სტატიის ავტორების, "ამერიკის ხმის" კორესპოდენტის, მიროსლავა ღონღაძისა და National Endowment For Democracy –ის ფონდის ვიცე-პრეზიდენტის, ნადია დიუკის აზრით, იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ უკრაინაში ერთდროეულად ავტორიტარიზმისა და რუსული იმპერიის აჩრდილი დაძრწის.
მათივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩი მიესალმა ვაშინგტონსა და ბრიუსელს, უარყო იუშჩენკოს დროს აღიარებული გოლოდომორი, რომელსაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა. გარდა ამისა, მან ყირიმში რუსულ ფლოტს არენდის ვადა გაუხანგრძლივა, გადაავადა ადგილობრივი არჩევნებიც, გააუქმა სიტყვის თავისუფლების კომისია, მისმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უმაღლეს სასწავლებლებში უკრაინული ენის ჩაბარება აუცილებელი აღარ არის.
სტატიის ავტორთა შეფასებით, მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა თავისუფალ სიტყვას ბრძოლა გამოუცხადა, ყველაფერი კეთდება, რათა უკრაინულ ენას ქვეყანაში სახელმწიფო სტატუსი არ ჰქონდეს და რუსულმა ენამ ჩაანაცვლოს. სტატიის ავტორების აზრით, დასავლეთის შეშფოთებას უნდა იწვევდეს ის, რომ რუსეთი უკრაინას სტრატეგიული ობიექტების გაერთიანებას აიძულებს.
ღონღძე და დიუკი მიიჩნევენ, რომ დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინის დემოკრატიულ ძალებს. დასავლეთის ფინანსური ინსტიტუტები ოფიციალურ კიევს მხოლო იმ შემთხვევაში უნდა დაეხმარონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაში, თუ იანუკოვიჩის ხელისუფლება კანონების შესრულების აუცილებლობას აღიარებს და ქვეყანაში სერიოზულ სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებს გაატარებს. მათივე აზრით, უკრაინაში დემოკრატიის მხარდაჭერა რუსეთში დემოკრატიის მხარდაჭერის საუკეთესო საშუალებაა.