გადასაღებ მოედანზე დამეგობრებული მსახიობები და უცაბედად გაჩენილი სიყვარული

გადასაღებ მოედანზე დამეგობრებული მსახიობები და უცაბედად გაჩენილი სიყვარული

ყოფილი მოდელი და ახლა უკვე ტელეჟურნალისტი, გვანცა დარასელია ორი წელია, რაც "რუსთავი 2"-ის ეთერში გამოჩნდა და უკვე დაიმსახურა მაყურებლის სიმპათია. ბოლო პერიოდში მან ორ ქართულ მხატვრულ ფილმშიც მიიღო მონაწილეობა და გულშემატკივრებს დაუმტკიცა, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, არტისტული ნიჭიც აქვს. გარდა ამისა, გვანცას პირად ცხოვრებაშიც სიახლეებია...

- როცა მოდელი იყავი, ვიცი, რომ ტელეწამყვანობაზე ოცნებობდი. ეს ოცნება მალევე აგიხდა და "რუსთავი 2"-ის დილის პროგრამაში დაიწყე მუშაობა. მაშინდელ ჩვენს ინტერვიუებში არასოდეს გითქვამს, რომ სამსახიობო კარიერითაც იყავი დაინტერესებული, არადა, ერთი წლის განმავლობაში ორ ფილმში გადაგიღეს. როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

- როცა "მის საქართველში" მივიღე მონაწილეობა და საზოგადოებისთვის ცნობილი გავხდი, იმ პერიოდში უკვე ტელერადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. შესაბამისად, ლოგიკურია, ტელეწამყვანობაზე თუ ვოცნებობდი. ძალიან გამიმართლა, როცა "რუსთავი 2"-ში მოვხვდი და უკვე ორი წელია, ამ ტელეკომპანიის თანამშრომელი ვარ. რაც შეეხება კინოს: მსახიობობაზე არასოდეს მიფიქრია. ბავშვობაში ამ პროფესიაზე ჩემი ძმა ოცნებობდა და სულ ვეჩხუბებოდი, რად გინდა მსახიობობა-მეთქი?! მიმაჩნდა, რომ ამის ნიჭი არ მქონდა. ბავშვობაში იმდენად მინდოდა ჟურნალისტობა, რომ სხვა არაფერზე მიოცნებია.

რაც ტელევიზიაში ვმუშაობ, მას შემდეგ მივხვდი, რომ მსახიობობასა და ტელეწამყვანობას შორის ბევრი რამ არის საერთო. პირადად მე, პირდაპირ ეთერში მუშაობა ძალიან დამეხმარა, რომ კინოკამერის წინ უფრო გახსნილი და თავისუფალი ვყოფილიყავი. თუმცა, თუ ადამიანი კარგი ტელეწამყვანია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი მსახიობიც იქნება. უბრალოდ, მე პატარა როლით დავიწყე და გადამღები ჯგუფი ძალიან დამეხმარა. ჩემი პირველი ფილმი იყო "გოგონა სლაიდიდან", რომელსაც გიგა აგლაძე იღებდა.

ტელეფონით დამიკავშირდნენ და ფილმში მონაწილეობა შემომთავაზეს. მანამდე გიგას მუსიკალური კუთხით ვიცნობდი და ვფიქრობდი, რომ ის გემოვნებიანი მუსიკოსია. დავინტერესდი მიღებული წინადადებით და დავთანხმდი. სამწუხაროდ, გადაღებები საკმაოდ გაჭიანურდა, რამაც ფილმის ხარისხზე იმოქმედა.

- ე.ი. "გოგონა სლაიდიდან" კარგი ხარისხის ფილმი არ არის?

- არა და ეს ფაქტი დასამალი სულაც არ არის. გადაღებების დროს ამ პროექტს, ფინანსურიდან დაწყებული, კიდევ უამრავი სხვა პრობლემა შეექმნა. გიგას ძალიან ვგულშემატკივრობ. მგონია, რომ ეს ფილმი რეჟისორისთვის კარგი გამოცდილების მომტანი იქნება და მომავალში უკეთეს ფილმებს გადაიღებს. ჩანაფიქრი მართლაც, ძალიან კარგი იყო და ამდენი პრობლემა რომ არ ყოფილიყო, გაცილებით უკეთესი სურათი გამოვიდოდა.

- "ოცნების ქალაქში" როგორ მოხვდი?

- ჩემმა პროდიუსერმა მითხრა, რომ დათო იმედაშვილი ამ ფილმს იღებდა და სამი გოგონა სჭირდებოდა. მან თქვა, - ერთ-ერთი გოგონა, რატომ არ უნდა იყოს ჩვენი სახეო?!. ასე მივედი კასტინგზე. დათომ პირველივე შეხვედრაზე გამოხატა ჩემდამი სიმპათია და მითხრა, ამ როლში შენ გადაგიღებო. ვფიქრობდი, რომ რენი ჰარლინის გახმაურებული ფილმის პროდიუსინგის შემდეგ, შეუძლებელი იყო, მას რაიმე არ გამოსვლოდა.

შემოთავაზებას დაუფიქრებლად დავთანხმდი. ისე ვიყავი ამ პროექტით დაინტერესებული, რომ ეთქვათ, არ აგიყვანთო, ძალიან მეწყინებოდა. გადაღებების პროცესშივე მივხვდი, რომ ეს ფილმი ძალზე პოპულარული გახდებოდა, რადგან გადაღება საოცარი სისწრაფით მიმდინარეობდა, ხშირ შემთხვევაში, დღიურ გეგმასაც კი ვაჭარბებდით. ფილმის წარმატების საიდუმლო მის წინასწარ კარგად დაგეგმარებაშია.

- შენი პერსონაჟის მეგობრებს ანა იმედაშვილი, რუსკა მაყაშვილი და ნანკა კალატოზიშვილი ასახიერებენ. გადაღებების დროს მათთან მართლა დამეგობრდი?

- რუსკას თეატრალური უნივერსიტეტიდან ვიცნობდი და ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, დანარჩენები გადასაღებ მოედანზე გავიცანი და მათთან მალევე დავმეგობრდი. ნანკა ამბობდა კიდეც, - რა მაგარია, როცა სცენარის მიხედვით ძალიან ახლო მეგობრები გყავს, რომლებსაც ცხოვრებაშიც უმეგობრდები და გადაღების დროს თამაში აღარ გჭირდებაო. ჩვენც სწორედ ასე ვფიქრობდით. იმდენად შევეწყვეთ ერთმანეთს, დუბლიდან დუბლამდეც კი ვერთობოდით. ასე რომ, ამ ფილმმა ბევრი მეგობარი შემძინა, გარდა იმისა, რომ თავისთავად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. ძალიან გამიხარდება, თუ ამ წარმატებაში ცოტაოდენი წვლილი მეც შევიტანე.

- გარშემო მყოფები როგორ აფასებენ შენს მსახიობურ მონაცემებს?

- ჩემი მეგობარი მსახიობები ნახევრად ხუმრობით მეუბნებიან, პროფესიას გვართმევ, როლები ისედაც არ არის, შენ კიდევ ყველგან ეტენებიო (იცინის)!.. "ოცნების ქალაქის" პრემიერამდე ინტერნეტფორუმზე ძალიან ცუდი რაღაცები გაჩნდა: წერდნენ - "ეს ფილმი მორიგი ქართული ნაგავი იქნება!.." "კარგი, ვთქვათ, შორენამ გაიხადა, მერე?!." და ა.შ. პრემიერის შემდეგ კი აბსოლუტურად განსხვავებული კომენტარები გაჩნდა. თითქმის ყველა წერდა, - ქართველებსაც შეგვძლებია რაღაცის შექმნა და ხელები აგვიწევიაო. ჩემი მეგობრები კი ჩემი ნამუშევრით ძალიან კმაყოფილები არიან; ფილმიც იმდენად მოეწონათ, რომ პრემიერის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი მეუბნებოდა, - მიყვარს და არც კი ვიცი, ვინ მიყვარსო.

- ამ ფილმის შემდეგ ძალიან "აქტუალური" გახდი - უამრავ გადაცემაში გიწვევენ...

- მართალი ხარ. ამას წინათ მკითხეს, მოდელობას თავი რატომ დაანებეო? ამ შეკითხვაზე ასეთი პასუხი მაქვს: მოდელობაში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ, არც მატერიალური თვალსაზრისით არის საინტერესო და არც თავის დამკვიდრების მიზნით. მოდელობა არაფერში დამეხმარება. თუ პოდიუმი მომენატრება, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე, რომელიმე ჩვენებაში მივიღებ მონაწილეობას.

როცა ტელევიზიაში ვმუშაობ, სხვა პროექტებში ვარ დაკავებული, პოდიუმზე გამოსვლისთვის 50 ლარს რომ გადამიხდიან, ეს ჩემთვის ცოტა დამამცირებელია. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ამ შემოსავლის იმედად ცხოვრობენ. კინო კი, არც მატერიალურად არის წამგებიანი და წინსვლაშიც გარკვეულწილად შემიწყო ხელი. ამიტომ, თუ კიდევ რაიმე საინტერესო შემოთავაზებას მივიღებ, აუცილებლად დავთანხმდები. ჯერჯერობით მსგავსი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მიმიღია და ცოტას ვისვენებ. ეს ძალიან კარგია, რადგან სამსახური და ფილმის გადაღებები ჩემთვის "მინუს 10 კილოს" ნიშნავს: ისეთ რეჟიმში მიწევს მუშაობა, ძალიან ვხდები და საშინელებას ვემსგავსები.

- მიუხედავად იმისა, რომ პოდიუმი ჯერჯერობით არ მოგნატრებია, "მას მოდაში" მაინც მონაწილეობდი...

- მართალი ხარ. რაც ტელეჟურნალისტად ვმუშაობ, "მას მოდა" პირველად გაიმართა და მეც შემომთავაზეს მასში მონაწილეობა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. კულისებში აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტი ნერვიულობდა, მე კი მშვიდი სახით ვიჯექი. თუმცა ამ პროექტში აბსოლუტურად სხვა ამპლუაში ვიყავი და მაინც გარკვეული გამოცდილების მომტანი იყო ჩემთვის. თანაც, უამრავი ჩემი კოლეგა გავიცანი.

მომავალშიც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. ბევრ ჩვენებასა და კონკურსზე გამოვსულვარ, რომელსაც ორგანიზებულობა აკლდა, "მას მოდაში" კი ყველაფერი წინასწარ კარგად იყო დაგეგმილი.

- ადრე ხშირად ამბობდი, - სამწუხაროდ, შეყვარებული არა ვარ და ძალიან მაინტერესებს, როგორია ეს გრძნობაო. ახლა კი ყველამ უეცრად შეიტყო, რომ შეყვარებული ყოფილხარ. რატომ მალავდი ამ ამბავს?

- ახლა არაფერს აღარ ვმალავ. ვიდრე ორ ადამიანის ურთიერთობა გაურკვეველია და მათ მომავალი დაუგეგმავი აქვთ, პირად გრძნობებზე საქვეყნოდ საუბარი ძნელია. ახლა კი ხმამაღლა ვამბობ, - მყავს საყვარელი ადამიანი, ვახო მჭედლიძე, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალზე ბედნიერად ვგრძნობთ თავს ერთმანეთის გვერდით.

- ერთმანეთი სად და როგორ გაიცანით?

- ვახოს სურდა ჩემი გაცნობა. თავიდან ინკოგნიტოდ თაიგულებს მიგზავნიდა, მერე მესიჯებს მწერდა. რატომ გადავწყვიტე, არ ვიცი, რადგან უცხო ადამიანებს არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ ვახოს შევხვდი. პირველივე შეხვედრისას ჩვენ შორის რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა. მეორე შეხვედრის შემდეგ კი არც ერთი დღე არ ყოფილა, რომ ერთმანეთი არ გვენახა.

- როგორც ჩანს, მალე ააწყვეთ ურთიერთობა.

- ძალიან მალე. ერთმანეთი იანვარში გავიცანით.

- ერთმანეთის კარიერა როგორ მოგწონთ? როგორც ვიცი, ვახო სპორტსმენია, სპორტსმენების ცხოვრება კი, ისევე, როგორც ჟურნალისტების, საკმაოდ რთულია.

- ვახოს ჩემი პროფესია ძალიან მოსწონს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დილის 6 საათზე სამსახურში რომ მივდივარ, მას აუცილებლად ეღვიძება და მირეკავს. მერე ისევ იძინებს... მოკლედ, დილით დღის საუკეთესოდ დაწყებისთვის, ვახო სტიმულს მაძლევს.

- არ გიყურებს ხოლმე ტელეეთერში?

- მგონი, არა, მაგრამ რაც ეთერში ხდება, იმის შესახებ ყოველთვის ყველაფერი იცის. 8 საათზე იმედას რაღაცა რომ ვუთხარი და ვიცინეთ, ამის შესახებაც კი მკითხავს ხოლმე... არ ვიცი, საიდან იგებს ამ ამბებს. მოკლედ, ვახოს სახით, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, რომელსაც ჩემი მომავალი ნაბიჯების შესახებ უნდა მოვუყვე და ამას სიამოვნებით ვაკეთებ. ვახომ თავიდანვე იცოდა, ვისთან იჭერდა საქმეს და ეს არ გაუპროტესტებია. ისიც კარგად იცის, რომ წარმატებების მისაღწევად კიდევ ბევრი ნაბიჯი უნდა გადავდგა და მას ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს. უბრალოდ, ხშირად რომ ვერ ვიცლი, ეს ამბავი აწუხებს ხოლმე. ისე კი, მგონი, მასაც სიამოვნებს, რომ რაღაც დოზით შემდგარი ადამიანი უდგას გვერდით და ისიც ითხოვს, რომ მის პროფესიაში ხელი შევუწყო.

- რაგბიში ერკვევი?

- არა. ერთხელ მასთან ერთად ვიყავი მისი გუნდის თამაშზე. თვითონ არ თამაშობდა. გვერდით დავუჯექი და თუ ის "ჯარიმა"-ს დაიყვირებდა, მეც იმავეს ვყვიროდი. ასე გამოვძვერი სიტუაციიდან. მერე რაღაცებს მიხსნიდა, მაგრამ კარგად ვერ გავიგე... დროთა განმავლობაში ალბათ გავერკვევი.

- ხელზე ოქროს რგოლი გიკეთია. უკვე დაინიშნეთ?

- ჯერჯერობით არა. ეს მხოლოდ ჩვენი სიყვარულის სიმბოლოა. დაქორწინებაზე წინასწარ საუბარი არ გვსურს. როცა ამას გადავწყვეტთ, მაინც ყველა გაიგებს.

- ერთმანეთის ოჯახებს თუ იცნობთ და როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, ერთმანეთის მშობლებსაც ვიცნობთ და უკვე ჩვენი მშობლებიც იცნობენ ერთმანეთს. ჩემს მშობლებს ძალიან მოსწონთ ვახო. მათ აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და მიხარია, რომ მათ ვახო მოსწონთ. მგონი, მის მშობლებსაც მოვწონვარ; რატომ არ უნდა მოვწონდე (იცინის)?! იმედია, ყველაფერი მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები