ლაშა მესხი - საზოგადოებრივ მაუწყებელში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც "ბორდს" არხის განვითარების ალტერნატიულ ხედვებს წარუდგენს

ლაშა მესხი - საზოგადოებრივ მაუწყებელში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც "ბორდს" არხის განვითარების ალტერნატიულ ხედვებს წარუდგენს

საზოგადოებრივ მაუწყებელში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც "ბორდს" არხის განვითარების ალტერნატიულ ხედვებს წარუდგენს, - ამის შესახებ მაუწყებელში პროფკავშირების წარმომადგენლებსა და არხის თანამშრომლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც ჟურნალისტებს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, "მოამბის" ჟურნალისტმა ლაშა მესხმა განუცხადა, საინიციატივო ჯგუფში ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი პროფკავშირების წევრები.

ლაშა მესხის განცხადებით, მნიშვნელოვანია "ბორდმა" გაითვალისწინოს ის, რომ არ მოხდეს რაიმე ცვლილება, სანამ არ იქნება წარმოდგენილი ალტერნატიული ხედვები. მისივე განცხადებით, ის მოსაზრებები, რომელიც დღეს აღნიშნულ შეხვედრაზე თანამშრომლების მხრიდან იყო წამოყენებული, წერილობითი ფორმით გადაეცემა არხის გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს და იმედოვნებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პროფკავშირის წარმომადგენლები შეხვდებიან ასევე არხის ხელმძღვანელობას და მოხდება მათი პოზიციების გაცვლა.

ლაშა მესხის განცხადებით, არხზე მომუშავე თანამშრომლებს აღნიშნულთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არ აქვთ. "ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თანამშრომლებში არის სრული ერთიანობა და ამ ერთიანობიდან გამომდინარე შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც უახლოეს მომავალში მიმართავს "ბორდს" და წარუდგენს კონკრეტულ ალტერნატიულ გეგმას, ან გეგმებს, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს მუშაობა. ვიმედოვნებთ, "ბორდი" გაითვალისწინებს განვითარებულ მოვლენებს და მოგვცემს საშუალებას, ეს გეგმა წარვადგინოთ, რადგან დრო ამ შემთხვევაში ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს.

თავად გეგმის შემუშავებაზე ჩვენ აქტიურად დავიწყებთ შეხვედრებს. შეხვედრა თუკი მოესწრება, შეიძლება გაიმართოს დღესაც ან ხვალ და ვეცდებით მაქსიმალურად მცირე დროში მოხდეს ჩვენეული ხედვის ან ხედვების წარდგენა არხის "ბორდთან", - განაცხადა ლაშა მესხმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირისა და მედიის პროფესიული კავშირის ინიციატივით გამართული შეხვედრა არხის თანამშრომლებთან დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრას რიგი გადაცემების წამყვანებსა და პროდიუსერებთან ერთად საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები