თავისუფალია თავისუფალი მედია? - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითები აშშ-სა და ევროპაში

თავისუფალია თავისუფალი მედია? - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითები აშშ-სა და ევროპაში

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. დავასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს აღსრულების გადაწყვეტილების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.

ამ გარემოებამ ქართული საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. ნაწილი საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას მართებულად მიიჩნევს. მეორე მხარე კი "რუსთავი 2"-ს უჭერს მხარს და ხელისუფლებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაში ადანაშაულებს. ყოველივე ამას თან ერთვის ფრაზები - "მხოლოდ ჩვენთან ხდება მსგავსი რამ", "ევროპაში მსგავსს ვერავინ გაბედავს", "მხოლოდ იქ არის ნამდვილი თავისუფალი მედია და თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება".

ცენზურა - რაც თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას გულისხმმობს, კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ის ყოველთვის არსებობდა და იარსებებს - მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა. და თუ გგონიათ, რომ - იქ, ატლანტიკის ოკეანის გადაღმა ან უფრო ახლო მდებარე ევროპაში, ცენზურის საფუძველზე, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და მედიაზე ზეწოლა არ ხდება, თქვენ ცდებით.

სახელმწიფო და რელიგიური ძალაუფლების უცვლელ ატრიბუტად ცენზურა ანტიკურ დროში იქცა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 480-410 წლებში ათენში ღმერთების შესახებ ფილოსოფოს პროტაგორის წიგნები დაწვეს.

იგივე ხდებოდა რომის იმპერიაში. კათოლიკური ეკლესია ყველაზე შორს წავიდა. 1557 წელს რომის პაპმა პავლე IV-ემ სპეციალური დოკუმენტი - Index liborum prohibitorum - "აკრძალული წიგნების ინდექსი" გამოაქვეყნა. სიაში მოყვანილი წიგნების წაკითხვა აკრძალული იყო. ესეც ხომ ცენზურაა (!). კანონდარღვევა ეკლესიისგან ჩამოშორებით და სიკვდილით ისჯებოდა. საუკუნეების განმავლობაში სიის შემადგენლობა იცვლებოდა. სხვადასხვა დროს აკრძალული წიგნების სიაში ლორენცო ვალას, ვოლტერის, დანიელ დეფოს, ჯორდანო ბრუნოს, კოპერნიკის, გალილეო გალილეის, ბალზაკის ნაშრომები ხვდებოდა. რელიგიური ცენზურის ცეცხლში, არასასრუველ წიგნებთან ერთად, ხშირად მათ ავტორებსაც წვავდნენ. Index liborum prohibitorum-ი მხოლოდ 1966 (!) წელს გააუქმეს.

წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, სიტყვის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, ადამიანის უფლებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კონსტიტუციურად დაკანონებული უფლებაა. შესაბამისი ჩანაწერი 1789 წელს საფრანგეთში გამოქვეყნებულ "ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციაში" იყო გაკეთებული.

ნაპოლეონ ბონაპარტი ამბობდა - "მე სამი გაზეთის უფრო მეშინია ვიდრე 100 ათასი ხიშტის. თქვენ მე საფრანგეთის ბატონ-პატრონად მხედავთ. მაგრამ თავისუფალი პრესის შემთხვევაში, 3 თვითაც კი არ ჩავუდგებოდი ქვეყანას სათავეში". ნაპოლეონის ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. 1800 წლის 17 იანვარს გამოქვეყნებული დეკრეტით, საფრანგეთის პირველმა კონსულმა (იმპერატორად ნაპოლეონი 1804 წელს აკურთხეს) პარიზში მოქმედი 73 გაზეთიდან მხოლოდ 13 დატოვა. 60 ბეჭდურ გამოცემას მუშაობა აეკრძალა. 1811 წლისთვის მოქმედი გაზეთების რაოდენობა 4-მდე შემცირდა.

თქვენ იტყვით, რომ ნაპოლეონი, თავისი ხუშტურებით, ისტორიას 200 წლის წინ ჩაბარდა. მაგრამ მსგავსი მაგალითები დღესაც უამრავია. ვლადიმერ პოზნერს (მან ნახევარი ცხოვრება ამერიკაში გაატარა და ამ ქვეყნის მოქალაქეა) წიგნში "დამშვიდობება ილუზიებთან" სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტები აქვს მოყვანილი.

"მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში სიტყვის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის უსაზღვრო არ არის. 1993 ან 1994 წელს ამერიკულ პრესაში იაპონიის წინააღდმდეგ კამპანია აგორდა. ის შიდა ბაზარზე ამერიკულ ავტომობილებს არ უშვებდა. ბევრი გაზეთი იაპონიისთვის სანქციების დაწესებას და მათი საქონლის შემოტანის აკრძალვასაც კი ემხრობოდა. იაპონია მთავარ მიზეზად ამერიკული მანქანების დაბალ საიმედოობას, არაეკონომიურობასა და, შესაბამისად, ნაკლებად ეკოლოგიურობას ასახელებდა. მე და ფილ დონაჰიუმ ამ პრობლემას გადაცემა მივუძღვენით. ეთერის დროს ითქვა, რომ იაპონელების კრიტიკას აჯობებდა, საკუთარი ავტომობილების ხარისხი გაგვეზარდა.

Pozner&Donahue-ს დასრულებისთანავე მე და ფილი CNBC-ს პრეზიდენტმა გამოგვიძახა. საქმე ისაა, რომ CNBC-ზე რეკლამის ლომის წილი ამერიკულ გიგატს "ჯენერალს მოტორს" უკუთვნოდა, რომელმაც გადაცემის შემდეგ ყველა რეკლამა უკან გაიწვია.

- თქვენ რა, გადაირიეთ?! ვინ მოგცათ ჩვენი სარეკლამო კლიენტების გაკრიტიკების უფლება?

- ჩვენ ისინი არ გაგვიკრიტიკებია - უპასუხა ფილმა - ჩვენ უბრალოდ...

- თქვენ მისი საქონელი გააკრიტიკეთ, ეს კი დაუშვებელია!

- და სიტყვის თავისუფლება? - დავინტერესდი მე.

- სიტყვის თავისუფლება?! სიტყვის თავისუფლება - იქ, ქუჩაში მოიკითხეთ - გაიშვირა მან ხელი ფანჯრისკენ - იქ, და არა ჩემთან სტუდიაში!

- კი მაგრამ ეს ხომ ცენზურაა! - აღშფოთდა ფილი.

- თქვენ მე, ამერიკელს ცენზურაში მადანაშაულებთ?! - აღრიალდა პრეზიდენტი - როგორ ბედავთ ამას?

საგულისხმოა, რომ თავისი გადმოსახედიდან პრეზიდენტი ამას ცენზურად არ მიიჩნევდა. ის მხოლოდ საკუთარი კომპანიის ფინანსურ ინტერესებს იცავდა".

პოზნერს და დონჰიუს CNBC-ის დატოვება საკუთარი პოლიტიკური და პროფესიული შეხედულებების გამო მოგვიანებით მაინც მოუხდათ. რამდენიმე წლის შემდეგ ფილს არხ MSNBC-ზე მუშაობა შესთავაზეს. ის დათანხმდა. თუმცა 8 თვეში ისევ უმუშევარი დარჩა. მან 2003 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის მიერ ერაყში წამოწყებული ომი გააკრიტიკა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის გადაცემა უმალ დახურეს.

2014 წელს CBS-ის ჟურნალისტ ქეთრინ ანაიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას პრეს-მდივნის ჯეი ქარნის მოთხოვნით, ყოველდღიურ პრეს-კონფერენციაზე დასასმელი კითხვები ქარნისთვის ჟურნალისტებს წინასწარ უნდა მიეწოდებინათ. ჟურნალისტური საქმიანობის და სიტყვის თავისუფლების შუზღუდვაში ობამას ადმინისტრაციას ხშირად ადანაშაულებდნენ.

2014 წლის 19 აგვისტოს ატლანტაში CNN-ის სათავო ოფისთან 10 ათასამდე მომიტინგე შეიკრიბა. ხალხი ტელეარხს ქალაქ ფერგიუსონში მიმდინარე მოვლენების არასრულფასოვან და არასწორი კუთხით გაშუქებაში ადანაშაულებდა, სადაც 10 დღის განმავლობაში პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა. შეტაკებების საბაბი პოლიციის მიერ 9 წლის ფერადკანიანი მოზარდის, მაიკლ ბრაუნის მოკვლა გახდა. საგულისხმოა, რომ CNN-მა საკუთარ ფანჯრებთან გამართული მიტინგი "ვერ შენიშნა".

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები