ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ივლისის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ივლისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ივლისის ნომერი #7(67), რომელშიც წაიკითხავთ:

უსამართლობა რუსთველისა და ეკლესიის მიმართ - როგორ შეიქმნა ახირებული აზრი, თითქოს საქართველოს ეკლესია “ვეფხისტყაოსნის” ავტორს სდევნიდა

«რუსთაველის ეპოქაში ქრისტიანულ ეკლესიას დიდად სათნოდ უჩნდა «ვეფხისტყაოსნის» ავტორი, - აღნიშნავს პატრიარქი ეფრემ II სამეცნიერო შრომაში «რუსთაველის აღმსარებლობისათვის და «ვეფხისტყაოსნის» დევნისათვის», - XIX საუკუნიდან მკვლევართა ერთ ნაწილში ფეხი მოიკიდა ახირებულმა და აკვიატებულმა აზრმა, შეხედულებამ, თითქოს ეკლესია ებრძოდა და სდევნიდა რუსთაველს, რადგან თითქოს «ვეფხისტყაოსანი» ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანობას. შემდგომში, განსაკუთრებით XX საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ეს ყალბი შეხედულება ხელზე დაიხვიეს რელიგიასა და კულტურის ისტორიაში ნაკლებად ჩახედულმა ან სულაც უვიცმა პირებმა, უპრეტენზიო, არამკითხე მკვლევრებმა და პუბლიცისტებმა, რომლებიც ჭეშმარიტებას დიდად არ დაგიდევენ, ოღონდ კი თავიანთი ნახელავის დაბეჭდვა და გასაღება მოახერხონ. «ბრმაი ბრმასა თუ წინა- უძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან». ასე გადაიქცა მოარულ შეხედულებად მითი ეკლესიის მიერ რუსთაველის დევნისა».

ნიხახის ციხე - სპერიდან ტაოსკენ მომავალი გზისა და ხეობის მცველი

საქართველოს თავდაცვის სისტემაში დიდ როლს ასრულებდნენ ტაოში შემომავალი გზები და მათი დაცვის მიზნით აგებული ციხეები. ბუნებრივია, სათანადო დაცვა და გამაგრება სჭირდებოდა როგორც ტაოსკენ მომავალ გზებს, ისე ხეობების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსაც.

გარდა საზღვრების გარედან მომავალი გზებისა, ცხადია, არსებობდა ქართულ პროვინციებს შორის დამაკავშირებელი გზები და იქ აგებული სიმაგრეები. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ნიხახის ციხე, რომელიც ისტორიული სპერის მხრიდან ტაოში, თანამედროვე ქალაქ იუსუფელისკენ მომავალ გზაზე მდებარეობს. სპერის მხარე, სპერის მთა და მისკენ მიმავალი გზა საქართველოს საზღვარს წარმოადგენდა. შესაბამისად, ქართველი მეფეები სპერისა და მისკენ მიმავალი გზის სათანადოდ გამაგრებასა და დაცვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

ოქროს კოლექციის პირველი მონეტა, «კოლხური თეთრი» უკვე «მოიჭრა»...

საქართველოს ისტორიას ქართული მონეტები მოგვითხრობენ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მათი მოჭრის პერიოდზე მონეტები გაცილებით მეტ ინფორმაციას გვაწვდიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სახელმწიფო პრიორიტეტებზე, რელიგიაზე და სხვ. სწორედ საქართველოს ისტორიის უკეთ შესაცნობად „პალიტრა L“-მა უნიკალური წიგნი-ალბომი - «ქართული მონეტების ოქროს კოლექცია» გამოსცა. ალბომი გამორჩეულია როგორც შინაარსით, ისე ვიზუალურადაც. აქ შეხვდებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ არქეოლოგიურ მასალებსა და ხელოვნების ნიმუშების უნიკალურ ფოტოილუსტრაციებს, კოლექციის შეგროვების შემდეგ კი წიგნ-ალბომში მოექცევა სხვადასხვა ეპოქაში მოჭრილი 24 მონეტის ანალოგიც.

სულხან-საბას ნაკვალევზე - მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ

1 ივნისს ზუსტად 300 წელიწადი შესრულდა მას შემდეგ, რაც სულხან-საბა ორბელიანი ევროპული მოგზაურობიდან საქართველოში დაბრუნდა. სწორედ 1 ივნისს დაასრულა სულხან-საბას კვალდაკვალ მოგზაურობა ცნობილმა ჟურნალისტმა პაატა ნაცვლიშვილმა. მან ეს მოგზაურობა 2014 წლის 9 ივნისს დაიწყო, ანტიბიდან მოყოლებული, ზუსტად მიჰყვა საბას მოგზაურობის ქრონოლოგიას და საბას მსგავსად 29 ივნისს რომში შევიდა. სიცილიისა და მალტის გარდა, რომელთა გავლა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, მან გაიმეორა ორბელიანის თითქმის მთელი მარშრუტი - მოიარა საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის მრავალი ქალაქი თუ სოფელი და დიდძალი მასალა მოაგროვა მომავალი წიგნისა და ფილმისთვის...

«კრემლის ლაშქარი» - თანამედროვე რუსეთის მოკლე ისტორია

«ისტორიანი» იწყებს საინტერესო ამონარიდების გამოქვეყნებას ცნობილი რუსი ავტორის, ჟურნალისტისა და მოსკოვის ტელეარხ «დოჟდის» ყოფილი მთავარი რედაქტორის, მიხეილ ზიგარის გახმაურებული წიგნიდან «კრემლის ლაშქარი». გთავაზობთ ორ გამოხმაურებას წიგნის შესახებ. სვეტლანა ალექსიევიჩი, 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში: «მე პირველად წავიკითხე იმ ყველაფრის თანამიმდევრული აღწერა, ყველაზე სერიოზული კვლევა იმისა, რაც 20 წლის განმავლობაში მოხდა, და შესაძლებლობა მომეცა, ყველაფერი პირველი პირებისგან გამეგო». გრიგორი ჩხარტიშვილი (ბორის აკუნინი): «საკმაოდ ინფორმატიული, საკვირველი, მშვიდი და, რაც დღევანდელ პირობებში ყველაზე საკვირველია, სრულიად მიუკერძოებელი წიგნია. რუსეთის სახელმწიფოს უახლესი ისტორიის შესახებ. ამ წიგნიდან მე ისეთი რამეც შევიტყვე, რისი შეტყობაც ჩემთვის უფრო არასასურველია». ქართულად მთარგმნელის შეფასებით, «წიგნში მოყვანილი მასალა თვალნათლივ აჩვენებს, რომ დღევანდელ რუსეთში მდგომარეობა 80-იანი წლების უძრაობის მსგავსია».

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ტყვეების «ექსპორტი» საქართველოდან - პორტუგალიელთა ინდოეთში შეჭრის ეპოქაში ქართველ სამხედრო მონებს ევროპელთა მატიანეებშიც იხსენიებდნენ

ქართული ძეგლები საზღვრებს გარეთ - ტაო-კლარჯეთის თავდაცვის სისტემა სრულად აღიწერა

«ნუშის დღესასწაული» - აღდგომიდან ამაღლებამდე ძველ თბილისში (ეთნოლოგიური ნარკვევი)

კუნგ-ფუს საკუთარი ვერსია ბრიუს ლისგან

ნოე ჟორდანიას დაკარგული ბიუსტი იაკობ ნიკოლაძის შესრულებით

პირველი ასო-ნიშნები: უძველესი სიმბოლოების საიდუმლო ამოხსნილია

«ვეფხისტყაოსანი» ჩეჩნურ ენაზე გამოიცა

სახელმწიფო-»გამაჯანსაღებელი» გადატრიალება პოლონეთში - როგორ გახდა იუზეფ პილსუდსკი პოლონეთის ეროვნული გმირი

11 განძი ლეჩხუმიდან - საქართველოს ეს მხარე კოლხური ბრინჯაოს კულტურის ერთ-ერთი მძლავრი კერაა

სამხედრო ისტორიის თეთრი ლაქების შესავსებად

სამხედრო საქმე - მონღოლი მეომრები

ფოტოალბომი გაიცანი საქართველო - განსაკუთრებული სვანეთი

ლატვიის მთავრობამ ქართველი მეცნიერი დააჯილდოვა

ილუსტრირებული ისტორია - ვახტანგ გორგასალი

ქართული ძეგლები - წილკანი: ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი სამი ეპოქის ნაგებობებს აერთიანებს

ცხოვრება - ცნობილ მომღერალს არავინ იცნობდა ბოლომდე... - ერთი წლის წინ, 26 ივნისს ეთერ კაკულია გარდაიცვალა.

ჯარისკაცის თავგადასავალი - 500 დღე და ღამე მტრის ზურგში

ფურცლები წარსულიდან - ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები