გამოსცა სათამაშო ბანქო და რუკები. “მსოფლიოს თამაში” დიუ ვალმა 1645 წელს შექმნა და გრაფ ვივონს მიუძღვნა. “მსოფლიოს თამაშში” 32-ე კარტი წარმოადგენს საქართველოს (GEOღGIE). პიერ დიუ ვალი საქართველოს ისტორიასაც იცნობდა. 1676 წელს მის მიერ გამოცემულ “უნივერსალურ გეოგრაფიაში” იგი აღნიშნავდა, რომ ქართველებს შეუძლიათ იერუსალიმში იარაღით ხელში შესვლა და დროშების ფრიალი...

გაიცანი საქართველო - გურიის “ფოტოკრიმანჭული”

ფოტოალბომი “ჩემი საქართველო” 12+1 ტომად (საქართველოს 12 კუთხე და თბილისი) გამოვა და ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში “შეგახედებთ”. თითოეული კუთხე საავტორო ფოტოებითა და საინტერესო ადგილების მოკლე ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მიმოხილვით იქნება წარმოდგენილი. გამოცემა თანაბრად დააინტერესებს როგორც საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც საკუთარი სამშობლოს უკეთ გაცნობა განუზრახავს, ისე უცხოელსაც, ვისაც საქართველო ტურისტული მოგზაურობისთვის აურჩევია. ფოტოალბომის წიგნები გაზეთ “კვირის პალისტრასთან” ერთად ვრცელდება.

ამ “მოგზაურობაში” პროფესიონალ ფოტოგრაფებთან ერთად ფოტომოყვარულებიც გვიმეგზურებენ - თითოეულ წიგნში მათი ნამუშევრებიც შეიძლება აღმოჩნდეს. ამდენად, “ჩემი საქართველო” ერთდროულად აკადემიური გამოცემაც არის და სახალხო პროექტიც. უნიკალურ ფოტომასალას საგანგებოდ იღებენ ამ ალბომისთვის...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

რას გვიამბობენ რუკები

როგორ შეიქმნა მითი წიფის გვირაბის შესახებ

ეგვიპტურ პირამიდებს `გამჭოლად” გამოიკვლევენ

რომანტიკული ფოტომატიანე - სუხიშვილები!

ბაზილიკა ტბის ფსკერზე წყალქვეშა მუზეუმად იქცევა

ხცისის ეკლესიის წარწერები

უცნობი ხელნაწერი და დედოფალთა დედოფალი ანნა

გურჯი მინისტრები სტამბოლში

გაცოცხლებული საზღვაო ისტორია - ძველი ბერძნული ხომალდების თანამედროვე მოდელები

როგორ ჩაწერა აჰმედ ოზქან მელაშვილმა ჩვენებურების ფოლკლორი სოფლად

როგორ `გადაარჩინა” ჰერმან მელვილი მობი დიკმა

დაუმთავრებელი ომის ბელორუსიელი გენერალი - სტანისლავ ბულაკ-ბალახოვიჩი

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები