"დაბალი, უხვი, ოპტიმისტი, ცოტა ფიცხიც, ზოგჯერ გულჩვილიც", - ასე ახასიათებს საკუთარ თავს ჟურნალისტი და "ნატოს გენერალური მდივანი" საქართველოში, თენგიზ გოგოტიშვილი.რაც ყველაზე მეტად მომწონს მასში, იუმორი და მეტყველების მისეული, ზოგჯერ მწარე და ზოგჯერ ცინიკური მანერაა. ამას რომ ენა არ ჰქონდესო... მასზეა ნათქვამი.
მე მისი ფსიქოპორტრეტის შედგენას შევეცადე...
- როცა ინტერვიუს იღებენ, თუ ცდილობ, იმაზე უკეთესი გამოჩნდე, ვიდრე სინამდვილეში ხარ?
- ამას ყველა ცდილობს და ყოველთვის. არც მე ვარ გამონაკლისი. სარკეში რომ ვიყურები, მაშინაც ვარწმუნებ საკუთარ თავს, რომ ლამაზი, მაღალი და მხარბეჭიანი ვარ.
- ახლაც აპირებ კეკლუცობას თუ გულწრფელი იქნები?
- უკეთ გამოჩენის სურვილსა და კეკლუცობას შორის შუალედს არ მიტოვებ? რაც სათქმელია, ვიტყვი.
- ცოტაოდენი შენს ბავშვობაზე მიამბე - რა გარემოში იზრდებოდი, გათამამებდნენ თუ არა მშობლები, გყავს თუ არა დედმამიშვილები, რას აშავებდი და რას აკეთებდი...
- და-ძმა არ მყავს. ძალიან ვნანობ, მაგრამ ჩემი სინანული ამ საქმეს არ შველის. მარტო ვიზრდებოდი-მეთქი, ვერც ამას ვიტყვი, რაკი ბიძაჩემი წლობით უცხოეთში მუშაობდა და, როდესაც დეიდაჩემი იქ აკითხავდა, ჩემი დეიდაშვილები ჩვენთან იყვნენ. ეს, ალბათ, ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა - კეკლუცობის გარეშე ვამბობ. ახლაც, დედმამიშვილების სადღეგრძელო მათზეა... მაშინაც ძალზე ბედნიერი ვიყავი, მე თუ ვრჩებოდი მათთან.
დეიდას, ხომ იცი, დედის სუნი ასდის, დეიდაშვილს - და-ძმის. მძიმე ბავშვობა არ მქონია, ვერ დავიჩივლებ. თუმცა გარშემო ვიღაცას, შეიძლება, მეტი სათამაშო ან უკეთესი ბოტასი ჰქონდა, ეგ არაფერი. "შატალოებს" თუ არ ჩავთვლით, დაშავებით, ბევრი არაფერი დამიშავებია. მაგრამ მაშინაც დედაჩემის დარიგებას ვასრულებდი - ყველა თუ გაიპარება, შენი ფეხი არ დავინახო სკოლაში, მეგობრებთან თავი არ მოიჭრაო. არც მომიჭრია.
დასაკარგი არაფერი მქონდა, სამოსანს ნიშანს, აბა, ვინღა დამაკლებდა?!. ყველაზე მწარედ სკოლაში მამაჩემის დაბარება მახსოვს. მეორე კლასში ვიღაცამ გაკვეთილზე დაუსტვინა და მასწავლებელმა გადაწყვიტა, გოგოტიშვილი იყოო. არადა, იმ მასწავლებლის ხსოვნა შემიძლია დავიფიცო, სტვენა მხოლოდ მე-6 კლასში ვისწავლე. მამას არასდროს ვუცემივარ, მაგრამ ისეთ დღეში ჩააგდო ჩემმა დამრიგებელმა, რომ მთელი დღე მაბღავლა. კარგის კეთებაში რა იგულისხმება? რომ არაფერს ვაშავებდი, კარგი არ არის? ორ ენაზე დავდიოდი - ინგლისურსა და გერმანულზე. მუსიკაზე - 4 თვე და მერე გამოვედი. დედაჩემი დღემდე ვერ მპატიობს, მაგრამ წამით არ მინანია. სიგარეტი მესამე კლასში გავსინჯე და იმდენად არ მომეწონა, არც ახლა ვეწევი.
- სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი?
- დაბალი, უხვი, ოპტიმისტი...
- რა არ მოგწონს შენს ხასიათში?
- ყველაფერიც მომწონს! არა, ხანდახან ნამეტანი ფიცხი ვარ, თუმცა დროსთან ერთად, მგონი, ვერევი თავს. 20 წელიწადში, იმედია, უფრო მშვიდი ვიქნები, 50-ში - საბოლოოდ დამშვიდებული! კიდევ, არ მიყვარს ბოდიშის მოხდა - ამასაც შეძლებისდაგვარად ვებრძვი. ისე, ყველაზე კარგი წამალია, არაფერი დააშავო.
- როგორ ადამიანებთან გიჭირს ურთიერთობა?
- ყველანაირს ვეგუები.
- რის გამო შეიძლება იტიროს თენგომ?
- "პატარა უფლისწული" წამაკითხე და ახლა გაჩვენებ, ბღავილი როგორ უნდა.
- ბოლოს როდის იტირე?
- ორი დღის წინ. "რუსთავი 2"-ზე "ვის უნდა 20.000" გადიოდა და იმ ბავშვის საცოდაობას ვერ გავუძელი.
- რისი ფობია გაქვს?
- მგონი, არაფრის. რეგვენებს ვერ ვიტან, ხისთავიანებს. არ მიყვარს ქუჩაში ჩაცუცქული ხალხი, გარშემო რომ ყველაფერი მზესუმზირის ჩენჩოთი და საკუთარი ფურთხით აქვთ სავსე. არ მიყვარს, როდესაც სუფრასთან ერთი მეორეს აჩერებს, "თამადას მოუსმინე, ჩემი დედა... დედების სადღეგრძელოა!"
- ლიფტში ვთქვათ (მანანა გამსახურდიასთან, ანგელა მერკელთან, შორენა ბეგაშვილთან - აირჩიე) ერთად გაიჭედე, რაზე ისაუბრებთ?
- გმადლობთ, კიბით ავალ...
- სამსახურისკენ მიიჩქარი და წინ, მანქანის სავალ ნაწილზე ნინა წკრიალაშვილი გადარბის, შენ თვალწინ ფეხსაცმელზე ქუსლი მოსტყდა; გვერდს აუვლი თუ დახმარებას შესთავაზებ?
- სანამ მანქანიდან გადავალ, მაგას ბარე ასი დამხმარე გამოუჩნდება. წკრიალაშვილს რა უჭირს?!
- საშუალება გეძლევა, შენ მიერ ჩადენილი ყველაზე ჯენტლმენური საქციელით მოიწონო მკითხველთან თავი, რას მოგვიყვები?
- უფრო მეტად მინდა მოვიწონო თავი - მრავლისმეტყველად გავჩუმდები.
- ამბობენ, მამაკაცები უფრო მეტს ჭორაობენ ქალებზე, ვიდრე ქალები კაცებზეო, ეთანხმები?
- არა, არა. მაგრამ, პრინციპში, შეგვიძლია ხუთი სიტყვით დავახასიათოთ ნებისმიერი ქალი. თან, არ არის აუცილებელი, ეს სიტყვები ერთობლიობაში წინადადებას ქმნიდეს. მხოლოდ არსებითი სახელები და ზედსართავებია საკმარისი.
- შენ თუ გილაპარაკია ძმაკაცებთან ქალზე, მაგალითად, "მშფოთვარე" ღამის შთაბეჭდილებები თუ გაგიზიარებია?
- მგონი არა. მართლა არ მახსენდება. ყოველ შემთხვევაში, ვინაობას ნამდვილად არ გავამხელდი.
- საზღვარგარეთ ერთ-ერთი სამსახურებრივი მივლინება გაქვს, სასტუმროს ნომერში, სადაც უნდა დაიძინო, სველი საწოლი დაგხვდა. როგორი იქნება შენი რეაქცია, რას გაიფიქრებ, რას იზამ?
- სტანდარტული რეაქცია - ვრეკავ "ლობიში" კახური ლექსიკით... ეს მხოლოდ ზღაპრებშია, დათვი რომ ბღავის, - ვის ეძინა ჩემს ლოგინში და ვინ შეჭამა ჩემი ფაფაო?!
- საყიდლებზე სიარული გიყვარს?
- კატეგორიულად - არა, თუ საჭმელს არ შეეხება. მაგრამ, თუ მაინც მომიწია "შოპინგმა", მტრისას - მაღაზიიდან ვერ გამომიყვან.
- მაღაზიის რომელ სექციასთან შეგიძლია, ინტერესით დიდხანს დგომა?
- მხოლოდ ინტერესის გამო - არც ერთთან. თუ რამე მინდა, ვყიდულობ. ერთადერთი, რაც საათობით გრძელდება, სხვისთვის საჩუქრის არჩევაა - თავადაც მეშლება ნერვები, იმდენად მიჭირს გადაწყვეტილების მიღება.
- როცა ძალიან დაწვრილებით გიყვებიან რაღაცას, აწყვეტინებ და ეუბნები, რომ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, თუ მოთმინებით უსმენ ბოლომდე თანამოსაუბრეს?
- მსოფლიოში საუკეთესო მსმენელი ვარ! ნაძლევს ჩამოვდივარ - ეს ხელოვნებაა და მე მას სრულად ვფლობ. მიმიქარავს ნებისმიერი ფსიქოთერაპევტი!
- როგორ გგონია - თავად დამღლელი არა ხარ ამ მხრივ?
- იმედი მაქვს, რომ - არა.
- ბოლოს გულიანად როდის იცინე და რაზე?
- გულიანი ხარხარი, ცრემლებამდე და ისტერიკამდე, არ მახსოვს და არც მოგატყუებ. ისე კი ვცდილობ, შეძლებისდაგვარად მეტი ვიცინო - სიცოცხლე გავიხანგრძლივო!
- სირცხვილის დაფაზე ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის გამოკვრა რომ დაგავალონ, ვის გაიმეტებდი?
- ჯერ მკითხე, ვის ჩამოხსნიდი-თქო?..
- რომელი უწყების მინისტრი იქნებოდა სიამოვნებით თენგო გოგოტიშვილი?
- ჩემს მტერს მინისტრობა! მართლა არ მინდა, მართლა. მზად ვარ, ნებისმიერი მინისტრის თანამდებობა დავიფიცო! თუ შურია, პარლამენტარებისა უნდა გშურდეს კაცს - აი, ასეთი ცხოვრება მინდა: წელიწადში 2 სესია, 3 ღილაკი, "კი, არა, თავს ვიკავებ" და ქვეყნის მამა გქვია!
- ყველაზე ურჩ რესპონდენტზე მიამბე. - შეიძლება, უარესებიც მყოლია, მაგრამ ბოლო ამბავს გეტყვი. 10 დღის წინ სტამბოლში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეკრებაზე შემთხვევით, იტალიის მინისტრს გადავაწყდი. "ვატაკე" მიკროფონი - ბატონო ჩემო, იქნებ ქართულ ტელევიზიას უთხრათ ორიოდე სიტყვა-მეთქი. აუ, გაიბადრა კაცი, - როგორ მიყვარს საქართველო, კალაძე, ფეხბურთი, აქეთური და იქითურიო... - მიუხედავად ამისა, 2008 წელს მაპ-ი მაინც არ მოგვეცით-მეთქი. - როგორ თუ არ მოგეცითო? - არ მოგიციათ, თორემ ხომ არ მოგაძახებდით ახლა-მეთქი. გადაულაპარაკა რაღაც თავის ამალას, იმათაც რაღაც იყაყანეს; მომიბრუნდა და სუფთა ინგლისურით აგრძელებს: I am very sorry, but we have no translator in our delegation and I do not speak English, I am really very sorry-ო. კი, როგორ არა, აგერ ახლა ლაპარაკობ გადასარევ ინგლისურზე, შენ და ინგლისურის არცოდნა ვის გაუგია-მეთქი?! - მაგრამ არ გაჭრა. წავიდა "ჩემი" მინისტრი. იტალიის ჯარის ნახევარი დასდევდა და იმის გამჩერებელი ვიყავი?
- ქრთამი თუ შემოუთავაზებიათ შენთვის ამა თუ იმ რეპორტაჟის ან წერილისთვის?
- ქრთამი - არა. ან იქნებ შემოუთავაზებიათ რაღაც, მაგრამ რომ გაგეცინება, იმავე წუთს გეშვებიან.
- პოეზიასთან როგორ ხარ?
- არც თვითონ მწერს! მე ხომ არ ვწერ და არ ვწერ. საერთოდ, არ ვეკარები არაფერს, თუ 300 პროცენტით არ ვარ დარწმუნებული, რომ გამომივა. გემოვნება ტრადიციული მაქვს. გალაკტიონი, ვაჟა და მერე ყველა სხვა. წიგნში თუ ჩამახედებ ხანდახან, 30-40 ლექსს ზეპირადაც გეტყვი, და გამოთქმით.
- ფრაზა მითხარი ლექსიდან, რომელიც გიყვარს ან რომელიც ახლა გაგახსენდა.
- "სადღეგრძელო იყოს მისი, ვინც ოცნებით იწოდა..."
- როგორი მამა ხარ?
- მგონი, არაჩვეულებრივი! და ვფიქრობ, რომ ჩემს შვილსაც ასე ჰგონია!
- შენმა შვილმა თავისზე 20 წლით უფროსი ქალი რომ შეირთოს ცოლად, რას იზამ?
- რად უნდა?.. ჩემხელა თავი მეზარება, რძალი კი არა. მაგისი ყველაზე ნაკლებად მეშინია, გემოვნება უნაკლო აქვს. ისეთებს არჩევს, მეც მშურს. ახლა, მაგალითად, მზეთუნახავი უყვარს.
- თავად დიდხანს აპირებ ცალად სიარულს?
- პასუხის პირველი ვარიანტი: ცალად სიარული სჯობს ბოლოჟამ დანანებასა. ვარიანტი მეორე: ცალად სიარულს არა უჭირს, ცალად წოლა უფრო ძნელია. ვარიანტი მესამე: ვინ გითხრა, რომ ცალად დავდივარ? ვარიანტი მეოთხე: უკომენტაროდ.
- როგორია შეყვარებული თენგო გოგოტიშვილი?
- ანუ ისევ შემრჩა თუ არა მხიარული თვალები? აივნის ქვეშ ცეცხლმოკიდებული თასებით დგომისა და ასფალტზე გულების ხატვის დრო, მგონი, წარსულს ჩავაბარე.
- შეგიძლია, ქალის გულისთვის თავი გაწირო?
- თავგანწირვაში თუ სიკვდილი იგულისხმება, დიდად არ მეშინია. არც მეჩქარება და არც შიში მაქვს.
- როგორი იქნება თენგო, 80-ს რომ მიუკაკუნებს?
- თუ ძილის წინ საპირფარეშომდე დამოუკიდებლად ვერ მივაღწიე, გაღვიძებულმა კბილის პროთეზი ვერ ვიპოვე და საღამოსკენ ჩემთან ერთად ნახევარი ბოთლის ჩამცლელი ძმაკაცი აღარ შემრჩა, სად და რას მაკაკუნებინებ?! დიდი მადლობა, მაგრამ მირჩევნია, მანამდე მომიკაკუნოს მიქელ-გაბრიელმა!
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)




















