აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას გია ჭანტურია

აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას გია ჭანტურია

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემა დაიხურებოდა საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" გარდა. იმასაც ამბობდნენ, რომ მალე თანამდებობას დატოვებს მაუწყებლის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია. ჭორების გავრცელებისთვის რომ ბოლო მოეღო, გასულ კვირას ჭანტურიამ ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

არხის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ 11 ივნისიდან "პირველ არხზე" გადაცემები მართლაც დაიხურება, შეწყდება პოლიტიკური თოქშოუებიც და გასართობი პროგრამებიც. არხზე რეორგანიზაციის პროცესი ადრე შემუშავებული გეგმის მიხედვით განხორციელდება. პროცესი დააჩქარა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატმა.

ჩემპიონატის ექსკლუზიური ჩვენების უფლება კი საქართველოში სწორედ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აქვს შეძენილი. ფეხბურთის მოყვარულებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს იწყება და ივლისის ბოლოს დამთავრდება. "დღეში დაახლოებით ხუთი მატჩი გაიმართება და ბუნებრივია, მაუწყებლის ბადეში სხვა გადაცემები ვეღარ ჩაეშვებაო", - აღნიშნა ჭანტურიამ.

ბრიფინგზევე შევიტყვეთ, რომ "პირველ არხზე" დღეისთვის დასაქმებულია 1030 ადამიანი. გადაცემების დახურვის გამო ზოგიერთი მათგანი დროებით დატოვებს სამსახურს. ზოგიერთ მათგანს ისედაც უკვე ამოეწურა არხთან დადებული კონტრაქტი. განახლებულ "პირველ არხს" მაყურებელი ოქტომბერში იხილავს. ბრიფინგზევე გაირკვა, რომ "პირველმა კავკასიურმა" მაუწყებლობა გაურკვეველი დროით შეაჩერა.

- ბატონო გია, არხის რეორგანიზაცია რატომ გადაწყვიტეთ?

- სასწაულ რამეს მეკითხებით. თქვენ მოგწონდათ "პირველი არხი"?

- არც მე და არც ბევრ სხვას, თუმცა ახლა თქვენი აზრი გვაინტერესებს...

- პირველ რიგში იმიტომ, რომ არხი არ აკმაყოფილებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტებს. მეორეც, თანხები, ჩემი აზრით, არაგონივრულად იხარჯებოდა. "პირველ არხს" გაცილებით მაღალი დონის გადაცემების შეთავაზება შეუძლია მაყურებლისთვის. ცვლილებები ნამდვილად საჭირო იყო. ამისთვის კი ბევრი მუშაობაა საჭირო. ბევრი დრო და ენერგია წაიღო "მეორე არხის" რეორგანიზაციამ და წინასაარჩევნო პერიოდმა. ივლისი და აგვისტო სატელევიზიო სფეროში მკვდარ სეზონად ითვლება. ჩვენ გვინდა, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ახალი პროექტების გასაკეთებლად.

- ეკა ხოფერიასა და ვახო სანაიას გადაცემებს რა ბედი ეწევა?

- ზაფხულის პერიოდში, როგორც წესი, კარგი პროექტებიც იხურება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამ შემთხვევაში ჩვენ საცდელი გადაცემები გავუშვით, გვაინტერესედა, რა რეიტინგი ექნებოდათ ეკასა და ვახოს გადაცემებს. ოქტომბრიდან მათი გადაცემები განახლდება. ჩვენ რა, ვტოვებთ სულელების შთაბეჭდილებას? გავუშვებდით ორ გადაცემას და მერე დავხურავდით?..

- რა გითხრათ, ბატონო გია... იმასაც ამბობენ, რომ არხის გენერალური დირექტორი მალე თქვენ აღარ იქნებით...

- მათთვის სამწუხაროდ, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, ამ თანამდებობაზე ჯერჯერობით ვრჩები. ისიც თქვეს, რომ ხუთი წლით ბრიტანეთში მივდიოდი სამუშაოდ. დავადასტურებ იმას, რომ ბრიტანეთის ხუთწლიანი ვიზა მართლაც ჩამირტყეს იმიტომ, რომ ორჯერ მქონდა საბუთები შეტანილი, ჯერ ექვსთვიანი, მერე ერთწლიანი და შემომთავაზეს ხუთწლიანი ვიზა. ეს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ჩემთვის კომფორტული იყო და დავთანხმდი. ბრიტანეთში სასწავლებლად არ მივდივარ. ამ ეტაპზე სწავლა არ მჭირდება და არც პოლიტიკაში წასვლას ვაპირებ, ზოგიერთი ჟურნალისტისგან განსხვავებით.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე