"გსურთ, მოიპოვოთ მინისტრის პორტფელი? ჩაატარეთ ეგზიტპოლები და დარეკეთ ნომერ 5-ზე!" - ეს არის ვასიკო ოდიშვილის მიერ საზოგადოებისთვის მომზადებული ერთ-ერთი "აბი". რამდენიმე დღეა ტელეკომპანია "მაესტრომ" ახალი სატირულ-იუმორისტული პოლიტიკური გადაცემა დაიწყო:
"ყოველდღიური "ა(მ)ბები" ვასიკო ოდიშვილისგან", რომელმაც მალე დაიმსახურა მოწონება. როგორ ამზადებს "ა(მ)ბებს", "რეკლამიცინს" და სხვა "მედიკამენტებს", თვითონ ვასიკო გვიამბობს:
- პროფესიით ტელერეჟისორი და მსახიობი ვარ. ამჟამად მარჯანიშვილის თეატრში ვთამაშობ სხვადასხვა სპექტაკლში, მალე "ვაკის სარდაფშიც" ვითამაშებ. რუსთაველისა და ახმეტელის თეატრების გარდა, ყველა თეატრში მიმუშავია.
- რატომ დაბრუნდი "მაესტროში"?
- როგორ თუ რატომ? "მაესტროდან" არც წავსულვარ! ჩემი მეუღლე ეკა აკობია ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელია და აქედან გამომდინარე, ამ ტელევიზიას ერთი დღეც არ მოვწყვეტივარ. "მაესტრო" ჩემი ოჯახი და სახლია.
- გადაცემა "ა(მ)ბები" ვისი იდეით გაკეთდა?
- ყველას იდეა იყო. საკმაოდ ბევრი სცენარისტი მუშაობს მასზე, მაგალითად: დათო ცხომელიძე, გიგა ლოლაძე, გიორგი გაგლოშვილი, ირაკლი ხრიკაძე, სოსო წიკლაური და მამუკა ღლონტი. ისე, მამუკაა ამ ყველაფრის ხელმძღვანელი.
- რა "ა(მ)ბებს" გაუგზავნი ჩვენი გაზეთის საშუალებით საზოგადოებას?
- საჭირო "ა(მ)ბებს".
- ანუ საზოგადოებას მკურნალობ?
- რა თქმა უნდა (იცინის)! საზოგადოებამ ვასიკოს "ა(მ)ბები" უნდა მიიღოს და არა ლუმინალი! რაც დღის განმავლობაში ხდება, იმის მიხედვით ვამზადებთ "ა(მ)ბებს". საერთოდ, სატირით და იუმორით მიწოდებული ამბები ადამიანის გონებაში კარგად ილექება და ადვილად აღსაქმელია. ამპარტავნობაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ქართულ ტელესივრცეში, როგორც იქნა, გამოჩნდა "ა(მ)ბები", რომელიც ყველას გვაკლდა.
- ვიდრე ფარმაცევტობას დაიწყებდი, მანამდე "მაგთის" წამახალისებელი გათამაშება მიგყავდა...
- დიახ. ორი წლის განმავლობაში ვუძღვებოდი ამ გათამაშებას, თუმცა 30 მაისს დამთავრდა, სამუდამოდ...
- რატომ სამუდამოდ?
- იმიტომ, რომ ლატარიის გათამაშებაზე მონოპოლია საქართველოს ლატარიის კომპანიამ აიღო ხელში და სხვებს გათამაშების უფლება აღარ აქვთ.
- ისევ "ა(მ)ბებზე" ვისაუბროთ. ვთქვათ, ერთ დღეს განსაკუთრებული არაფერი მოხდა. ასეთ შემთხვევაში როგორ დაამზადებთ "ა(მ)ბებს?"
- არ არსებობს საქართველოში დღე, "ა(მ)ბების" მიღება რომ არ დაგვჭირდეს...
- რაც მთავარია, "ა(მ)ბებს" ისეთი სერიოზული სახით გვაწვდი, რომ...
- მე სერიოზული ბიჭი ვარ. თან ჩემი "ა(მ)ბები" საინფორმაციო გადაცემაა, ოღონდ იუმორისტულ-სატირულ ჟანრში. პოლიტიკური სატირა, თუ არ ჩავთვლით "პა-სეანსს", საქართველოში არავის გაუკეთებია. "ა(მ)ბები" მართლა რთული საკეთებელია.
- ქართულ ტელესივრცეზე რას ფიქრობ?
- ტელემედია არ არის თავისუფალი: დაუშვებელია, "პირველი არხის", "რუსთავი 2"-ის და "იმედის" ეთერში ერთსა და იმავეს ლაპარაკობდნენ. ჩვენს ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ვითარებაა, მაგრამ როგორც კი ტელევიზორს ე.წ. სახელისუფლებო არხებზე გადართავ, გეუბნებიან, ყველაფერი კარგად არის, ცხოვრება მშვენიერია და ყველა ქართველი ბედნიერიაო.
თუ ვინმეს სჯერა ამის, კი ბატონო, მაგრამ მე ყველაფერს სხვაგვარად ვხედავ, რადგან ამ ქვეყანაში ვცხოვრობ. სახელისუფლებო ტელეარხების ჟურნალისტები კი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, აქ არ ცხოვრობენ. ხომ ამდენი ტელევიზია გვაქვს, მაგრამ პროფესიონალი კადრები დიდი-დიდი ერთ ტელევიზიას ეყოს.
- გადაცემის ჩაწერამდე, როგორც წამყვანს, შეგიმსუბუქებია მოცემული ტექსტი?
- არა. ვიმეორებ: ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის ადამიანი, რომელზეც შეიძლება ვიხუმროთ. ჩვენს გადაცემაში არაფერი "ლაითდება" და არც ხელოვნურად იძაბება ვითარება. ჩვენი დევიზია, "სათქმელი უნდა ითქვას". რაც მთავარია, ჩემთვის საამაყოა, რომ ვმუშაობ ისეთ ტელეკომპანიაში, რომელიც არ არის მიკერძოებული. - ჟურნალისტიკა არის ის, რასაც "მაესტრო" აკეთებს.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)