საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს მიმართა. ასოციაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის #3 დადგენილების შეცვლას ითხოვს, რომლის მიხედვითაც ლიცენზიების მფლობელი მაუწყებლები ვალდებულნი არიან სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმომავლობის ფილმების 30% სუბტიტრებით თარგმნონ ქართულად.
როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი ამგვარი გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღო პარლამენტმა, რომ დასავლური ენების სწავლაში დაეხმაროს ტელევიზია მოსახლეობას, რაც მათ არასწორად მიაჩნიათ. ასევე ასოციაციის წევრები აპროტესტებენ, იმას, რომ ფილმების რუსულად თარგმნა აიკრძალა, რაც ეთნიკური უმცირესობებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მათ ქართული არ იციან.
კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რის საფუძველზე მიიღო პარლამენტმა აღნიშნული ცვლილება. მარეგულირებელს არც იმის შესახებ აქვს ინფორმაცია, თუ რა ჯდება ერთი ფილმისათვის სუბტიტრების დამზადება. ხოლო როგორც "რეზონანსთან" საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექორი გია ჭანტურია აცხადებს, სუბტიტრები თითქმის იგივე ჯდება, რაც გახმოვანება ჯდებოდა.
კინომცოდნე მანანა ლეკბორაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სუბტიტრების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა, მისი თქმით, არსებობს ფილმები, რომლის სუბტიტრებით თარგმანიც ფილმის არსს სრულად არ გადმოსცემს, ამიტომ სპეციალისტმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი ფილმი უნდა გახმოვანდეს და რომელს უნდა დაედოს სუბტიტრები.
"ჩვენ, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრი 26 ტელეკომპანია, რომელთა წარმომადგენლები თავის დროზე ნაკლებად იყვნენ ჩართულნი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში აღნიშნული ცვლილების განხილვაში, საკითხის დეტალურად შესწავლის შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ ამ გადაწყვეტილებას გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სიკეთე:
"- მხედველობის დაზიანება: ოფთალმოლოგთა განცხადებით, სუბტიტრების ეკრანიდან კითხვა აზიანებს მაყურებელთა მხედველობას.
"- სუბტიტრებით ინფორმაციის მიღება არაკომფორტულია, რაც ლოგიკურად გამოიწვევს აუდიტორიის დაკარგვას.
"- ფილმებისთვის სუბტიტრების დადების ტექნიკური სირთულე და სიძვირე, რაც მძიმე ტვირთად დააწვება მატერიალურად ისედაც ღარიბ რეგიონულ ტელეკომპანიებს.
"- რაც ასევე მნიშვნელოვანია, სპეციალისტთა განმარტებით, მხოლოდ სუბტიტრებიანი ფილმები ნაკლებად დაეხმარება მოსახლებას დასავლური ენების შესწავლაში, შესაბამისი საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარების გარეშე (განსაკუთრებით სკოლებში) და ამგვარი პროდუქტი მხოლოდ მათთვის იქნება საინტერესო, ვინც ისედაც ფლობს ამა თუ იმ ენას.
"- კანონის ზემოხსენებული მუხლის ამოქმედება გამოიწვევს ქართულ ტელესივრცეში სახელმწიფო ენაზე გახმოვანებული ფილმების რაოდენობის შემცირებას.
"ამასთან, მიგვაჩნია, რომ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა გარკვეულწილად აკნინებს საქართველოს სახლემწიფო ენის როლს ქვეყანაში. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომაც და მედიამაც საკუთარი რესურსები უფრო მეტად უნდა მოახმარონ სწორედ ქართული ენის პოპულარიზებას და გავრცელებას ქვეყნის მასშტაბით: ასე განსაჯეთ, თვით ჩვენ შორისაც არიან კომპანიები, რომელთა გავრცელების არეალში მცხოვრები მოსახლებისთვის დღემდე გაუგებარია ქართულ ენაზე მიწოდებული მედიაპროდუქტი.
"საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია და მისი წევრი კომპანიები მოგმართავთ თხოვნით, იზრუნოთ კერძო მაუწყებლებისთვის ამ ვალდებულების გაუქმებაზე", - ნათქვამია მიმართავში.
როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ოფთალმოლოგები აცხადებენ, სუბტიტრებით ფილმების ყურება არანაირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის მხედველობას.
ხუროძის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი ოფთალმოლოგი ვალერიან ხუროძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სუბტიტრები მაყურებლის მხედველობისთვის საზიანო არ არის.
"დავიწყოთ იმით, რომ ამის შესახებ გამოკვლევა არავის ჩაუტარებია და ვინ თქვა რომ საზიანოა? როგორც სპეციალისტი ვამბობს, რომ ამ მეთოდით ფილმების ყურება მაყურებლის მხედველობას საფრთხეს არ უქმნის. ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს, ეს არც იმისთვის არ არის საზიანო. უბრალოდ, ადამიანი, რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს, უნდა მივიდეს ექიმთან და სათვალე შეარჩიოს, ისიც სურვილის შემთხვევაში.
"საერთოდაც, თუ ადამიანისთვის ტელევიზორის ყურება არ არის მიზანშეწონილი, მისთვის არც სუბტიტრების წაკითხვაა ხელსაყრელი. ეს ერთი და იგივეა და ტელევიზორის ყურებას ხომ არ ავუკრალავთ ვინმეს?!", - განუცხადა "რეზონანასს" ოფთალმოლოგმა ვალერიან ხუროძემ.
მისივე თქმით, თუკი საფრთხეებზე საუბრობს ვინმე, პირველ რიგში, კომპიუტერის მავნე მხარეებზე უნდა ისაუბროს და არა სუბტიტრების.
კოლეგის მოსაზრებას იზიარებს გიორგი ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯის" ექიმი არსენ შურღაიაც. მისი თქმით, სუბტიტრების წაკითხვა იგივია რაც წიგნის წაკითხვა.
"არავითარ საფრთხეს არ უქმნის სუბტიტრები მხედველობას, არც ჯანმრთელ და არც მხედველობის პრობლემების მქონე თვალს. ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს, რა, იმ ადამიანს წიგნის წაკითხვა უნდა ავუკრძალოთ? სუბტიტრების წაკითხვა იგივეა, რაც წიგნის წაკითხვა და ტელევიზორის ყურება. ეს არანაირ პრობლემას არ უქმნის თვალს", - განაცხადა არსენ შურღაიამ.
თუ რა მიზეზით დაინერგა ფილმების სუბტიტრებით ჩვენება, ამის შესახებ მარეგულირებელ კომისიაში ინფორმაცია არ აქვთ.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესსამსახურის უფროსი ხატია ყურაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება პარალმენტმა მიიღო და მარეგულირებელმა უბრალოდ პარლამეტის დავალება შეასრულა.
სავარაუდოდ კი, ამ მეთოდით სახელმწიფო უცხო ენის სწავლაში ეხმარება მოსახლეობას და ამავდროულად რუსული ენის უკანა პლანზე გადატანას ცდილობს.
"ამის შესახებ პარალმენტმა შეიტანა ცვლილება "მაუწყებელთა შესახებ კანონში" და ჩვენ უბრალოდ დაგვევალა დებულების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც დაინერგა სუბტიტრები. სხვა ჩვენთვის ცნობილი არ არის, არც ამ გადაწყვეტილების მოტივი და არც არაფერი. ჩვენ უბრალოდ პარლამენტის გადაწყვეტილება და კანონი შევასრულეთ", - განუცხადა "რეზონანსს" ხატია ყურაშვილმა.
რაც შეეხება სუბტიტრების ხარჯებს, ყურაშვილისთვის ცნობილი არ არის, რა ჯდება ერთი ფილმის სუბტიტრებით თარგმნა.
რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ღვინიანიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ თუკი პარლამენტი მათ მოთხოვნას არ შეასრულებს და კანონში ცვლილებას არ შეიტანს, 26 რეგიონალური მაწუყებლიდან უმეტესობა უცხოენოვან ფილმებს საერთოდ ვეღარ აჩვენებს.
"ჩვენ იძულებული გავხდებით უცხოენოვანი ფილმები საერთოდ აღარ გავუშვათ ეთერში, რადგან არ გვაქვს საშუალება, რომ სუბტიტრებით ვათარგმნინოთ. მოგვიწევს მხოლოდ ქართული ფილმები გავუშვათ ეთერში, რაც ძალიან ცუდია. იმედი გვაქვს, პარლამეტი გაიზიარებს ჩვენ მიერ ჩამოთვლილ საკითხებს, სხვა შემთხვევაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით", - განუცხადა "რეზონანასს" თამარ ღვინიანიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რა ჯდება ერთი ფილმის სუბტიტრებით გამხოვანება, არც ღვინიანიძეს აქვს ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, თუმცა აცხადებს, რომ ეს ძალიან ძვირია და რეგიონალური მაუწყებლები ამას ვერ გაწვდებიან.
საზოგადოებრვი მაუწყებლის გენდირექტორი გია ჭანტურია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ როგორც გახმოვანება, ასევე სუბტიტრები, დაახლოებით ერთი თანხა ჯდება და მათ შორის დიდი სხვაობა არ არის. რაც შეეხება ცალკე აღებული ერთი ფილმის ფასს, ამას ჭანტურია ვერ აკონკრეტებს, რადგან, მისი თქმით, როგორც წესი, რამდენიმე ფილმის გახმოვანებას ერთად უკვეთავენ და საერთო თანხას იხდიან, ისევე როგორც ეს გახმოვანების დროს ხდებოდა და თანხა თითქმის ერთნაირი უჯდებათ.
"ვერ ვიტყვი, რომ ტიტრებით გახმოვანება ძვირი ჯდება, ერთი და იგივე თანხაა თითქმის. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების პლუს, და მინუსს, პლუსია ის, რომ ორიგინალში უყურებ ფილმს. რაც შეეხება მინუსს, ის მაყურებელი, რომელიც სუბტიტრებს თვალყურს კარგად ვერ ადევნებს, შემდეგ მიდის და ყიდულობს ფილმს, რომელიც არის რუსულ ენაზე და ეს შეიძლება ითქვას, რომ მინუსია. მთლიანობაში კი ეს კარგი გადაწყევტილებაა", - აცხადებს გია ჭანტურია.
კინომცოდნე მანანა ლეკბორაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სუბტიტრებით ფილმების გახმოვანება მთელ მსოფლიოში მიღებული მეთოდია და ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. თუმცა არსებობს ფილმები, რომელბიც სუბტიტრებით არ უნდა გახმოვანდეს, რადგან ის დატვირთვა, რაც ფილმშია ჩადებული, შესაძლოა სრულად მაყურებლამდე ვერ მივიდეს.
მისივე თქმით, უნდა არსებობდეს როგორც სუბტიტრები, ასევე გახმოვანებაც. კინომცოდნე ამბობს, რომ კონკრეტული ფილმის შემთხვევაში სპეციალისტმა და კომპეტენტურმა პირმა გადაწყვიტოს, რომელი ფილმი უნდა ითარგმნოს ტიტრით და რომლის გახმოვანება უნდა მოხდეს.
ლანა ბერიძე