ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის "ისტორიანის" მარტის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის "ისტორიანის" მარტის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომერი #3(63), რომელშიც წაიკითხავთ:

ტრაგედია / 1956 წლის 9 მარტის "მოლოტოვის კოქტეილი"

5 მარტი... 1956 წელი...

სამი წელიწადი სტალინის გარდაცვალებიდან...

საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში მოქალაქეები სტალინის ძეგლთან იკრიბებიან...

სამგლოვიარო მიტინგები იწყება გორში, ბათუმში, სოხუმში...

სამგლოვიარო მიტინგები 1953 წლის შემდეგ ეწყობა, მაგრამ ამას საბჭოთა ხელისუფლება არ გაუღიზიანებია.

1956 წლის 5 მარტი განსხვავებულია.

ამ დღეს, სამგლოვიარო მიტინგით დაწყებული პროცესები მოგვიანებით ისტორიაში შევა, როგორც 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენები. მანამდე კი ამ მოვლენებსაც, მის ამსახველ მასალებსაც თუ დოკუმენტაციასაც გრიფი "საიდუმლო" დაედება და დღის სინათლეს მხოლოდ ათწლეულების შემდეგ იხილავს.

ქართველები საზღვარგარეთ / ქართველები პაკისტანისა და ინდოეთის სამსახურში

ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლებს - გენერალ შალვა მაღლაკელიძესა და საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, პუბლიცისტ მიხეილ ქავთარაძეს XX საუკუნის 50-70-იან წლებში მჭიდრო ურთიერთობები გააჩნდათ პაკისტანისა და ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწეებთან.

1950-1953 წლებში პაკისტანში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოღვაწე, ხოლო შემდგომში - ვერმახტის გენერალ-მაიორი შალვა მაღლაკელიძე (1894-1976).

საინტერესოა, როგორ მოხვდა მაღლაკელიძეების ოჯახი პაკისტანში...

ექსპედიცია / დიდაზნაურის სასახლე კახეთში - ვანთის კომპლექსი, ილარიონ ქართველი და ჩვენამდე მოღწეული უძველესი არტეფაქტები

საქართველოს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მრავალი არტეფაქტი მკვლევარსა და მეცნიერულ შესწავლას ჯერ კიდევ "მიწის ქვეშ" ელოდება... თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების ექსპედიციამ ამ ზაფხულს არქეოლოგიური გათხრები განახორციელა კახეთში, სოფელ ვანთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წარსულის არაერთ ნაშთს მიაკვლიეს, როს შესახებაც ექსპედიციის ხელმძღვანელი გვესაუბრება.

სახალისო მითოლოგია / მითი ჩაილურის წყლის შესახებ

ჩვენში გავრცელებულია თქმულება-გადმოცემა, თითქოს მდინარე ჩაილურის წყლის (დღევანდელ საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია) დალევა შემდეგ გარემოებას უკავშირდება: როცა დაღესტნელი ყაჩაღების დატყვევებული და გატაცებული ქართველი "ჩაილურის წყალს დალევდა" - ანუ მდინარეს გასცდებოდა, მიიჩნეოდა, რომ სამშობლოსთვის იგი უკვე დაკარგული იყო. ეს თითქოს ხდებოდა მსგავსად იმისა, როგორც იმერეთში, ხანისწყალზე მდებარე კაკასხიდის გადალახვა ტყვეთა მიერ ახალციხის მიმართულებით, საბოლოოდ მათ გადაკარგვას ნიშნავდა.

ალ-კარაკის საიდუმლო / რენო დე შატილიონის ციტადელი ტრანსიორდანიაში

დასავლეთ იორდანიაში მდებარე კერაკი, იგივე ალ-კარაკი, ჯვაროსნული ლაშქრობების დროინდელი მძლავრი, ერთ-ერთი ძირითადი სიმაგრე იყო ლევანტში (ფრანგ. - ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნების საერთო დასახელება). მის დაკავებას ცდილობდნენ როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი მეთაურები, რათა რეგიონში თავიანთი ძალაუფლება განემტკიცებინათ...

ისტორიის საიდუმლოებანი / ეპილეფსია გენიოსობის ტოლფარდია?!

ძველ ბერძნებს ეპილეფსია ისეთ დაავადებად მიაჩნდათ, რომელსაც ადამიანებს ღმერთები უგზავნიდნენ. ეპილეფსიით დაავადებულთა მიმართ შიში ხალხს მხოლოდ განმანათლებლობის ეპოქაში გაუქრა, როცა უკვე სისულელედ აღიქმებოდა მტკიცება, რომ ადამიანის რომელიმე დაავადების უკან ზებუნებრივი ძალები დგას. თუმცა ამ დაავადების განმკურნებელი წამალი დღემდე არ ჩანს.

ეპილეფსიის შესახებ უძველეს ცნობებს 4 ათასი წლის წინანდელ ეგვიპტურ პაპირუსებსა და მესოპოტამიურ ჩანაწერებში ვხვდებით. ჰამურაბის კოდექსში ჩანაწერი გვაუწყებს, რომ თუ ახალშეძენილ ჩვილს ერთი თვის განმავლობაში აღმოაჩნდება "სპაზმური დაავადება", მყიდველს შეუძლია ის პატრონს დაუბრუნოს...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ოსმალეთის ქართველები / პირველი ქართველი დიდვეზირი ოსმალეთში

რკინიგზა, რომელმაც ამერიკა შეცვალა / მსოფლიოში პირველი ტრანსკონტინტური რკინიგზა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყვანეს

გაიცანი საქართველო / მცხეთა-მთიანეთი - ქართლის გულიდან ცადაზიდულ მწვერვალებამდე

ჯაშუშური თამაშები / "ტრესტმა" უნდა მოკლას სტალინი?! (ოპერაცია "ტრესტი". ნაწილი III)

საქართველოს ძეგლები / წუღრუღაშენი - სილამაზით გამორჩეული ტაძარი წმინდა გიორგის ხუთშაბათის ჯვრის სახელობისაა

ცხოვრება / გოჩა ჯაფარიძის არაბული სამყარო - "მინდა ჩემი, როგორც მეცნიერის გამოცდილება, რომელიმე ახალგაზრდას გადავცე"...

ჯარისკაცის თავგადასავალი / 500 დღე და ღამე მტრის ზურგში (გაგრძელება) და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები