ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ივნისის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ივნისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ივნისის ნომერი #6(66), რომელშიც წაიკითხავთ:

კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II - ქებაი ქებათაი რუსთველს / დახურულ წერილში ირაკლი აბაშიძე პატრიარქ ეფრემ II-ს სთხოვდა, შოთა რუსთაველი წმინდანად შეერაცხათ

50 წლის წინ ქართველმა ხალხმა ღირსეულად აღნიშნა თამარის ეპოქის გენიალური ქართველი პოეტისა და მოაზროვნის, შოთა რუსთაველისა და მისი უკვდავი “ვეფხისტყაოსნის” 800 წლის იუბილე. როგორ გაართვა თავი გასული საუკუნის 60-იანი წლების ქართულმა ელიტამ ამოცანას, იუბილე ნამდვილ ეროვნულ და სახალხო დღესასწაულად ექცია? ამ უახლესი ისტორიის გახსენება საინტერესო იმ თვალსაზრისითაც იქნება, რომ დიდი ქართველი პოეტის 850-ე წლისთავი გვიახლოვდება.

ქართველი ღულამები ინდოეთში (XV-XVII სს.) - ქართველი მონა-ტყვეები არანაკლებ წარმატებებს აღწევდნენ ინდოეთში, ვიდრე მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში

ქართველები საუკუნეების განმავლობაში წარმატებებს აღწევდნენ უცხოეთში სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე. ბიზანტიის იმპერიაში, ოსმალეთში, სპარსეთში, ერაყში, ჩრდილოეთ აფრიკასა თუ ეგვიპტეში მოღვაწე ქართველთა შესახებ ბევრი რამ დაიწერა, მაგრამ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ XV-XVII საუკუნეებში ქართველთა საქმიანობა სამხრეთ აზიაში ნაკლებად ცნობილ საკითხად რჩება. არადა, ეს მეტად საინტერესო თემაა, ვინაიდან ინდოეთში ქართველი მონატყვეები ეგვიპტელ და ერაყელ მამლუქებზე არანაკლები წარმატებით გამოირჩეოდნენ.

“გაევროპელება” ძველ თბილისში / რუსეთისგან თავს მოხვეულმა უცხო წესრიგმა საზოგადოების ცხოვრების წესი, ადათი და ფასეულობათა სისტემა უმოწყალოდ დაანგრია

ადამიანი საკუთარ თავს კონფლიქტურ, კრიზისულ სიტუაციაში ავლენს, იკვეთება მისი ნება და არჩევანი. ხალხური სიბრძნე ამბობს, რომ “განსაცდელი კაცის სიმტკიცეა”, რაც შეიძლება მთლიანად ერზე, როგორც ისტორიულ ინდივიდზე განვაზოგადოთ... ერთი ასეთი წინააღმდეგობრივი საფეხური ჩვენი ხალხის ცხოვრებაში XIX საუკუნეა, რუსული წესრიგის დამკვიდრების ხანა. “გათიშე და იბატონეს” იმპერიული პოლიტიკა, ალექსანდრე ორბელიანის სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო “მოყვრულად მტრობა და ალერსობა”, მიზანი კი - არარუსი ხალხების გარუსება, რასაც თავად რუსების აზრით, კავკასიის ნახევრად ველური, აზიელი ხალხებისთვის სიკეთე უნდა მოეტანა. მეტიც, ამ “ცივილიზატორულ” მისიაში ბრიტანეთის იმპერიაზე წარმატებულადაც მიაჩნდათ თავი. “დამოყვრების” პოლიტიკას წარმატებით ატარებდა მეფისნაცვალი მიხაილ ვორონცოვიც. მისი “დემოკრატიულობა” ამ ასიმილატორული პოლიტიკის - გარუსების სამარცხვინო გეგმის ნაწილი იყო...

ქუთაისური ფული - ბოლშევიკებზე კონტრშეტევისთვის / რატომ დაიბეჭდა 1921 წელს ქართული ფული ქუთაისში

საუკუნის ათიანი და ოციანი წლების მიჯნაზე ქაღალდის ფულადი სუროგატები ფართოდ გამოიყენებოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ასეთი ტიპის ფულის ნიშნებით არაერთი სახელმწიფოს მიმოქცევის არხები წლობით იყო გავსებული. 1914-1922 წლებში მხოლოდ გერმანიის ქალაქებში 50 ათასამდე სხვადასხვა ტიპის ქაღალდის ფულადი სუროგატი გამოვიდა

სახელმწიფოს სახელით გამოშვებული ფულადი ნიშნების ნაკლებობისას, რაც 1918-1924 წლებში საქართველოში ხშირად აღინიშნებოდა, არა მხოლოდ ქალაქები, არამედ ცალკეული საზოგადოება, დაწესებულება ან კერძო კლუბიც კი იძულებული ხდებოდა, საკუთარი ფულადი სუროგატები, ძირითადად, ქაღალდის ხურდა ფულის სახით დაებეჭდა. შავიზღვისპირა ქალაქებში ქაღალდის ფულადი სუროგატები გამოუშვეს ძირითადად რუსეთის იმპერიალისტური ძალების მხარდამჭერმა ადგილობრივმა საქალაქო საბჭოებმა ან ხაზინებმა... აღსანიშნავია, რომ ძირძველ ქართულ ქალაქში - ქუთაისში, ქაღალდის ფულადი სუროგატები თვით საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოუშვა. ეს თითქოსდა დაუჯერებელი ფაქტი მოხდა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ მონაკვეთში.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

“ჯვარის გუშაგნი” / მალხელი გურჯების ნაკვალევზე (ნაწილი II)

15 წლის მოსწავლის აღმოჩენამ უძველესი ცივილიზაციის სპეციალისტები გააკვირვა

ყველა “ვეფხისტყაოსანი” ერთ წიგნში / “ძველი პოეტებიდან სრული აღწერილობა მხოლოდ შოთა რუსთაველისა არსებობს მსოფლიოში”

მითები ჩვილ ბავშვთა კალოზე გალეწვის შესახებ

უხუცესმა ქართველმა დიდვეზირმა 113 წელიწადს იცოცხლა / თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფის ენციკლოპედია

ბარდუსის ციხე - საქართველოსკენ მომავალი გზის მცველი / ტაო-კლარჯეთი

მარაო არისტოკრატ ქალთა “არსენალში” / ცდუნების იარაღი

სიგურდის საგა: ნორვეგიელთა ჯვაროსნული ომი / პირველი მეფე ჯვაროსნებში

ჰერული (ინგილოური) მუზეუმის დაარსებისთვის

უკრაინა საბჭოთა ნოვოროსიის წინააღმდეგ / სიმონ პეტლიურას შესრულებული მისია (ნაწილი II)

ჰიმეძი - ჰარმონია ბუნებასთან იაპონურად / მსოფლიოში ცნობილი ციხე-დარბაზები

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები