პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და დადგენილებებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა. მართალია, ამას ოპოზიცია საგანგაშო ფაქტად მიიჩნევს, მაგრამ ხელისუფლება "ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს". პოლიტილოგები კი აცხადებენ, რომ "ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირება საზოგადოებამ უნდა მოახდინოს".
საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა რომ დღითი დღე კლებულობს, ფაქტია და ამის არგუმენტად, სხვა თუ არაფერი, "რეზონანსის" თავგადასავალიც ცხადყოფს, რაც რედაქციას მხოლოდ ენგურჰესის გაყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებაზე გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა, მისი მოპოვება დღემდე პრობლემად რჩება სასამართლოს გზითაც კი.
თავის მხრივ პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი თითქმის ერთი წელია, ლამის ყოველ თვე ატარებს ბრიფინგს, რომ მისთვის საჯარო ინფორმაცია ხელმიუწვდომელია და ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს.
ამ ტენდენციას კი პოლიტოლოგები საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევენ, ვინაიდან, მათი თქმით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის ერთ-ერთი მთავარი პირობა დემოკრატიის არსებობისთვის.
პრობლემა კი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება, თან დემოკრატიული ფასეულობების უზენაესობაზე ლაპარაკობს, თან კი ამის მისაღწევად საშუალებებს ნელ-ნელა სპობს.
ამას კი უკვე ის ფაქტიც დაემატა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებები და დადგენილებები აღარ გამოქვეყნდება. ეს კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი განახლდა. რეკონსტრუირებულ საიტზე აღარ არის განთავსებული პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებები და დადგენილებების გრაფა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის განმარტებით, სასურველი სამართლებრივი აქტის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა შესაბამისი წერილი ავლაბრის რეზიდენციის კანცელარიაში უნდა შეიტანოს და წერილობითი ფორმით დაელოდოს მოთხოვნილ სამართლებრივ აქტს. აქამდე კი პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები მისსავე ოფიციალურ ვებგვერდზე იყო განთავსებული, რომლის ნახვაც დაინტერესბულ პირს უპრობლემოდ შეეძლო.
რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება, ამაზე არანაირი განმარტება არ კეთდება. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება მხოლოდ ინფორმაციის დამალვის მიზნით აიხსნებოდეს.
"ის, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებები და დადგენილებები ავტომატურ რეჟიმში არ გამოქვეყნდება, არასწორია. იმედი მაქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი ნახვა ისედაც იქნება შესაძლებელი, როდესაც პროგრამა "კოდექსზე" განთავსდება. მაგრამ ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. პირველ რიგში საუბარია გამოცემისთანავე გამოქვეყნებაზე. არა მგონია, პრეზიდენტს ისე გასჭირვებოდა, რომ სერვერზე შესაბამისი მოცულობა ვერ მოიპოვა იმისთვის, რომ ეს ბრძანებულებები და განკარგულებები ინახებოდეს.
"ეს არის ძალიან ხელოვნური და ძალიან უაზრო ხელის შეშლა ინფორმაციის საჯაროობისთვის. თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ამით არაფერი შავდება, მაშინ გამოაქვეყნონ. ამითაც ხომ არაფერი დაშავდება? ანუ, გამოდის, რომ პრეზიდენტისთვის გამოქვეყნებით რაღაც "შავდება" და ეს არის მედიისთვის და ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა. ანუ ხელის შეშლა იმათთვის, ვისაც არა აქვს თვეში 700-800 ლარი იმისთვის, რომ იხადოს პროგრამა "კოდექსის" საინსტალაციოდ, სადაც შენ შეგიძლია, რომ ეს განკარგულებები გარკვეული პერიოდის შემდეგ ნახო. ამიტომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტიება. თუ ასე უჭირს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ თანხის მოძიება, მე მზად ვარ, პირადად ჩემი ხელფასიდან დავაფინანსო იმიტომ, რომ ეს ძვირი არ ღირს," - აცხადებს "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე.
გია ცაგარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება საგანაგებოდ არის მიღებული ბეჭდვითი მედიისთვის ხელის შესაშლელად.
"ჩვენ ძალიან მაგარი დემოკრატია გვაქვს, თანაც ისეთი, რომ განვითარებულ და მართლა დემოკრატიულ ქვეყნებში რომ ვერც კი იოცნებებენ. მაგრამ, ცოტა უცნაური ის არის, რომ ამ ძალიან დემოკრატიულ ქვეყანაში საჯარო დოკუმენტების დამალვა ტენდენციად არის ქცეული და ამ დოკუმენტებს აქამდეც ყველა მალავდა და ახლა ხომ საერთოდ დაიმალება. თქვენ გგონიათ, რასაც მოითხოვთ, მოგეცემათ? დამიჯერეთ, რომ არავინ არაფერსაც არ მოგცემთ. ეს იმიტომ არის გაკეთებული, რომ თქვენ, ბეჭდურმა მედიამ, ხელი ჩაიქნიოთ და მიხვდეთ, რომ ამას ვერ მიაღწევთ. თორემ, თვითონ რაც არ უნდათ, რომელი ტელევიზია იტყვის და ეს დოკუმენტები რაში დასჭირდებათ? ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს არის საგანგაშო მოვლენა და ამაზე აუცილებელი რეაგირებაა საჭირო," - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
იგი იმასაც კი იხსენებს, რომ თავად შევარდნაძის დროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაცილებით მაღალი იყო და სააკაშვილს მოუწოდებს, "თავის მასწავლებელს ამაში მიბაძოს".
"როდესაც მე პრეზიდენტის განკარგულებების ძიების პროცესში ვიყავი, პარლამენტის ბიბლიოთეკაში წავაწყდი ასეთ რამეს - ედუარდ შევარდნაძის დროს გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი იკინძებოდა ერთ მაცნეში და ერთი ეგზემპლიარი ეგზავნებოდა პარლამენტის ბიბლიოთეკას. იმ ავადსახსენებელი რევოლუციის შემდეგ კი ეს პრაქტიკა მოისპო. შევარდნაძის დროს ნებისმიერი სამართლებრივი აქტი იყო საჯარო და იმ ადამიანს, ვინც დილიდან საღამომდე თავის გამზრდელს ლანძღავს, ამ გამზრდელმა სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობა და ათასი უბედურება რომ ასწავლა, ისიც უნდა ესწავლებინა, რომ არ შეიძლება, იმ ხალხს, ვინც შენ აგირჩია, დაუმალო ყველაფერი.
"ეს არის წრეგადასული თავხედობა და ამას საზღვარი აღარა აქვს. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ ყველაფერზე რეაგირებაა საჭირო და თუნდაც ისეთი, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ. არ შეიძლება საზოგადოებას რაიმე ფორმით მაინც არ უთხრა, რომ ცუდი არის ცუდი და არ მისცე ხელისუფლებას ამ ცუდზე კარგის ძახილის საშუალება," - აცხადებს ცაგარეიშვილი.
საინტერესოა, რომ ოპოზიციის ამ შეშფოთებას პოლიტოლოგებიც იზიარებენ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ასეთი ტენდენცია პროცესების გამჭვირვალობას ამცირებს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას.
"თუ გავითვალისწინებთ იმ გამოცდილებას, რაც თქვენს გაზეთს აქვს, ანუ იმას, რომ საქართველოში ინფორმაციის მოპოვება ასეთი შემოვლითი გზებით საკმაოდ რთულია, ასეთი სირთულე შეიქმნება პრეზიდენტის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც და უდაოდ შეამცირებს იმ პროცესების გამჭვირვალობას, რაც ხდება ხელისუფლებაში. ეს კი, ცხადია, იმ დემოკრატიულ პროცესებზე, რაც, წესით, ქვეყანაში უნდა მიმდინარეობდეს, არცთუ სასურველ გავლენას მოახდენს," - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში პრეზიდენტის მხოლოდ ერთი მიზანი ჩანს და ეს მიზანი არის ინფორმაციის დამალვა.
"თქვენ გაინტერესებთ, რაში სჭირდება, რომ ინფორმაცია კიდევ უფრო დაიხუროს? მაშინ მე ვიტყვი - რაში სჭირდება, რომ გახსნას? რაში სჭირდება, რომ დადგეს მთელი მედია და უძახონ - ამას რატომ აკეთებ და იმას რატომო. ჩემი პასუხიც აქედან გამომდინარეობს, ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამის დამძახებელი არ ჰყავდეს," - ვარაუდობს საყვარელიძე.
რაც მთავარია, იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ საკითხით ვერც ქართული და ვერც საერთაშორისო საზოგადოების სათანადო დაინტერესება ვერ მოხდება. ყოველ შემთხვევაში ისეთი, რომ სააკაშვილმა სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღოს.
"საზოგადოებისთვის მსჯელობის საგანი ან გახდება, ან არა. ხელისუფლებას აქამდეც ბევრი ისეთი ნაბიჯი გადაუდგამს, რომლის ახსნაზეც ან თავი არ შეუწუხებია, ან შემოუთავაზებია არადამაჯერებელი არგუმენტი და სულაც არ აწუხებს, ამის გვჯერა თუ არა. ამიტომ არა მგონია, რომ ახლა იყოს მნიშვნელოვანი არგუმენტაცია საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებას, საერთაშორისო საზოგადოება მწვავე საკითხებს ისედაც აყენებს. შეგახსენებთ მერკერის ამასწინანდელ საკმაოდ პირდაპირ მითითებას დემოკრატიაზე ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მერე რა, რომ თქვა. ამის მერე რაიმე ძვრა იყო? ამიტომაც ხომ არ გეჩვენებათ, რომ ცოტა ვამეტებთ საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელობას როგორც სხვა, ისე ჩვენი ხელისუფლებისთვის?" - აცხადებს საყვარელიძე.
სწორედ ამიტომ მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ასეთი გადაწყვეტილებებს მანამდე მიიღებს, ვიდრე ამის საშუალებას თავად ხალხი მისცემს და ამიტომაც რეაგირებას, თუკი იქნება, მხოლოდ ხალხისგან ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მიიჩნევს, რომ "თურქმენეთიზაცია გარანტირებული გვაქვს."
"საერთო ჯამში, ამ გადაწყვეტილებისგან დაზარალებული პრეზიდენტი ნამდვილად არ არის. თქვენ გინდათ, იპოვოთ სათქმელი იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მის ინტერესში არ არის? მის ინტერესში არ იქნება ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ, თუკი ამას გადაწყვეტს ხალხი და, თუკი დღეს პრეზიდენტს ხალხის წინაშე რაიმე პასუხისმგებლობა აკისრია. თუ ხალხს არანაირი რეაქცია არა აქვს, ისინი პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ. ასე რომ, ეს ამ ხელისუფლების ფუნქციონირებას ვერ შეუშლის ხელს. დემოკრატიიდან ამ გადახვევის ავტორი არის ისევ და ისევ მისი უდიდებულესობა ხალხი და უკან გადმოხვევაც ისევ ამ ხალხზეა დამოკიდებული," - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რუსიკო მაჩაიძე