რუსმა ბიზნესმენმა გლებ ფეტისოვმა ფრანგულ გაზეთ Le Monde-ს აქციონერებს აქციათა მაჟორიტარული პაკეტის შეძენის წინადადებით მიმართა. ამის შესახებ ფეტისოვის საიტი იტყობინება.
ინფორმაცია ბანკ Credit Agricole-ის თანამშრომელმა ფრანსუა კაიამ დაადასტურა, რომელიც ინვესტორებთან მოლაპარაკებებს Le Monde-ს სახელით აწარმოებს.
შეთავაზებული თანხა არ სახელდება. ამასთან, 21 ივნისს Le Monde იტყობინებოდა, რომ მას უკვე მიმართეს ორი სხვადასხვა წინადადებით.
გაზეთის შეძენა, როგორც Le Monde-ს განცხადებაზე დაყრდნობით AFP იტყობინება, კონსორციუმს სურს, რომელიც Orange-ს, შვილობილ კომპანია France Telecom-ს, გამომცემლობა Nouvel Observateur-სა და ესპანურ საგამომცემლო ჯგუფ Prisa-ს აერთიანებს.
მეორე წინადადების ავტორი ჯგუფია, რომელშიც ივ-სენ ლორანის ყოფილი პარტნიორი პიერ ბერჟე, კომპანია Lazard-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი მეთიუ პიგასი და ასევე სატელეკომუნიკაციო კომპანია Ilad-ის დამფუძნებელი ხავიერ ნიელი შედიან.
საგამომცემლო სახლ Le Monde SA-ს საკონტროლო პაკეტი მის ჟურნალისტებს ეკუთვნით, რომლებსაც მთავარი რედაქტორისა და გამომცემლის გადაყენების უფლება აქვთ. გაზეთი გასაყიდად რთული ფინანსური მდგომარეობის გამო გამოიტანეს: გაზეთის ტირაჟისა და რეკლამიდან მიღებული შემოსავალის შემცირების გამო გამომცემლობას 69 მლნ ევრო ვალად დაედო.
გლებ ფეტისოვი ”ჩემი ბანკის” თანამფლობელი და ასევე ჰოლდინგ Altimo-ს აქციონერია. 2001-2009 წლებში მას ვორონეჟის ოლქის სენატორის თანამდებობა ეკავა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ კი ”ედინაია რასიას” გენერალური საბჭოს პრეზიდიუმის ანტიკრიზისულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
Le Monde-ს აქციონერები საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 28 ივნისს მიიღებენ. ამჟამად თანხა, რომელიც ვალებში ჩავარდნილი გაზეთის გადასარჩენად არის საჭირო, 100-150 მლნ დოლარს შეადგენს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.