გამოვიდა "ისტორიანის" იანვრის ნომერი

გამოვიდა "ისტორიანის" იანვრის ნომერი

წმინდა ნიკოლოზიდან სანტა კლაუსამდე

ლეგენდა სანტა კლაუსზე III საუკუნიდან მოდის, როცა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე სასწაულმოქმედი წმინდანი, ნიკოლოზი გამოჩნდა. თქმულების თანახმად, ერთმა შეძლებულმა კაცმა ქონება დაკარგა და გაჭირვებისგან თავის დასაღწევად გადაწყვიტა, თავისი სამი გოგონა საროსკიპოსთვის მიეყიდა. წმინდა ნიკოლოზმა ოჯახს ღამით, ფარულად, ფანჯრიდან სამი ქისა ოქრო შეუგდო და გოგონები იხსნა. სავარაუდოდ, სწორედ ასე გაჩნდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, სანტა კლაუსი ღამით ნაძვის ხესთან საჩუქრებს ბავშვებისგან მალულად ტოვებს. რენესანსის ეპოქაში წმინდანს განსაკუთრებულ პატივს ნიდერლანდში მიაგებდნენ. სწორედ მათ ჩაიტანეს შობა-ახალი წლის აღნიშვნის ასეთი ტრადიცია ახალ მიწაზე. ჰოლანდიელი სინტე კლაასი აშშ-ში სანტა კლაუსად იქცა. 1862 წელს სანტას პირველი პორტრეტიც შეიქმნა. ამერიკელმა კარიკატურისტმა გადაწყვიტა, რომ ის მაღალი და მსუქანი უნდა ყოფილიყო. თომას ნესტის შავ-თეთრ ნახატებში მხიარული თეთრწვერა მოხუცი ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს და არა ლაპლანდიაში. 1885 წელს კი, ამერიკელმა გამომცემელმა, ლუის პრანგმა, ნესტის სანტას შემდგომ ტრადიციულად ქცეული წითელი მოსასხამი უსახსოვრა.

სანტა კლაუსს მსოფლიოში ბევრი კოლეგა ჰყავს. განსხვავებული იმიჯითა და დამხმარეებით - საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთში და სხვ. ქართველ ბავშვებს კი ახალ წელს თავიანთი თოვლის პაპა (ბაბუა) ულოცავთ, თეთრი ჩოხითა და საჩუქრებით სავსე განუყრელი ხურჯინით...

მაჰდის სახალიფო - სუდანში რადიკალური ისლამური სახელმწიფო XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა / ისტორიის გაკვეთილები

დღეს მსოფლიოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ახლო აღმოსავლეთია, სადაც ტერორისტებმა ისლამური სახელმწიფოს, ანუ სახალიფოს შექმნა გამოაცხადეს. თუმცა ეს არ არის რადიკალური ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველი შემთხვევა ახალ და უახლეს ისტორიაში. XIX საუკუნის მიწურულს, თანამედროვე სუდანის ტერიტორიაზე დაიწყო სახალხო აჯანყება, რომელიც მიმართული იყო ოსმალების, ეგვიპტელებისა და ევროპელების მმართველობის წინააღმდეგ. ამბოხებას სათავეში ჩაუდგა მუსლიმი მქადაგებელი მუჰამად აჰმადი, რომელმაც თავი მაჰდიდ, ანუ მესიად გამოაცხადა. აჯანყებულებმა ჩამოაყალიბეს თეოკრატიული ისლამური სახელმწიფო - მაჰდისტური სახალიფო.

მაჰდისტები ნებისმიერ მეთოდს იყენებდნენ წარმატების მისაღწევად. მაგალითად, ჭრიდნენ სატელეგრაფო ხაზებს, რის გამოც მოწინააღმდეგეთა ბანაკი სრულ საინფორმაციო ვაკუუმში აღმოჩნდა - სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის დაკარგვის ამბავი მათთან ხშირად ერთი თვის დაგვიანებით მიდიოდა. ამბოხებულებმა კი კარგად ორგანიზებული საინფორმაციო ქსელი შექმნეს, ხოლო მათი აგენტები შედეგიანად მუშაობდნენ მტრის ბანაკებში.

ორ წელიწადში მაჰდისტებმა სუდანის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაიკავეს. მათ კონტროლს მიღმა რჩებოდა მხოლოდ ხარტუმი და მდინარე ნილოსის ვიწრო სანაპირო ზოლი. მაჰდი ხარტუმს ალყით შემოეწყო. 1885 წლის 23 იანვარს სუდანის ადმინისტრაციული ცენტრი დაეცა, გენერალ-გუბერნატორი ჯორჯ გორდონი შტურმის დროს დაიღუპა. ქალაქის აღებისას და მომდევნო დღეებში მაჰდისტებმა დახოცეს უამრავი ევროპელი, ეგვიპტელი და სუდანელი, რომლებიც მათთვის მტერთან ასოცირდებოდა. 1885 წელს, ფაქტობრივად, წარმოიქმნა მაჰდისტური თეოკრატიული ისლამური სახელმწიფო...

"ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები" - ფირდოუსის "შაჰნამეს" ქართული თარგმანი ირანელებმა თავიანთ "წლის წიგნად" აღიარეს

სპარსული პოეზიის სიყვარული განსაკუთრებით მაშინ გაუღრმავდა, როცა "გოლესთანი" წაიკითხა ამბაკო ჭელიძის თარგმანით. ამის მიუხედავად, არასოდეს უფიქრია, რომ თავადაც სპარსული პოეზიის თარგმანს მოჰკიდებდა ხელს. პოეტისა და მთარგმნელის ცხოვრება ვახუშტი კოტეტიშვილის დავალების შემდეგ შეიცვალა. ლექტორმა სტუდენტს "შაჰნამედან" "ბეჟანისა და მანეჟეს" წიგნის თარგმნა დაავალა. შემდეგ იყო მრავალწლიანი მუშაობა ფირდოუსის "მეფეთა წიგნზე", 14-წლიანი პაუზა და ისევ შრომა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. 50 ათასი ბეითიდან უმრავლესობა ნათარგმნია, მაგრამ მუშაობა გრძელდება. თუმცა ფირდოუსის მისეულმა თარგმანმა უდიდესი და უძველესი პოეზიის ქვეყანაში, როგორც ირანს თავად ბელა შალვაშვილი უწოდებს, 2011 წელს უმაღლესი ჯილდო "წლის წიგნი" და ფირდოუსის პრემია მოიპოვა.

როგორ "იფრქვეოდა" ისტორია - გამყინვარება 535-536 წლებში და მისი ზემოქმედება მსოფლიოზე / ცხოვრება ვულკანის შემდეგ

VI საუკუნის პირველ ნახევარში, 535-536 წლებში, მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში საშუალო წლიურმა ტემპერატურამ ყველაზე მკვეთრად დაიკლო ბოლო 2000-წლიან პერიოდში. სავარაუდო მიზეზად ატმოსფეროს გამჭვირვალობის შემცირებას მიიჩნევდნენ, რაც ტროპიკულ განედებზე რამდენიმე დიდი ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია ("ვულკანური ზამთარი"). ასევე შესაძლო ვარიანტად განიხილებოდა გიგანტური მეტეორიტის დაშლა ატმოსფეროში. ბუნებრივი კატაკლიზმი დენდროქრონოლოგისტმა და ბელფასტის უნივერსიტეტის პროფესორმა დაადასტურა. მან ირლანდიური მუხის ხის შიდა რგოლები გამოიკვლია და დაინახა, რომ იმ წელიწადს ხე განსაკუთრებით მცირედით გაიზარდა. იგივე შენიშნეს შვედეთში, ფინეთში, სიერა-ნევადასა თუ ჩილეში. ცვლილებები გრენლანდიისა და ანტარქტიკის ყინულებში ნაპოვნ ნამარხ ხეებშიც კი აღმოაჩინეს, რაც ყველაზე მეტად ამყარებს "ვულკანური ზამთრის" თეორიას...

ბლუზი - "როცა კარგი კაცი ცუდ დღეშია" / მუსიკის ისტორია

როდის და როგორ გაჩნდა აფროამერიკული მუსიკის ეს უნიკალური ჟანრი? ზუსტი თარიღისა და ადგილის დასახელება ძნელია და ალბათ არც არის საჭირო. ბლუზი ადამიანის ემოციური განწყობაა, ერთგვარი აღსარება და სულის ნაწილი. ბლუზი  გულში დაიბადა, იმ დროს, როცა "კარგი კაცი ცუდ დღეში აღმოჩნდა" და ეს განწყობა სიმღერად იქცა...

მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერი / საქართველოს ძეგლები

მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერი მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთით, დაახლოებით 30 კილომეტრის მანძილზე, სოფელ მარტყოფის მახლობლად, იალნოს ქედზე. ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ამ ადგილას პირველი ეკლესია V საუკუნის II ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო, ხოლო მამათა მონასტრის დაარსება დაკავშირებულია ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ანტონის სახელთან, რომელიც VI საუკუნის I ნახევარში აკრიანის მთებში (სოფელ მარტყოფის თავდაპირველი სახელწოდება, რაც ქვიან ადგილს ნიშნავს) დამკვიდრდა და განცალკევებით ცხოვრება დაიწყო. სწორედ ამის გამო მას მარტომყოფელი (მარტყოფელი) უწოდეს, ხოლო ადგილმა, სახელწოდებად მარტყოფი მიიღო...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ქართველ მეფეთა ნაკვალევზე - მონღოლური დღიურები

დაგვიანებული მადლობა დავით არსენიშვილს - ანჩისხატის გადამრჩენელსა და ვახტანგ VI-ის საფლავის მპოვნელს ძეგლი დაუდგეს

კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ცხოვრების უცნობი დეტალები - საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან

ოსმალეთის ქართველი დიდვეზირი ნაპოლეონის წინააღმდეგ - თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფის ენციკლოპედია

საქართველოს ილუსტრირებული ისტორია - ლუარსაბი და სვიმონი

იმერული მგზავრული - ფოტოპროექტი, რომელიც საქართველოს "პირობით საზღვრებს" არ ცნობს

ოპერაცია "ტრესტი" (ნაწილი I) - ჯაშუშური თამაშები

ახალი წიგნი აფხაზეთის ისტორიის შესახებ

მენავეობა ჭოროხზე ძველად და ახალი წელი ტაო-კლარჯეთში - "ჩვენში ორი საქართველოა - ერთი ფიზიკური და მეორე, რომელიც ჩვენ გულში ცოცხლობს..." - მოგზაური ეთნოლოგის ჩანაწერები

დანაღმული სამოთხე - რეპორტაჟი

ომი სცენაზე საკუთარ თავთან - რობი კუხიანიძის მუსიკალური "დაჯგუფება"

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები