გაზეთების დახურვის რეალური საფრთხე

გაზეთების დახურვის რეალური საფრთხე

მთავრობა იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ახალი "საგადასახადო კოდექსის" პროექტის წერისას ფინანსთა სამინისტროს კომპიუტერებს ტექნიკური პრობლემა მაინცდამაინც პრესასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეექმნათ. ყოველ შემთხვევაში, პროექტში ორ სხვადასხვა ადგილას აღარ არის ის ჩანაწერი, რომლითაც ჟურნალ-გაზეთები დღგ-გან თავისუფლდებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაზეთები უნდა დაიხუროს. სწორედ ამიტომ, ოპოზიცია ეჭვობს, რომ "ხელისუფლებას გაზეთების საწინააღმდეგოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ამის განხორციელებას ფინანსურ დონეზე აპირებენ".

საინტერესო კი ის არის, რომ ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობიდან კომენტარს ვერავინ აკეთებს. ერთადერთ იმედად კი მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადება რჩება, სადაც ხუროშვილი ირწმუნება, რომ "ეს მხოლოდ ტექნიკური პრობლემაა და პირველივე სხდომაზე გასწორდება".

ახალი "საგადასახადო კოდექსის" შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია და იმის გამო, რომ ეს დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია, მისი სრულყოფილი შეფასება შეუძლებელია. თუმცა, უკვე გამოჩნდა, რომ მთავრობა საკმაოდ მნიშვნელოვანი "რეფორმების" გატარებას გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, პრესასთან დაკავშირებით მაინც.

საქმე ის არის, რომ პროექტში ორ სხვადასხვა ადგილას, სადაც საუბარია დღგ-გან გათავისუფლების საკითხებზე, ამოღებულია ჟურნალ-გაზეთების კოდი. მართალია, დარჩენილია განმარტება, რომ ეს ეხება წიგნებთან და ნოტებთან ერთად ჟურნალ-გაზეთებსაც, მაგრამ ამოღებულია სასაქონლო კოდი. საგადასახადო ორგანოები კი სწორედ ამ კოდის მეშვეობით ხელმძღვანელობენ და მათთვის იმის თქმა, რომ განმარტებაში ჟურნალ-გაზეთებიც წერიაო, უბრალოდ, საკმარისი კი არ არის, არამედ სასაცილოა.

საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ ახალი "საგადასახადო კოდექსით" ის შეღავათი, რაც დღეს პრესისთვის დღგ-თან დაკავშირებით არსებობს, ამ კოდექსის მიღების შემდეგ აღარ გავრცელდება საქონლის იმპორტზე, მიწოდებაზე, რეალიზაციასა და რეკლამაზე. ეს კი ყველა იმ სფეროს მოიცავს, რაც ბეჭდვითი მედიის გამოცემისთვის არის აუცილებელი და ეს არის არა მთავრობის მიერ პრესისთვის მიცემული შეღავათი, არამედ ისეთი ნორმები, რომელთა დაბეგვრა ქართული კანონმდებლობით არასოდეს ყოფილა გათვალისწინებული, ყოველ შემთხვევაში, ბოლო 20 წლის მანძილზე. ერთადერთი წყალობა, რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებამ პრესისთვის გაიღო, რეკლამის შემოსავლის დღგ-ს დაბეგვრისაგან გათავისუფლება იყო და ახლა ეს უპირობოდ უკან მიაქვს, როგორც ჩანს, რეკლამის მის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში გადასაქაჩად.

ფაქტია, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუკი ეს პრინციპი განხორციელდება და ბეჭდვით მედიას დღგ-თან დაკავშირებული შეღავათი აღარ შეეხება, გაძვირდება პროდუქციის თვითღირებულება, ამას დაემატება ის, რომ ეს პრინციპი განხორციელდება შემოსულ რეკლამაზეც, რომელიც ისევ თვითღირებულების ფასზე იმოქმედებს და საბოლო ჯამში აღმოჩნდება, რომ გაზეთს მყიდველი აღარ ეყოლება. ეს კი ავტომატურად გამოიწვევს გაზეთების დახურვას.

სწორედ ამიტომ ოპოზიცია უკვე იმ პრობლემაზე ალაპარაკდა, რომ ამ მეთოდით ხელისუფლება ბეჭდვითი მედიის გაკონტროლების ახალ მექანიზმებს ეძებს.

"ეს არის საკანონმდებლო დონეზე თაღლითობის განხორციელების მცდელობის ბრწყინვალე მაგალითი. კანონპროექტში ამოღებულია კოდი და ფრჩხილებში სწერია რომ, თითქოს, დღგ-გან თავისუფლდება ჟურნალ-გაზეთებიც. მაგრამ, ფრჩხილებში რა წერია, ეს საგადასახადოს საერთოდ არ აინტერესებს.

მისთვის მთავარი არის სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისი კოდი და ეს ცალსახალ იმას ნიშნავს, რომ ჟურნალ-გაზეთები ამ შეღავათით ვეღარ ისარგებლებენ, რაც, ჩემი აზრით, არის უმძიმესი დარტყმა ფინანსური თვალსაზრისით ჟურნალ-გაზეთებისთვის. ეს პირდაპირ იმოქმედებს ჟურნალ-გაზეთების ფასზე. ადამიანები, უბრალოდ, ვეღარ იყიდიან გაზეთებს და გამომცემლობები იძულებულნი გახდებიან, დაიხურონ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მიზანი სწორედ ეს არის. ეს არის იმაზე უარესი, რაც თავის დროზე ხელისუფლებამ "იმედში" შეჭრით და შტურმით აღებით გააკეთა.

ახლა შეიძლება ავტომატით და ხელკეტით რედაქციაში არავინ არ შემოიჭრას, მაგრამ ეს ხელკეტზე და ავტომატზე უარესია. ეს არის ვითომ ცივილიზებული ფორმით მასმედიის იმ სეგმენტის მოსპობა, რომელიც ცდილობს, სიმართლე თქვას. მართალია, სააკაშვილი აცხადებს, რომ გაზეთებს არ კითხულობს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გაზეთების ძალიან ეშინია, რადგან ეს არის თავისუფლების კუნძული მედიასივრცეში, რომელიც არის მიუმხრობელი და წერს იმას, რასაც ხედავს და არა იმას, რასაც ეუბნებიან", - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, მთავარი ის არის, რომ "ეს არის არამარტო გაზეთების წინააღმდეგ მიმართული აქცია, არამედ მთელი საზოგადოების წინააღმდეგ და მაინტერესებს, რას იტყვის სააკაშვილი იგივე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებსაც სულ იმას ჩასძახის, რომ ჩვენისთანა დემოკრატია არავის არა აქვს. ამიტომ მე ბატონ სააკაშვილს ვეკითხები, ეს არის დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება, რომ ბეჭდვით მედიას, რომელსაც მართლა ჯოჯოხეთურ პირობებში უწევს არსებობა, მართლა საარსებო საშუალება წაართვა? თანაც ამ მეთოდით. თითქოს არაფერი არ იცვლება და როგორც ჩანს, იმის იმედი ჰქონდათ, რომ ამას არავინ შეამჩნევდა და მერე რა იქნებოდა, კაცმა არ იცის".

საინტერესო კი ის არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ უნდა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ მასთან ამაზე არავის არ ულაპარაკია და ვარაუდობს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის. ასეთივე კომენტარს აკეთებს გოკა გაბაშვილიც.

მაგრამ გარკვეულ ეჭვებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი აჩენს. ზურაბ მელიქიშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს მხოლოდ საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ გააკეთებს. თუმცა, კატეგორიულად არაფერი თქვა იმაზე, ეს არის ხელისუფლების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ მართლა ტექნიკური შეცდომა და "კოპი-პეისტის პრობლემა", როგორც მას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ პროექტის საჯარო განხილვაზე უწოდა.

"ნებისმიერ თემაზე მაშინ გავაკეთებ კომენტარს, როდესაც განხილვას დავიწყებთ. მთავრობამ შემოიტანა ვარიანტი, რომლის მიხედვითაც იცით, რაც არის. ამის მიხედვით ჩვენ დავიწყებთ განხილვას და საკითხებზე დეტალურად მაშინ გაგცემთ პასუხს", - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

მაგრამ, ასე თუ ისე, იმედისმომცემ კომენტარს მთავრობის საპარლამენტო მდივანი აკეთებს.

"კიდევ ერთხელ მინდა, დაგიდასტუროთ ის, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდეს მაუწყებლობის სრულყოფილად განხორციელება და ასევე ყველანაირად შეუწყოს ხელი ინფორმაციის გაშვებას მასმედიის სხვადასხვა საშუალებით. ამიტომ მინდა, ცალსახად დაგიდასტუროთ, რომ პრესისთვის არანაირი საგადასახადო ტვირთის დამძიმება ამ ახალ "საგადასახადო კოდექსში" არ მოიაზრება. ამ პროექტში მსგავსი არაფერი არ არის ჩადებული და ეს არის ცრუდ ატეხილი აჟიოტაჟი. მსგავსი გადაწყვეტილება არც დაგეგმილა, არც დაწერილა, არც გატარებულა და არც ვაპირებთ", - აცხადებს გია ხუროშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხდა, რომ ტექნიკური შეცდომა ორგან მაინცდამაინც მედიასთან დაკავშირებით გაიპარა, ხუროშვილი აცხადებს, რომ "თუ თქვენ გაინტერესებთ, არის თუ არა პოლიტიკური ნება ის, რომ ეს განხორციელდეს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ არ არის".

რაც მთავარია, მისი თქმით, ეს ტექნიკური შეცდომა უახლოეს სხდომაზე გასწორდება.

"ჯერ ერთი, აქ არის ერთმანეთისგან მუხლები გაყოფილი და შეიძლება, ამან გამოიწვია გარკვეული ორმაგი წაკითხვის შესაძლებლობა. თუმცა, თუ არის ასეთი ტიპის სამართლებრივი ლაფსუსი, მე ასე დავარქმევდი, გასწორდება პირველივე სხდომაზე", - აცხადებს გია ხუროშვილი.

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები