ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობაში ცვლილებებია

ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობაში ცვლილებებია

"ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის" გენერალური დირექტორის მოადგილე, ეკა წამალაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, ოთარ ბუბაშვილის ნაცვლად, თემურ ხუბულავა დაინიშნა.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ხუბულავა "იმედში" იმ დროსაც მუშაობდა, როდესაც ტელეკომპანიის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი იყო.

"ხუბულავა ამ დრომდე ტელეკომპანიის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ეს ტელევიზია სწორედ მისი აწყობილია და სატელევიზიო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, თანამდებობა დატოვა ბაკურ ლაშქარავა, რომელიც ჰოლდინგის ხელმძღვანელის - გიორგი არველაძის მოადგილე იყო", - აღნიშნა ეკა წამალაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ოთარ ბუბაშვილი და ბაკურ ლაშქარავა უცხოეთში სასწავლებლად გამგზავრებას ჯერ კიდევ გასულ წელს აპირებდნენ, თუმცა, გამგზავრება ერთი წლით გადადეს და ტელეკომპანია "იმედს" ეხმარებოდნენ. წამალაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ ლაშქარავას თანამდებობა ჯერ ვაკანტურია.

წამალაშვილის ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა ბიძინა ბარათაშვილმაც, რომელიც მმართველ საბჭოს ხელმძღვანელობდა. ბარათაშვილის თანამდებობაც ვაკანტური რჩება.

"სხვა დონეებზე საკადრო ცვლილებები კი, ჯერ არ იგეგმება", - განაცხადა ეკა წამალაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები