ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” თებერვლის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” თებერვლის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” თებერვლის ნომერი #2(62), რომელშიც წაიკითხავთ:

დარიალის დათმობა თბილისის დაკარგვის გამო / ხევში მიმდინარე ბრძოლები რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომზე წერისას ძირითადი აქცენტი გადააქვთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტსა და შემდეგ, თბილისთან ბრძოლაზე. ეს ბუნებრივია, რადგან ომის ბედი სწორედ ამ ადგილებში წყდებოდა. თუმცა, სამხედრო მოქმედებებმა თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. ბრძოლები გაჩაღდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც, სადაც მოწინააღმდეგე დარიალის ხეობით აპირებდა ქვეყანაში შემოჭრას. ამჯერად სწორედ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ხეობაში და მთლიანად ხევის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე ვისაუბრებთ.

... დარიალის ხეობას უტევდა ცალკეული მსროლელი ბატალიონი, 97-ე საარტილერიო დივიზიონის ნახევარბატარეა და განსაკუთრებულ საქმეთა შენაერთი, ანუ იგივე ალექსანდრე გეგეჭკორის სახელობის პარტიზანული რაზმი. თრუსოს ხეობაში კი თრუსოს უღელტეხილიდან გადმოვიდა ოსური პარტიზანული რაზმი. რაც შეეხება ქართულ ძალებს, ხევს იცავდა საქართველოს რესპუბლიკის დარიალის სანაპირო (სასაზღვრო) რაზმი და სახალხო გვარდიის დუშეთის ბატალიონის ნახევარი, რომელიც ადგილობრივი მოხევეებისგან იყო დაკომპლექტებული. მოწინააღმდეგეთა პირადი შემადგენლობის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ერთგვარი ვარაუდის გამოთქმა მაინც შეიძლება.

1921 წლის ომი - ქართული კავალერიის ოფიცრის მოგონებები / პოლკოვნიკი ირაკლი ცაგურია უმართებულოდ არის მივიწყებული რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, თბილისთან მიმდინარე ბრძოლებისას, ქართული ცხენოსანი ჯარის ანგარიშზე მხოლოდ ერთი სერიოზული სამხედრო ოპერაციაა, რომელსაც პოლკოვნიკი ირაკლი ცაგურია მეთაურობდა.

ირაკლი ცაგურიას პირადი თვისებები კარგად გამოჩნდა 1917 წელს პეტროგრადში. იგი ამ ქალაქში მივლინებით გაიგზავნა, რათა ბოლშევიკების ამბოხების ჩახშობაში მიეღო მონაწილეობა. პეტროგრადში 1917 წლის 17 ივლისს მომხდარ ამბებს დაწვრილებით აღწერს ბორის ნიკიტინი წიგნში “საბედისწერო წლები”, რომელიც 1937 წელს პარიზში გამოიცა.

...ქართული სახელმწიფოს სამსახურში ირაკლი ცაგურია 1918 წლიდან ჩადგა. როგორც მისი ერთი წერილიდან ირკვევა, იგი მონაწილეობდა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში და ბათუმთან მომხდარი შეტაკებისას დაიჭრა კიდეც. მონაწილეობდა სომხეთთან ომშიც 1918 წლის დეკემბერში, როგორც სამთო-ცხენოსანი საარტილერიო ბატარეის უფროსი. აქ მან კიდევ ერთხელ გამოავლინა შენაერთის კარგი ხელმძღვანელობის უნარი და პირადი ვაჟკაცობა.

ირაკლი ცაგურიას ბატარეა გენერალ-მაიორ გიორგი წულუკიძის ხელმძღვანელობით მოქმედ ქვედანაყოფში შედიოდა. ეს შენაერთი, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, მძიმე თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებდა გაცილებით მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სადგურ სადახლოსთან მიმდინარე ბრძოლა...

სერგო ქობულაძის ქმნილება - ძველებური ბრწყინვალებით / ლეგენდარული საოპერო ფარდის მეორე სიცოცხლე

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: რვა თვის წინ ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, რომ განადგურებული შედევრის დაბრუნება შესაძლებელი იქნებოდა. საარქივო მასალის შეგროვებასა და შესწავლას კულტურის მინისტრთან საკითხის განხილვის დღესვე შევუდექით. ყველაზე მეტი ნიმუში, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელოვნების სასახლეში აღმოჩნდა. გაჩნდა იმედი, რომ სერგო ქობულაძის დახატული ლეგენდარული საოპერო ფარდა, უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, მეორე სიცოცხლეს დაიბრუნებდა.

უცნაურია, მაგრამ ლეგენდად ქცეული ფარდის შესახებ თანადროულ პრესაში ვერც ერთი გამოხმაურება, რეცენზია ან დადებითი შეფასება ვერ ვიპოვეთ. თითქოს მაშინ არაფერი მომხდარა, თითქოს იმდროინდელ ქართულ მონუმენტურ სახვით ხელოვნებას ამ ფარდის სახით საგანძური არ შეჰმატებია. მაგრამ ჩვენში ხელოვნების ძვირფასი ნიმუშები ხომ უხმაუროდ იბადებიან...

თამარის ხიდები აქეთურ და იქეთურ ქართველთა შორის / მოგზაური ეთნოლოგის ჩანაწერები ტაო-კლარჯეთში შუა საუკუნეების ლამის ყველა ხიდს თამარ მეფისას ეძახიან. ხიდი ბევრ სოფელშია (თანაც, ზოგან არაერთი) და არაერთხელ შემოგვხვდა ჩვენი მოგზაურობისას საქართველოს ამ უძველეს ისტორიულ მხარეში, რომელიც დღეს თურქეთის რესპუბლიკაშია მოქცეული. საქართველო-თურქეთის ურთიერთობის გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო ერთი ფუძის მქონე ხალხის - აქეთური და იქეთური ქართველების დაახლოებას. ეს ვრცელდება არა მხოლოდ ტაო-კლარჯეთზე, არამედ თურქეთის რესპუბლიკის იმ რეგიონებზეც, სადაც ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები არიან კომპაქტურად ჩასახლებული. ჩვენი რეპორტაჟებიც, რომელიც ამ რეგიონებში ქართველ მეცნიერთა მოგზაურობას ასახავს, “აქეთურთა და იქეთურთა” კიდევ უფრო დამეგობრებასა და დაახლოებას ემსახურება.

...შეუმჩნევლად გაილია ექსპედიციის დღეები. ვემშვიდობებით ტაო-კლარჯეთს, ვემშვიდობებით მაჭახელს. ჩვენი რეპორტაჟებიც, უფრო სწორად, ეთნოლოგის ჩანაწერები ამით გასრულდა. მოპოვებულ მასალაზე სტატიები და მოხსენებები იწერება. აქაურობა კი კვლავ ელის ეთნოლოგების, ხელოვნებათმცოდნეების, არქიტექტორების, არქეოლოგების, ენათმეცნიერების, ფოლკლორისტების მორიგ ექსპედიციებს, რადგანაც “სამკალი ფრიად არს”. ამის იმედს კი იძლევა კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის, ორივე ქვეყნის მეცნიერ-მკვლევართა გახშირებული საქმიანი და შემოქმედებითი კონტაქტები.

სეგოვიის ალკაზარი / მსოფლიოში ცნობილი ციხე-დარბაზები

ესპანეთის მეფეთა ზღაპრული ციხე-დარბაზი ქალაქ სეგოვიის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს - ესპანეთის პროვინცია კასტილია ი ლეონში. ალკაზარი კორდილიერას მთათა სისტემის ცენტრალურ ნაწილში, გუადარამას მთების მახლობლად, მდინარეების - ერესმასა და კლამორესის შესართავთან აღმართულ კლდეზე დგას. წარმტაცი მდებარეობის წყალობით, ის ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ცნობილი ციხე-დარბაზია...

ბიბლიური სოდომი ნაპოვნია?! / ახალი ამბები

მეცნიერები ნიუ-მექსიკოდან ირწმუნებიან, რომ ბიბლიური ქალაქი სოდომი აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა განცხადება იორდანიაში ექსპედიციის ათწლიანი მუშაობის შემდეგ გააკეთეს. ჯგუფმა, რომელსაც სტივენ კოლინზი ხელმძღვანელობს, უძველესი ქალაქის ნანგრევები მდინარე იორდანეს ნაპირას, ტალ-ელ-ჰამამის რეგიონში აღმოაჩინა. კვლევებისა და ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ქალაქი ძვ.წ. 3500-1450 წლებში, ანუ ძველი აღთქმის პერიოდში არსებობდა.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

2000 წლის დოლი კუნძულ ტიმორიდან

იტალიაში გაუძარცვავი ეტრუსკული სამარხი აღმოაჩინეს

ფრანგული რუკა სულხან-საბას ცნობებზე დაყრდნობით

პირველი ქართველი მესურათხატის “დაბრუნება” / ალექსანდრე როინაშვილის “კავკასიური მოძრავი მუზეუმის” კარი 150 წლის შემდეგ პირველად გაიღო

საქართველოს გაერთიანება / ილუსტრირებული ისტორია

“არაბული” გეოგლიფები იორდანიაში

ხანცთის მონასტრის უცნობი ნაგებობა / ახალგამოვლენილ რეზერვუარს ქართულ საერო და საეკლესიო არქიტექტურაში ანალოგი არ ეძებნება

“კახეთო, ჩემო კახეთო!..” / გაიცანი საქართველო

პატარა აკაკის როლიდან აშშ-ის მოქალაქეობამდე / როცა ფილმის გადაღება დასრულდა, 7 წლის “მსახიობის” ანგარიშზე 100 ათასი მანეთი ირიცხებოდა. ამ ფულით მაშინ ხუთი მანქანის ყიდვა შეიძლებოდა

შეუპოვარი მოგზაურის წერილები აფრიკიდან / პოლონელმა კაზიმეჟ ნოვაკმა ველოსიპედით, ცხენით, აქლემით და ფეხით 40 ათასი კილომეტრი გაიარა

მსოფლიო კინო და საქართველო XX საუკუნეში

გიგანტური ხაფანგი “მთავარი ნადირისთვის” / ოპერაცია “ტრესტი” (ნაწილი II)

ირაკლი ოჩიაურის უკანასკნელი ჯილდო / ცხოვრება / ლელა ჯიყაშვილი

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები