"მაესტროს" გენერალური დირექტორი კახა ბექაური ინტერვიუზე ძლივს დავითანხმეთ. არხი განახლებული სახით გასვლისთვის ემზადებოდა და შესაბამისად, კახას ბევრი სამუშაო ჰქონდა. "მაესტროში" კახა ბექაურის მისვლას მისი მეუღლის ეკა ბერიძის ეკრანზე დაბრუნებაც დაემთხვა. ეკა რამდენიმე წელი არ ჩანდა ეკრანზე, ამის მიზეზი კი, როგორც კახა ბექაურმა თქვა, ის იყო, რომ ეკას ნაციონალური ტელევიზიები ბლოკავდნენ.
- განახლებულ "მაესტროს" ეთერში გასვლა რატომ დააგვიანდა?
- როგორც კი გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია, მაშინვე ვთქვი, რომ განახლებული გადაცემებით ეთერში აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გავიდოდით. დაგეგმილ ვადას მხოლოდ ორი კვირით გადავაცილეთ. არა მგონია, ეს დიდი დაგვიანება იყოს. ტელევიზიის რებრენდინგი საპასუხისმგებლო საქმეა. საინფორმაციო არხის ჩამოყალიბება სახუმარო საქმე არაა, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ძალიან დავიგვიანეთ ეთერში გასვლა. პირიქით, მოკლე ვადები დავსახეთ. ტელევიზია 2-3 თვეში არ კეთდება. სატელევიზიო სფეროში დიდი გამოცდილება მაქვს და კარგად ვიცი, რომ ბევრი სირთულე შეიძლება შეგვხვდეს ამ საქმეში.
ვისაც ტელევიზია კარგად ესმის, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმება. უნდა აღინიშნოს, რომ განახლებული სახით ოქტომბერში რომ გავსულიყავით, არც ეს იქნებოდა ადვილი. ახლა, შეიძლება ითქვას, ფართხაფურთხით გავედით ეთერში. თქვენი ჟურნალის მეშვეობით მინდა მოვუბოდიშო მაყურებელს, რომელიც ბევრ ტექნიკურ წუნს ხედავს ჩვენს ეთერში. ჩვენ, ფაქტობრივად, ე.წ. "პრაგონიც" არ გვქონია. შეიძლება ითქვას, მაყურებლის თვალწინ ვატარებთ ექსპერიმენტებს, რაც ბევრ წუნს იწვევს. მაგრამ გადავწყვიტეთ, მაყურებლის ინტერესებიდან გამომდინარე, შედარებით ადრე გავსულიყავით ეთერში და არ მიგვექცია ყურადღება ტექნიკური ხარვეზებისთვის.
- ტექნიკური ხარვეზების გარდა, თქვენი აზრით, კიდევ რა არის შესაცვლელი განახლებულ "მაესტროში"?
- ყველა პრობლემა, რომელიც არსებობს, განპირობებულია იმით, რომ არც შიდა ეთერი გვქონია და არც გვივარჯიშია. შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ვიხვეწებით.
- რომელი ჟურნალისტის ნახვას ისურვებდით თქვენს ეთერში?
- რომელი ჟურნალისტის ნახვასაც მაყურებელი ისურვებს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებას არც ერთ მათგანთან არ ვაწარმოებთ. მოგვიანებით ვგეგმავთ დილის გადაცემის დამატებას და ახალი ამბების რედაქციის მუშაობის სხვა პრინციპებზე გადაყვანას. ღია ეთერში გაკეთდება საინფორმაციო გამოშვება, რაც ქართულ სატელევიზიო სივრცეში სიახლე იქნება. ეს საკმაოდ რთული ტექნოლოგიაა. "სიენენი" და "ფოქს ნიუსი" ამ პრინციპებით მუშაობს. სატელევიზიო სპეციფიკაში კარგად ჩახედული ადამიანი მიხვდება, რამდენად რთული სამუშაო გვექნება შესასრულებელი.
"მაესტრო" გეგმავს ახალი ამბების სივრცეში პირველი ადგილის დაკავებას. გვინდა, ამ სფეროში ლიდერები ვიყოთ. ეს მოხდება ან 2010 წლის ბოლოს, ან ერთი წლის შემდეგ. "მაესტროს" ახალი ამბების გამოშვებები იქნება 12-ზე, 3, 6 და 9 საათზე. ეს ის დროებია, როცა გადის საინფორმაციო სივრცეში პირველ ადგილზე მყოფი "კურიერი". ჩვენ ვგეგმავთ, ის მეორე ადგილზე გადავიყვანოთ.
- "იმედის" საინფორმაციო "ქრონიკას" რატომ არ მიიჩნევთ კონკურენტად?
- "ქრონიკას" კონკურენტად არანაირად არ აღვიქვამთ. ჩვენი აზრით, ის უკვე წასულია საინფორმაციო სივრციდან. "იმედის" ნიშა გასართობი გახდა და მათი საინფორმაციოც გასართობ გამოშვებას ემსგავსება. შესაბამისად, მათ კონკურენტად არ აღვიქვამთ.
- იმიტირებული "ქრონიკა" იგულისხმეთ, როდესაც გასართობი უწოდეთ "ქრონიკის" საინფორმაციო გამოშვებას?
- გასართობი იყო იმიტირებულიც და მათი ყოველკვირეული "ქრონიკაც". იმიტირებული "ქრონიკა" უკვე გასართობი საინფორმაციო გამოშვების პიკი იყო, რომელმაც მაყურებელი დაზაფრა. თუმცა მანამდეც "ქრონიკა" კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო. საინფორმაციო ველიდან რომ წასულები არიან, ამას თვითონაც მიხვდნენ. მალე ალბათ საინფორმაციო რედაქცია "იმედს" აღარ ექნება და არხი მთლიანად გასართობი გახდება. "ქრონიკა" ვეღარ აღიდგენს რეპუტაციას მაყურებელში. ჩემი აზრით, სუსტი პოზიცია აქვს ამ მხრივ "კურიერსაც", დღემდე პირველ ადგილზე იმიტომ იყო, რომ ქართულ ტელესივრცეში მისი ალტერნატივა არ არსებობდა. ახლა ვარსებობთ ჩვენ და უბრალოდ დროის საკითხია მათი ჩამოჩოჩება პირველი ადგილიდან.
- ბოლო დროს "მაესტროს" გარშემო ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. ამბობდნენ, ზურაბ ნოღაიდელს არხთან დაკავშირებით ინტერესები ჰქონდა და საკმაოდ სოლიდური თანხაც გაიღოო...
- როგორ შეიძლება, ზღაპრები უარვყო ან დავადასტურო. ბევრჯერ მითქვამს, რომ "მაესტრო" არსებობს მხოლოდ რეკლამით. სარეკლამო დრო სამი წლით მივყიდეთ მედია კომპანიას, რომელსაც უკვე შემოაქვს თანხა "მაესტროში". ბუნებრივია, ჩვენ ველით, რომ რეიტინგის მატებასთან ერთად რეკლამაც მოიმატებს ჩვენს ეთერში. ვცდილობდით, დაბალხარჯიანი და ეკონომიკურად მომგებიანი ყოფილიყო ის გადაცემები, რომლებიც ეთერში გავიდოდა. გადაცემებს, რომლებსაც მაყურებელი ხედავს, ორ კაცზე მეტი არც ერთს არ ამზადებს. ჩვენი პრინციპია, გადაცემაში ჩადებულმა ერთმა დოლარმაც კი მოგება მოიტანოს, ასე გაგრძელდება მომავალშიც.
- მამუკა ღლონტმა ბევრჯერ თქვა, რომ "მაესტროზე" რეკლამის მიზიდვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რადგან ხელისუფლება უკრძალავდა ბიზნესმენებს არხზე რეკლამის მიტანას. როგორც ვხედავ, თქვენ ეს საკითხი აღარ გაღელვებთ...
- რა თქმა უნდა, გვაღელვებს. სარეკლამო ბაზრის 30% ქართული კომპანიებია, დანარჩენი კი საერთაშორისო ორგანიზაციებია, რომელთაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს, იმიტომ, რომ საერთაშორისო ბრენდებია.
- და ამ რესურსს მამუკა ღლონტი რატომ ვერ იყენებდა, მას ხომ არხზე რეიტინგული გადაცემები ჰქონდა.
- "მაესტროს" არსებობის დროს, იყო პერიოდი, როდესაც დიდი სარეკლამო შემოსავალი ჰქონდათ, რადგან რეიტინგული რეალური შოუები გადიოდა. ამ შოუებს არც რეკლამა აკლდა და არც მესიჯები, თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემებიც იყო. ბუნებრივია, ხელისუფლების მიერ კონტროლირებული რეკლამის 30% არხს ადრეც აზარალებდა და ჩვენც დაგვაზარალებს, ამიტომ დავგეგმეთ გადაცემები ისე, რომ მცირედი რეკლამაც კი არხისთვის სარგებლობის მომტანი იყოს.
- მითხარით, თითოეულ გადაცემაზე ორი ადამიანი მუშაობსო. არ უჭირთ ჟურნალისტებს მუშაობა?
- რა თქმა უნდა, უჭირთ და ბუნებრივია, ეს გადაცემები ხარისხობრივად ვერ იქნება ძალიან მაღალი, თუმცა პრობლემა მარტო ეს არაა. ჩვენ გავრცელების მხრივაც პრობლემაც გვაწუხებს. საკაბელო მაუწყებლობა გვაქვს და ყველა ვერ გვიყურებს.
- თქვენი მეუღლე ეკა ბერიძე რამდენიმე წელი არ ჩანდა ეკრანზე. ეკამ ჩემთან ინტერვიუში თქვა, რომ ტელევიზიას აღარ დაუბრუნდებოდა. ამბობდა, ბიზნესში წასვლას ვაპირებო. როგორ მოხდა, რომ ეკა ძველ საქმიანობას დაუბრუნდა?
- ვერ ვიტყვი, რომ ეკას აღარ უნდოდა სატელევიზიო სივრცეში მოღვაწეობა. რამდენიმე პროექტი შესთავაზა კიდეც ნაციონალურ არხებს და შეხვდა კიდეც მათ ხელმძღვანელებს, მაგრამ არც ერთი არხის სურვილი არ ყოფილა ეკასთან თანამშრომლობა. ფაქტობრივად, ეკა დაბლოკილი იყო. მიზეზი მარტივია. ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც ხელისუფლებას მიეყიდა, დარჩნენ ტელევიზიებში და დღესაც წარმატებით აგრძელებენ პროპაგანდისტულ სამსახურს. ნაწილი სახელმწიფო სამსახურში გადაბარგდა. ნაწილს კი, ვინც არ ჩადგა მათ სამსახურში, მოღვაწეობა აუკრძალეს. ეკამ ამიტომაც გადაწყვიტა, შეეცვალა მუშაობის მიმართულება. ჰქონდა კიდეც რამდენიმე ბიზნესიდეა.
- ბიზნესიდეაზე ხელი თქვენ ააღებინეთ?
- მე მართლაც მქონდა მასთან სერიოზული საუბარი. როცა "მაესტროზე" გადაცემის გაკეთება შევთავაზე, დიდი ეანთუზიაზმი არ გამოუმჟღავნებია. ეკას დაგეგმილი ჰქონდა ჟურნალის ან გაზეთის გამოცემა, მაგრამ ამ თვალსაზრისით ჩემი მცდელობა წარმატებული გამოდგა და ეკა "მაესტროში" მუშაობს.
- ზვიად ქორიძე "მაესტროდან" განაწყენებული წავიდა. მოგვიანებით მან თქვა, რომ შესაძლებელია არხის უკან პოლიტიკური ძალა მდგარიყო.
- არხის რეორგანიზაციის პერიოდში პირადად მე გამოვხატე სურვილი, რომ შევხვედროდი ზვიადს, მაგრამ არ ისურვა. ჩვენი ინიციატივით არხიდან არც ერთი ჟურნალისტი არ წასულა. თუკი ზვიადი ფიქრობდა, რომ ჩვენ უკან პოლიტიკური ძალა იდგა, ხომ უნდა მოსულიყო და ეკითხა ჩემთვის. ჟურნალისტური ეთიკა, პირველ რიგში, იმას მოითხოვს, მიღებული ინფორმაცია პირველწყაროსთან გადამოწმდეს, არა მგონია, სწორი იყოს, როცა შორიდან ლაპარაკობ და შეხვედრაზე არ მიდიხარ. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. უბრალოდ, გული მწყდება, რომ ჩემი სურვილის მიუხედავად, ზვიადთან შეხვედრაც კი ვერ მოვახერხე.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)