ის 25 წლისაა და უკვე საკმაოდ საინტერესო, თანაც ტკივილით სავსე ბიოგრაფია აქვს. მართალია, დღეს თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს, მაგრამ ვერსად გაურბის იმ ტრაგიკულ მომენტებს, რომელიც ბავშვობიდან მისი თანამდევი გახდა. პატარა გულრიფშელ ბიჭს ბედმა ჯერ ომის საშინელება გადაუშალა თვალწინ, შემდეგ მშობლიურ კუთხესა და ბავშვობას მოსწყვიტა, ბოლოს კი მის თითქოს აწყობილ და განათებულ სიჭაბუკეს ძმის დაკარგვით გამოწვეული მწარე ტკივილი არგუნა.
ტელევიზიით "სენით" შეპყრობილს, ყველაფრის მიუხედავად, რწმენა არ დაუკარგავს, შრომობს დაუღალავად, მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება და იმ შემთხვევაში, თუ მის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, რადიკალურ ნაბიჯებს დგამს. ვახო სანაიამ 4 ტელეკომპანია გამოიცვალა და, როგორც თავად ამხელს, ამბიციების "თანხლებით", წინსვლაზეა ორიენტირებული. სულ ცოტა ხნის წინ, სკანდალური სპეცრეპორტაჟის შემდეგ, ჟურნალისტი ტელეკომპანია "იმედიდან" წავიდა და მაყურებელს უამრავი კითხვა დაუტოვა. ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამზადებს რეპორტაჟებს და პარალელურად, რადიოგადაცემას - "თავისუფალი მიკროფონი" - უძღვება. საუბარს ბავშვობის მოგონებით იწყებს:
- საინტერესო ბავშვობა მქონდა, ლამაზი დეტალებით "დახუნძლული". მერე იყო ომი... აფხაზეთიდან ვართ და კარგად მახსოვს, როგორ დაიწყო კონფლიქტი. იმ დროს 7 წლის ვიყავი... ბავშვობის დროინდელი შეგრძნებები ყველაზე ძლიერია... ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა. 8 წლის ვიყავი, აფხაზეთი რომ დავტოვეთ. გულრიფშიდან ბოლო გემით წამოვედით 1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს.
იყო ტრაგიკული ფაქტები, მაგრამ მაინც საინტერესო ბავშვობა მქონდა. ალბათ სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება გემი, რომლითაც მშობლიურ კუთხეს ვტოვებდი. საღამო ჟამი იყო და ვხედავდი დაცემულ სოხუმს ჩამავალი მზის ფონზე. ეს კადრი სამუდამოდ შემორჩა ჩემს მეხსიერებას და ამით დასრულდა ჩემი ბავშვობის ერთი ეტაპი. გამოცვლილი მაქვს დაახლოებით 11 სკოლა: აფხაზეთის შემდეგ, სანამ თბილისში დავმკვიდრდებოდით, დროდადრო სხვადასხვა რეგიონში გვიწევდა ცხოვრება. ამ გარემოებამ ძალზე ბევრი ნაცნობი შემძინა, მსოფლიოში ყველაზე მეტი თანაკლასელი მყავს და ამითაც ბედნიერი ვარ (იცინის).
- როდის გადაწყვიტე, ჟურნალისტი გამხდარიყავი და პროფესიის არჩევაში იქონია თუ არა გავლენა შენი ძმის, გიორგის ფაქტორმა?
- ბავშვობაში მინდოდა, სპორტული კომენტატორი გამოვსულიყავი. დამეთანხმებით, ის ახლოსაა ჟურნალისტიკასთან. სიმართლე გითხრათ, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ეს ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. 17 წლისამ ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, გიორგის გარდაცვალებიდან მეორე ზაფხულს. ეს ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი ტრაგედია იყო, ფაქტობრივად, მდგომარეობიდან გამოსული არ ვიყავი. რა თქმა უნდა, ამანაც გარკვეული წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ არჩევანში. მაგრამ ეს ფაქტორი ჩემს სურვილსაც დაემთხვა. სხვათა შორის, გიორგი 26 ივლისს დაიღუპა და მომდევნო წლის 26 ივლისს მქონდა ბოლო გამოცდა; რაღაც სიმბოლური დამთხვევა იყო...
- ტელესაქმიანობა კომპანია "მზეში" დაიწყე, თუ არ მეშლება...
- სტუდენტებს ზაფხულობით სხვადასხვა ტელევიზიაში ანაწილებდნენ და რამდენიმე ათეულ "ბავშვთან" ერთად, "მზეში" მოვხვდი. იქ მოხდა, ასე ვთქვათ, ჩემი ჟურნალისტური ნათლობა. 17 წლიდან დაიწყო ჩემი პრაქტიკა და ახლა უკვე 25 წლის ვარ. ვამაყობ იმით, რომ რამდენიმე თვე უხელფასოდ გავატარე, მაგრამ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი. გარს პროფესიონალები მეხვია და ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მესწავლა მათგან. შტატიან კორესპონდენტობაზე ვოცნებობდი... ამასობაში ბევრი მეგობარი შევიძინე და მათი დახმარებითა და ჩემი რამდენიმეთვიანი რუტინული შრომის შემდეგ, შტატშიც ჩამსვეს.
მართალია, უზომოდ მიყვარს რადიო, მაგრამ ყოველთვის ტელევიზიისკენ მიწევდა გული. ახლაც, ტელევიზიის პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ვამზადებ რადიოგადაცემას "თავისუფალი მიკროფონი". ჩემი ძმა ტელევიზიაში პრესიდან მივიდა. პრესას კიდევ, სხვა ხიბლი და სიღრმე აქვს, ამიტომ გიორგი ყოველთვის ამბობდა, გამიმართლაო. პრესას მეც დიდად ვაფასებ და მიმაჩნია - თუ იქ მუშაობის გამოცდილება გაქვს, შესანიშნავია. თავად, არ მიმუშავია, მაგრამ დიდ ყურადღებას ვაქცევ და სატელევიზიო საქმიანობაშიც ვიყენებ, მაგრამ ტელეჟურნალისტიკა ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო და იქნება...
ჩემთვის მოულოდნელად, ერთხელაც "მზის" ეთერში დავჯექი და საინფორმაციო გამოშვება წავიყვანე. მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ასე და მგონი, მას იმედი გავუმართლე. ამას მოჰყვა ორსაათიანი "მზერა", შემდეგ კი - შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! "რუსთავი 2"-დან.
- ამბობენ, ამ ტელევიზიაში შენი მიწვევით, კომპანიის ხელმძღვანელობამ "ხარკი გადაიხადაო": გიორგიმ ხომ მკვლელობის დღეს, თავისი ბინის გასაღები სამსახურში დაკარგა...
- მე თავიდანვე შემომთავაზეს და შემეძლო, პრაქტიკაზე "რუსთავი 2"-ში მივსულიყავი, მაგრამ მინდოდა, "მზეზე" შევმდგარიყავი წამყვანად და შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. იქ მთავარი საინფორმაციო გამოშვება მიმყავდა, ეთერში ახალი დამჯდარი ვიყავი, მიმაჩნდა, რომ ძალიან კარგ, მაღალრეიტინგულ ტელეკომპანიაში მოვხვდი და მსურდა, იქ გამეგრძელებინა მუშაობა. ერთი წლის შემდეგ "რუსთავი 2"-მა კვლავ შემომთავაზა თანამშრომლობა, რასაც დავთანხმდი. ვფიქრობდი, რომ რაღაც ეტაპი გავიარე და ახალი უნდა დამეწყო. "კურიერი" მიმყავდა და ამასთანავე, რეპორტიორიც ვიყავი. შემდეგ, საავტორო გადაცემას - "არჩევანი" - ვუძღვებოდი. იქ 2 წელი ვიმუშავე.
- "რუსთავი 2"-დან რატომ წამოხვედი?
- ცხოვრებაში ყოველთვის დგება მომენტი, როცა რაღაც ეტაპი მთავრდება და ახალს იწყებ, მაგრამ გენერალური ხაზი შენარჩუნებულია. მგონია, რომ ყოველთვის აბსოლუტურად სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი. ვიყავი რადიო "უცნობში", მიმყავდა საავტორო გადაცემა "კითხვის ნიშანი" და მუდამ მქონდა კონტაქტი მსმენელთან - რეკავდნენ, კითხვებს მისვამდნენ, ვმსჯელობდით პოლიტიკურ საკითხებზე...
ამის შემდეგ იყო ახალი ეტაპი - ტელეკომპანია "იმედსა" და რადიო "იმედში", სადაც პარალელურად ვამზადებდი გადაცემას "საქართველო და მსოფლიო". ტელეეთერში მთავარი საინფორმაციო გამოშვება მე და მანანა მანჯგალაძეს მიგვყავდა. ეს ჩემს ცხოვრებაში მართლა მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. ძალიან მიყვარს მანანა, რომელიც არა მარტო კარგი მეგობარი, არამედ შესანიშნავი და საინტერესო პარტნიორია, ამიტომ ძალიან სასიამოვნოა ეთერში მასთან წყვილში მუშაობა. იმ პერიოდში ძალიან დატვირთული ვიყავი, თითქმის სულ ეთერში ვიჯექი: იყო "დღის ქრონიკა" და მიმყავდა ყველაზე მაღალრეიტინგული გადაცემა - "სპეციალური რეპორტაჟი". ამ გადაცემას ბევრი მაყურებელი ჰყავდა.
- ამავე დროს იყო საკმაოდ სკანდალურიც... და როგორც გამოიკვეთა, ვახო სანაია სწორედ ამ გადაცემას "შეეწერა", კერძოდ - რუსეთის პატრიარქზე გაკეთებულ რეპორტაჟს, რომლის შემდეგაც დატოვე კიდეც "იმედი".
- ამაზე ბევრი დაიწერა... ფაქტია, რომ მე წამოვედი ტელეკომპანიიდან. ითქვა რაღაცები და არა მაქვს სურვილი, ამ თემას მივუბრუნდე.
- იქნებ მაინც მიპასუხო - შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის, რომ იმ დაკვეთილი რეპორტაჟის შემდეგ "იმედიდან" წასვლის გადაწყვეტილება თავადვე არ მიგიღია და ამის სანაცვლოდ, დიდი თანხა შემოგთავაზეს?
- არასდროს არავის დაკვეთა არ შემისრულებია. მივიღე აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება - ავდექი და წამოვედი საზოგადოებრივ მაუწყებელში. კომპენსაციას რაც შეეხება: ეს მორიგი ჭორია, რომელიც პირველად შევიტყვე. ვერ ვხვდები, ფული რატომ უნდა გადაეხადათ?.. ერთი წამითაც არ ვნანობ ამ ნაბიჯს და არც იმ რეპორტაჟს. ეს იყო გადაცემა რუსეთის პატრიარქზე, რომელმაც დალოცა ის არმია, რომელიც ქართულ სოფლებს ბომბავდა და ჩვენი ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! შეიწირა. რეპორტაჟი რომ საინტერესო გამოვიდა, ეს რეიტინგში აისახა. ის თავიდან ბოლომდე ფაქტებზე იყო აგებული, იქ არც ერთი ვარაუდი არ ყოფილა გამოთქმული.
ყველა რესპონდენტი, ერთის გარდა, რუსი იყო. თვითონ რუსები საუბრობდნენ ამ ფაქტზე, არაფერი ყოფილა შეურაცხმყოფელი, პირიქით - ძალზე ავტორიტეტულ გამოცემებსა და რესპონდენტებს ვეყრდნობოდით. ამ გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკა ყოველთვის იქნება და ღმერთმა ქნას, რომ გადაცემას შექება ან კრიტიკა მოჰყვებოდეს: ყველა ერთნაირად ხომ არ იფიქრებს?! საშინელებაა, თუ შეთავაზებულ პროდუქტს ყველა აქებს ან აძაგებს... იყო არაჯანსაღი გამოხმაურებებიც, მაგრამ უფრო მეტი - ჯანსაღი. დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს.
- ვახო, 4 ტელეკომპანია გამოიცვალე. ამიტომ საინტერესოა, თავად როგორ ფიქრობ - ყველაზე მეტად, სად შედგა ვახო სანაია, როგორც ჟურნალისტი?
- ყოველთვის დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვაკეთებ და რყევები არ მახასიათებს. არასდროს მიფიქრია, - მე რომ ახლა ეთერში ვზივარ ან ამ სიუჟეტს ვაკეთებ, ვარ კი ამის ღირსი-მეთქი?.. ასე რომ იყოს, არც გადავდგამდი ამ ნაბიჯს. როდესაც ეთერში ვჯდებოდი, ვფიქრობდი და თავს ვარწმუნებდი, რომ ეს დავიმსახურე და კიდევ უფრო მეტს ვიმსახურებ. თუ ერთი წუთით მაინც გამიჩნდა ეჭვი, რომ მე არ უნდა მიმყავდეს ის გადაცემა, მაშინ არც უნდა გამოვჩნდე იმ ადგილას.
- როგორი ამბიციური ყოფილხარ!
- (იცინის) ხშირად გამიგონია ჩემ შესახებ, - ვახო ამბიციურიაო. დიახ, ასეცაა. ამბიცია არ არის ცუდი, პირიქით, თუ ადამიანს ამბიცია არა აქვს, ვერაფერს მიაღწევს, შეიძლება, წინ ვერ წავიდეს. ოღონდ, ამბიცია აბსოლუტურად ჯანსაღი უნდა იყოს. ყველა ტელეკომპანიაში, სადაც ვმუშაობდი, სულ იმას ვფიქრობდი, რომ ამას ვიმსახურებდი და სადაც ვიყავი, ყველგან ვფიქრობდი, რომ შემდგარი ტელეჟურნალისტი ვიყავი. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითკმაყოფილებაში გადავვარდე და განვითარებაზე არ ვიფიქრო.
სულ იმის ცდაში ვარ, გუშინდელზე მეტი გავაკეთო, უკეთ გავაკეთო და არასდროს ვკმაყოფილდები შედეგით. ადამიანმა, მით უმეტეს ტელეჟურნალისტმა საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს, არასდროს უნდა მოდუნდეს. ამას ყოველდღიურად, ცოდნის გაღრმავებით ვცდილობ. ტელევიზია ის სფეროა, სადაც ყოველდღიურად ახალი ტექნოლოგიები და ფორმები იკიდებს ფეხს და არ გაქვს იმის უფლება, ამ პროცესს ჩამორჩე. იმას, რაც დღეს განვითარებულ სამყაროში ხდება, თუ წინ ვერ უსწრებ, ფეხდაფეხ მაინც უნდა მისდიო. ამას ვცდილობ 24 საათის განმავლობაში. იმისათვის, რომ იყო წარმატებული ჟურნალისტი, ბევრი უნდა იკითხო.
გიორგი ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, ბევრს კითხულობდა და მეც სულ იმავეს მირჩევდა. ერთადერთი, რაშიც ფულის გადახდა არ მენანება, წიგნია. როგორც პოლიტიკური მიმართულების ჟურნალისტი, ვცდილობ, ამ მხრივ განვვითარდე და პოლიტიკურ თემებზე არსებული მასალები ვიკითხო და ვიკითხო.
- ბევრი ჟურნალისტი წავიდა პოლიტიკაში და, შემთხვევით, შენც ხომ არ გაგიტაცა ამ სფერომ?
- ამწუთას მომავალზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან მგონია, რომ ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო და ვაკეთო საყვარელი საქმე. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვაკეთებ "რეპორტაჟს", რომლის ორი გამოშვება უკვე გავიდა ეთერში. იცი, რა მახასიათებს? რაც უნდა კარგი გამოვიდეს გადაცემა, ვცდილობ, მომდევნო იმაზე უფრო მაგარი იყოს. მაუწყებელზე ჩემი პირველი გადაცემა - "ავღანეთიდან რეპორტაჟი" - მართლა კარგი გამოვიდა, როგორც სტუდიური გაფორმებით, ასევე შინაარსით. მომდევნო გადაცემები მინდა, უფრო უკეთესი იყოს. 11 ივნისიდან, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით, მართალია, გადაცემები წყდება, მაგრამ ეს ჩემს რეპორტაჟს არ ეხება, ის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
- გატყობ, ბედნიერი ხარ, ისეთი აღტაცებით საუბრობ...
- მართლა, 24 საათი მიწევს შრომა და ეს დიდი ბედნიერებაა. ვუსურვებ ყველა ქართველს, დასაქმებული იყოს. მიმაჩნია, რომ ადამიანი მაშინ არის ბედნიერი, როცა ბევრი საქმე აქვს, ხოლო როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ორმაგად ბედნიერი ხარ.
- შენი აზრით, როგორია დღეს ჟურნალისტიკაში თავისუფლების ხარისხი და პირადად შენ თავისუფლად თუ გრძნობ თავს?
- თავისუფლება რაღაც, რწმენასავითაა. იყო დრო, როდესაც ქრისტიანობას დევნიდნენ, მაგრამ ასეთ ადამიანს ჰქონდა შინაგანი რწმენა, შინაგანად იყო თავისუფალი. იდეალური სიტუაცია არასდროს იქნება. ყველა პოლიტიკოსი ოცნებობს იმაზე, რომ ჟურნალისტი შეზღუდოს, ასე ხდება ყველა ქვეყანაში. მთავარია, შენ როგორ მოქმედებ. ვფიქრობ, მე ჯერ თავისუფალი ადამიანი ვარ და მერე - თავისუფალი ჟურნალისტი. თავისუფლება ჩემთვის არ არის კოლექტიური ცნება, ის გულისხმობს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და როდესაც ჩემს თავისუფლებას რაიმე ემუქრება, ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებას.
- რაიმეს ხომ არ ნანობ?
- რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული, ის არის, რომ მგონია, დღე-ღამეში ცოტა დროა.
- თქვი, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობო. გამოდის, შვილებისთვის დრო აღარ გრჩება... საერთოდ, როგორი მამა ხარ? ადრე მოეკიდე ოჯახს და ბოლომდე თუ გაქვს გაცნობიერებული მამის როლი?
- მართალია, ოჯახს ადრე მოვეკიდე, მაგრამ სიყვარული მოვიდა ადრე: 20 წლის ვიყავი, როცა მე და მარიკა დავქორწინდით, გვყავს ორი შვილი და ვცხოვრობთ ძალიან ბედნიერად. მარიკა "ჟურნალისტის დღიურში" ამზადებს რეპორტაჟებს.
- ქალაქში ხმა გავრცელდა - მეუღლეს გაეყარაო...
- მეც გავიგე ეს ჭორი... ბევრი ტყუილი დაიწერა ჩვენი ოჯახის შესახებ. მართალია, არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, მაგრამ უნდა გითხრა, რომ მე და მარიკა ძალზე ბედნიერები ვართ და ტკბილად ვცხოვრობთ ჩვენს შვილებთან - 3 წლის სალომესთან და 2 წლის ნუცისთან ერთად.
- ვინ ზრუნავს მოუცლელი ტელეჟურნალისტების ბავშვებზე?
- ძალიან ბევრი ადამიანი (იცინის), დედაჩემით დაწყებული - სიდედრით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს დატვირთული გრაფიკი გვაქვს, შვილებთან ურთიერთობას მაინც ვახერხებთ.
- პოპულარობას უკვე მიაღწიე, კიდევ რაზე ოცნებობ?
- ბევრ რაღაცაზე. შეიძლება, გაცვეთილ ფრაზას გავიმეორებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მის გაერთიანებაზე ვოცნებობ. მე ამის თქმის საფუძველი იმიტომაც მაქვს, რომ იმ კუთხის შვილი ვარ, რომელიც დღეს ჩვენ არ გვეკუთნის; იმ მიწაზე დგას ჩემი სახლი, რომელშიც ხან ვინ ცხოვრობს, ხან - ვინ, ოღონდ მე - არა... სულითა და გულით მინდა იქ დაბრუნება, სადაც დავიბადე და 8 წელი გავატარე. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ეს ოცნება არ ამიხდება. მჯერა, ასეც იქნება.
"გამოუსწორებელი ოპტიმისტი" ვარ, მით უმეტეს, ამ საკითხში. ვოცნებობ ჩემი ოჯახის ბედნიერებასა და იმაზეც, რომ ჩემს საქმეში მეტ წარმატებას მივაღწიო. კარიერა ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და საერთოდ, საქართველო მინდა იყოს წარმატებული ადამიანების ქვეყანა. მაქვს ერთი დიდი ოცნებაც... თუმცა ამას ოცნებას ვერ ვუწოდებ, მიზანი უფროა: ჩემი ძმის მკვლელობის საქმის გახსნას ვგულისხმობ. დრო მოვა, ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება.
- ახლა რა ან ვინ უშლის ხელს ამ საქმის გახსნას?
- ბევრი რამ... ამ საქმეში მხოლოდ ჩემი თავის იმედი მაქვს. ეს არის ჩემი და ჩემი ოჯახის ყოველდღიური საფიქრალი, ვინაიდან გიორგის დაღუპვა ჩვენთვის უდიდესი ტრაგედია იყო. შეიძლება, ხურცილავამ სასხლეტს ხელი გამოჰკრა, ან არც გამოჰკრა - შემიძლია ორივე ვარიანტის დაშვება, - მაგრამ, მგონი, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა. საქმეს და იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებას თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ ეს საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი, იმდენი გაყალბებაა...
გიორგის მკვლელობის უამრავი ვერსია მომისმენია, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ აზრს, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, თუმცა ბევრს ეცადნენ, საზოგადოებას ასე არ ეფიქრა... მაშინ 16 წლის ვიყავი და მომიკლეს ადამიანი, რომელიც ჩემთვის არა მარტო უფროსი ძმა, არამედ დიდი მეგობარი იყო, ჩემთვის ბევრი რჩევის მოცემა და დახმარება შეეძლო. ამ ტრაგედიამ დიდი დაღი დაასვა ჩემს ცხოვრებას და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს საქმე გაიხსნას. ეს პირობა მიცემული მაქვს ჩემი თავისთვის, ჩემი ოჯახისთვის და მათთვის, ვისაც გიორგი ყოველთვის ახსოვთ და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებ.
ნანა ფიცხელაური
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)