რატომ უჩივლეს პაატა გულიაშვილსა და ნინო არაზაშვილს

რატომ უჩივლეს პაატა გულიაშვილსა და ნინო არაზაშვილს

ბევრი იარა თუ ცოტა, "მზის დარტყმიდან" "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში ამოყო თავი. იქაც "ფარული კამერის" ფორმატის ჩანართზე, სახელწოდებით - "გამატელევიზორეს" - მუშაობს... თურმე ბავშვობაში, იმის გამო, რომ ისეთი ოხუნჯობები უყვარდა, როგორსაც "მზის დარტყმაში" აკეთებდა, მეტსახელად - "აფიოროვიჩი" შეურქმევიათ, მაგრამ ამბობს, რომ დღეს ეს სახელი აღარ შემორჩა.

სამაგიეროდ, კვლავაც ისეთივე ოხუნჯობის ხალისი და განწყობილება აქვს, როგორსაც კვირაში ორჯერ დილის ეთერში გვთავაზობს. პაატა გულიაშვილს, მსახიობობის პარალელურად, შოუმენობა საუცხოოდ გამოსდის და ამიტომაც, ნინო არაზაშვილმა - "რუსთავი 2"-ის დილის პროგრამის მთავარმა პროდიუსერმაც თავის გადაცემაში მიიწვია...

- სულ თავიდან დავიწყოთ: როგორ გაიცანით ერთმანეთი?

პაატა:

- დაახლოებით 10 წლის წინ "თავისუფალ თეატრში", ვამპილოვის პიესის ("იხვებზე ნადირობა") მიხედვით დადგმულ სპექტაკლში კოსტიას როლს ვთამაშობდი. პრემიერის დღეს ნინო გარეთ დამხვდა და ინტერვიუ ჩამომართვა. უნდა გენახა, როგორი აღფრთოვანებული ვიყავი!.. ასე რომ, ეკრანზე პირველი გამოჩენა ანუ ჩემი შემოქმედების ტელეეკრანზე წარმოჩენა ნინოს უკავშირდება...

ნინო:

- ვამპილოვის ეს პიესა ბავშვობაში მშობლებთან ერთად, ბათუმის თეატრში მქონდა ნანახი. როდესაც დილის გადაცემაში ამ სპექტაკლის გაშუქება გადავწყვიტეთ (მაშინ კორესპონდენტი გახლდით), ვთქვი, - ეს პიესა კარგად ვიცი და სპექტაკლზე მე წავალ-მეთქი... უეცრად პატარა, უსაყვარლესმა, ნიჭიერმა მსახიობმა 3 წუთის განმავლობაში სცენაზე საოცარი ცეცხლი დაანთო და დარბაზი ტაშისგან დაინგრა. ჰოდა, მისით მეც დავინტერესდი და სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, სანამ საგრიმიოროდან გამოვიდა, იქიდან ფეხი არ მომიცვლია. ახალგაზრდა მსახიობს შესანიშნავი როლი ჰქონდა და მისი კომენტარი რეპორტაჟში როგორ არ ჩავსვა-მეთქი?!. პაატა შენობიდან სულ ბოლოს გამოვიდა. მაშინ - არა და, ახლა მინდა ვკითხო: საგრიმიოროში ამდენი ხანი რას აკეთებდი?

პაატა:

- როდესაც დამწყები მსახიობი ხარ და, მით უმეტეს, სპექტაკლში მთავარი როლი არ გაქვს, პრემიერაზე იმაზე არასდროს ფიქრობ, რომ გარეთ შეიძლება, კორესპონდენტი დაგხვდეს: ჟურნალისტები უმეტესად, კომენტარს რეჟისორებსა და მთავარი როლების შემსრულებლებს სთხოვენ. ამიტომ, მეც კოსტიუმი ნელ-ნელა გამოვიცვალე და თეატრის შენობა მშვიდად დავტოვე... იმ ინტერვიუს შემდეგ უნდა გენახა, რა გაჭიმული დავდიოდი! სულ რაღაც 22 წლის ბიჭი ვიყავი...

ნინო:

- კარგა ხანი არ გამინელდა მასზე შექმნილი შთაბეჭდილება. მეორე დღეს დუტას დავურეკე და გავუზიარე ჩემი შეხედულება ახალგაზრდა, ნიჭიერი თელაველი მსახიობის შესახებ. რა თქმა უნდა, დუტა პაატას იცნობდა...

- დღეს კი ორივე ერთ კომპანიაში, ერთ გადაცემაზე მუშაობთ. როგორ მოხდა ეს?

პაატა:

- როგორც ჩანს, დიდმა სიყვარულმა და პატივისცემამ, რომელსაც იმ დღიდან მოყოლებული, ნინოს მხრიდან მუდმივად ვგრძნობდი, საბოლოოდ, ჩვენი თანამშრომლობაც განაპირობა... ერთხელაც, საქმიანი წინადადებით დამირეკა და თანამშრომლობა შემომთავაზა. ძალიან გამიხარდა, რადგანაც როდესაც ტელეკომპანიებიდან ("მზე", "საზოგადოებრივი მაუწყებელი") წამოვედი, გარკვეული პერიოდის მანძილზე, ტელევიზიაში აღარ ვმუშაობდი. ჰოდა, ნინოს წყალობით, "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში მოვხვდი. შეიძლება ითქვას, ოცნება ამიხდა, რადგანაც ამ ტელეკომპანიაში მუშაობის სურვილი ყოველთვის მქონდა.

ნინო:

- გასულ ზამთარს გადაცემაში სიახლის შეტანა გადავწყვიტე და სეზონის დასრულებას აღარ დაველოდე. შევედი გენერალურ დირექტორთან - გოგი გეგეშიძესთან და ვუთხარი, - დილის ეთერში "ფარული კამერის" შემოღება მინდა და ამისთვის პაატა გულიაშვილს უნდა დავურეკო-მეთქი. ჩემი იდეა დირექტორს მოეწონა და დამთანხმდა... მიხარია, რომ დღეს პაატა ჩვენთან მუშაობს.

- თქვენს ახალ რუბრიკას - "გამატელევიზორეს" სახელი როგორ შეურჩიეთ?

ნინო:

- სახელწოდებაზე ბევრი ვიმსჯელეთ. დაფაზე დაახლოებით 56 სიტყვა მაინც ჩამოვწერეთ... მუშაობის პროცესში ვიყავით, ოთახში ოპერატორი - ბაქარ შარაშენიძე რომ შემოვიდა, უეცრად წამოიძახა - "გამატელევიზორეს"! მაშინვე მივხვდით, რომ ეს ის სიტყვა იყო, რომელსაც ვეძებდით... საბოლოოდ, ძალიან მხიარული რუბრიკა გამოგვივიდა... თუ ადრე პაატას მთავარი სამიზნე - ცნობილი ადამიანები იყვნენ, ახლა ის ქუჩაში გამვლელებს, სრულიად უცხო ადამიანებს უგებს "მახეს".

პაატა:

- ხალხი ხომ უმეტესად, ისეთ ადგილებში იყრის თავს, სადაც კვების ობიექტებია. ჰოდა, ვცდილობ, მეც იქ გადავიღო სიუჟეტის მასალა. ახალი სამუშაო სახალისო აღმოჩნდა... თუმცა ცოტა საჩოთიროა ის, რომ არ იცი, გამვლელი როგორი ფსიქოტიპისა თუ ხასიათის ადამიანი აღმოჩნდება... ამის გამო ქუჩაში სულ გაღიმებული სახით სიარული მიწევს...

- ცნობილი ადამიანების "გატელევიზორებას" აღარ აპირებ?

- კი, გეგმაში ესეც არის და პოპულარული ადამიანები მაინცდამაინც მშვიდად ნუ იქნებიან, რადგანაც ცუდი აზრები მომდის თავში...

- რითი ემუქრები?

- დიდი-დიდი, გვერდით ვიღაც "მოვუკლა". ოღონდ, იმ ვიღაცას ეს წინასწარ ეცოდინება...

- შენ მიერ დაგებული ყველაზე სახალისო ან იქნებ უცნაური "მახე" შეგიძლია, გაიხსენო?

- ასეთი სცენარი იყო: ქუჩაში გამვლელისთვის მობილური ტელეფონი უნდა გვეთხოვა და მასზე საუბარი გაგვება... როდესაც საქმეს შევუდექით, ერთ-ერთი ქალბატონი ძალიან აღშფოთდა (როგორც ჩანს, მას ანგარიშზე საკმარისი თანხა არ ჰქონდა). მოკლედ, ფიცხი ქალბატონი აღმოჩნდა.

ჩვენს მსახიობს დაებღაუჭა და ტელეფონი გამოჰგლიჯა ხელიდან... ეს რომ დავინახე, უცებ მანქანიდან გადმოვხტი და გაღიმებული სახით მივუახლოვდი. მან ჩანთა კბილებში ისე მითავაზა, რომ გული შემიწუხდა. ვუთხარი, - ქალბატონო, გეხუმრეთ, რას მიშვრებით-მეთქი?!. მაინც ვერაფერი შევასმინე; ქვეყანა შეძრა და ბოლოს გვიჩივლა კიდეც, მაგრამ ვერაფერს გახდა... არადა, მისთვის შეურაცხყოფა ხომ არ მიგვიყენებია?! ტელეფონი საკუთარი ნებით მოგვცა...

- პაატა, რუსთაველის თეატრის მსახიობი ხარ. შენი შოუმენობა ბატონ რობერტ სტურუას თუ მოსწონს? ხომ არ გსაყვედურობს ხოლმე?

- ცოტა ხნის წინ ბატონმა რობიკომ მოსკოვიდან დამირეკა (იქ სპექტაკლს დგამს) და მითხრა, - შენს ახალ პროექტს ვუყურე და ბევრი ვიცინე, მაგრამ სანამ ვინმე არ მოგკლავს, მაგ საქმეს არ მოეშვებიო?! მის ასეთ ზარს ნამდვილად არ ველოდი...

ნინო:

- პაატას თანაავტორად, თავისი მეგობარი - დევი დევიძე ჰყავს. ორივე, "მზის დარტყმაზე" მუშაობდა. აქაც ერთად წერენ სცენარებს...

პაატა:

- საკმაოდ შეკრულ გუნდთან ერთად მიწევს მუშაობა, რითაც ბედნიერი ვარ.

- ცნობილია, რომ მსახიობების უმრავლესობას, ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, დილით ძილი უყვარს. დილის გადაცემაში რომ მუშაობ, ადრე ადგომა არ გიჭირს?

- როცა საქმე მომწონს და სიამოვნებას მანიჭებს, ის ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს. ამასთან, როდესაც ადამიანების თანადგომასაც გრძნობ, ესეც ძალზე მნიშვნელოვანია.

- ნინო არაზაშვილი მკაცრი შეფია?

- გაბრაზებულიც მინახავს, მაგრამ ისეთი - არა, რომ საოცარი სიმკაცრე გამოევლინოს. უპირველესად, მეგობრები ვართ... მე საყვედურებს საერთოდ არ მაძლევს...

ნინო:

- არ მახასიათებს თანამშრომლებისთვის საკუთარი აზრების თავს მოხვევა, ჩემს მოსაზრებას მათ ყოველთვის რჩევის სახით ვთავაზობ... სხვათა შორის, პაატა საოცრად პუნქტუალური ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთულია (სპექტაკლები, რეპეტიციები), მის მიერ ჩაგდებული დღე არ მახსოვს. მივესალმები იმასაც, რომ თეატრში მუშაობს - მსახიობობა ხომ მისი მთავარი პროფესიაა! ამიტომ, მასთან დათმობაზე ყოველთვის მივდივართ, მაგრამ ამით ცუდად არასდროს უსარგებლია.

პაატა:

- ამ გუნდში სამუშაოდ რომ მოვედი, მაშინვე გავუკეთე ორგანიზება იმას, რომ ყველას ერთად, სუფრასთან თითო ჭიქა აგვეწია, რადგანაც ადამიანი ყველაზე მეტად, მგზავრობისას ან სუფრასთან იცნობა.

- მერე სად მოხდა თქვენი შეხვედრა?

- ახალი თანამშრომლები დედოფლისწყაროში, მეგობართან (ერთ კარგ კახელ კაცთან, რომელსაც მეტსახელად, შხუილას ეძახიან) წავიყვანე.

ნინო:

- საოცარი სუფრა დაგვახვედრეს. სიღნაღიდან ფოლკლორული ანსამბლი ჰყავდათ ჩამოყვანილი, რომელიც სუფრას მუსიკალურად "აფორმებდა". მშვენიერი დრო გავატარეთ. იყო სიცილი, ხუმრობა და ანეკდოტები უზღვავი რაოდენობით.

- მოდი, ჩვენც გაგვახალისეთ და ანეკდოტები მოგვიყევით...

პაატა:

- კახელი ინტიმურ ტელეფონზე რეკავს: ალო! - გისმენთ! - პასუხობს ქალბატონი. - როგორ დავდგე? ბიუსტჰალტერი გავიხსნა? - ქალო, ბიუსტჰალტერი კი არა, საქმე მალე დაამთავრე, სახლში პური წამაიღე, სტუმრები მოგვივიდნენო (თურმე ქმარი ცოლს "სამსახურში" შეეხმიანა).

ნინო:

- ანეკდოტს კი არა, ნამდვილ ამბავს მოგიყვებით, რაც იმ სუფრასთან მოხდა: თამადას სუფრის ერთ-ერთი წევრის ტელეფონის ზარი ლაპარაკში ხელს უშლიდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და უთხრა: მაიტა, გააჩერე ტელეფონი! - როგორ გავაჩერო? ზარს ველოდებიო! - კაცო, ადექი და "ჩუმზე" დააყენეო!..

ცნობილი ამბავია, რომ გურჯაანელები თელაველებს იმთავითვე ექიშპებიან. ჰოდა, გურჯაანელებმა ყოყლოჩინობა იმით გამოამჟღავნეს,K რომ თქვეს: ერეკლე მეფე გურჯაანელი იყო, "პროსტა" თელავში ჰქონდა "სამსახურიო"...

- მოდი, მოკლედ დაახასიათეთ ერთმანეთი - მოხაზეთ შტრიხები ერთმანეთის პორტრეტებისთვის...

- პაატა ნიჭიერი, მაგრამ არაზარმაცი ადამიანია, რაც ჩვენში ცოტა იშვიათობაა. საქმის კეთების პროცესში იმაზე მეტად ნერვიულობს, ვიდრე ეს დასაშვებია. საოცრად გალანტური, ალალი და კეთილია. სადაც უნდა მუშაობდეს, იმაზე ფიქრობს, თანამშრომლები გაახალისოს. მაგრამ ყოველთვის ანეკდოტების მოყოლის ხასიათზე როდია. სხვა თუ არაფერი, კაცს სახლი არა აქვს და ამის გამო, უამრავი საფიქრალ-საზრუნავი აწუხებს, მაგრამ ამას არასდროს იმჩნევს. ყველა სიტუაციაში ობიექტური და სამართლიანია. მოკლედ, გემრიელი, კახური "ფუნთუშაა"!..

- ეგ როგორ? კახური "ფუნთუშაც" არსებობს?!

- კი, და ეს არის პაატა გულიაშვილი...

პაატა:

- ნინომ ისე დამახასიათა, მომავალ არჩევნებზე თამამად შემიძლია, კენჭი ვიყარო... ახლა მე ვიტყვი: ჩვენ შორის მსგავსება იმაშიც არის, რომ სახლი არც ნინოს აქვს...

- მოკლედ, ორი უბინაო ადამიანისთვის მომიგნია...

- კი... ნინოს აქვს უნარი, თავი შეგაყვაროს. იცის ერთი მაგარი ფრაზის - "მე შენ ძალიან მიყვარხარ!" - თქმა, რაც საოცარ სტიმულს გაძლევს. შეუძლებელია, ასეთ ადამიანს ოდესმე ვუღალატო...

- პაატა, ვიცი, რომ პრემიერისთვის ემზადები...

- დიახ, რუსთაველის თეატრში ვმუშაობთ სპექტაკლზე - "დაბოლილი მთვარე". ირაკლი სამსონაძის პიესა გახლავთ და მას გოგა თავაძე დგამს. სახალისო კომედიაა და სამუშაოდ, მსახიობების (ნინო კასრაძე, ზალიკო ჩიქობავა, დათო დარჩია, ნანუკა ხუსკივაძე) მაგარი ჯგუფია შეკრებილი. მათთან არასდროს მითამაშია...

- ნინო, უახლოეს მომავალში დილის გადაცემაში რა სიახლეებია მოსალოდნელი?

- ერთი თვის წინ პროექტ "ნიჭიერის" ილუზიონისტები - დათო რობაქიძე და ავთო გოგეშვილი შემოგვემატნენ და ოთხშაბათობით, რამდენიმე წუთის განმავლობაში, თავიანთი ხელოვნებით მაყურებელს აოცებენ. კარგი ბიჭები არიან... მომდევნო სეზონისთვის ჩვენი არხი ახალ შენობაში გადადის. შესაბამისად, ახალი სტუდიაც გვექნება. დეკორაციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ახალ სეზონში მაყურებელს ბევრ ახალ რუბრიკას შევთავაზებთ, ოღონდ ყველაფრის წინასწარ თქმა არ მინდა...

- კარგი, წარმატებებს გისურვებთ!

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები