ნინო ჯანგირაშვილი - ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ GDS, "რუსთავი 2", "კავკასია" და "ობიექტივი" ერთ აზრზეა, მომზადებული კანონპროექტი საშინელებაა

ნინო ჯანგირაშვილი - ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ GDS, "რუსთავი 2", "კავკასია" და "ობიექტივი" ერთ აზრზეა, მომზადებული კანონპროექტი საშინელებაა

ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ GDS და "რუსთავი 2", "კავკასია" და "ობიექტივი" და აბსოლუტურად ყველა ტელევიზია ერთ აზრზეა, ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საშინელებაა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "კავკასიის" ტელეწამყვანმა ნინო ჯანგირაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩევლებისა და ტელეკომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ჯანგირაშვილის თქმით, პროექტის ის ვერსია, რომელიც პარლამენტში არსებობს, მიუღებელია აბსოლუტურად ყველა მაუწყებლისთვის, ეს არის ძარცვა.

"სამწუხაროდ, დამკვიდრდა ძალიან მანკიერი პრაქტიკა, რომ ჩვენს ქონებას ანაწილებენ ისე, რომ არაფერს გვეკითხებიან. არც კი მოუსმენიათ და არც უკითხავთ ჩვენი აზრი. ეს კანონპროექტი გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას. ასევე უსიამოვნო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის, რომლებსაც დაუსრულებლად მოუწევს პოლიტიკური რეკლამის ყურება. ამას ემატება მანკიერი პრაქტიკა, რაც არის უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე გაჩაღებული ვაჭრობა პარტიებს შორის", - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ მოხერხდება ორგანიზება, რომ ყველა ტელეკომპანიამ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი სარჩელით მიმართოს. თავის მხრივ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელ ნათია კუპრაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებით ასოციაციას უკვე მომზადებული აქვს სარჩელი, რომელიც შეტანილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა სარჩელის განხილვა მაშინ შეწყდა.

კუპრაშვილის თქმით, მან დღევანდელ შეხვედრაზე ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ აღნიშნული სარჩელით ისარგებლონ და კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოს სარეკლამო დროსთან დაკავშირებით მიმართონ.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა დღეს ურჩიეს პრეზიდენტის მრჩევლებს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა კანონპროექტის ნაწილს ვეტო დაადოს და იმ შემთხვევაში, თუ კანონი აღნიშნული სახით იქნება მიღებული, ის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს არა მარტო ის პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო ან რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო, არამედ ყველა პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს. შესაბამისად, იმ პარტიათა რაოდენობა იზრდება, რომელთაც საარჩევნოდ უფასო საეთერო დროის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ და ეს დრო ყველა ე.წ. კვალიფიციურ სუბიექტზე გადანაწილდება. ამასთანავე, პროექტით არ იზრდება მაუწყებლის მიერ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები