"პოეტებიდან ყველაზე მეტად ტერენტი გრანელი, მისი "ღამე" მიყვარს", - ამბობს ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი, რომელიც სიამოვნებით გვესაუბრება წიგნსა და ლიტერატურაზე.
- როგორი ინტენსივობითაც ადრე ვკითხულობდი, ახლაც ისევე ვკითხულობ. ჩემს ცხოვრებაში პირველი, მეორე და მესამე ადგილი წიგნს უკავია.
- ახლა რას კითხულობ?
- დიუმას "ნაპოლეონის" კითხვა დავასრულე, ქართულად ახლახან ითარგმნა.
- მოდი, საბავშვო ლიტერატურა გაიხსენე, პირველად რა წაიკითხე?
- პირველად "ბიძია თომას ქოხი" წავიკითხე და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, მეგონა, ფურცლებს, სტრიქონებს, სიტყვებს შორის დავიკარგებოდი. ბავშვობისას, წიგნის კითხვას რომ დავამთავრებდი, რამდენიმე ხანს იმ სამყაროში ვრჩებოდი ხოლმე, მერე პერსონაჟები მიყვარდებოდნენ. ერთ-ერთ პერსონაჟზე დღესაც შეყვარებული ვარ. მიმაჩნია, რომ ის ყველაზე მაგარი ადამიანი იქნებოდა, რეალურად რომ ეარსება. ეს არის რიჩარდ ბახის თოლია, სახელად ჯონათან ლივინგსტონი.
- საყვარელი მწერალი...
- ჩემი გადმოსახედიდან საუკეთესო ქართველი პროზაიკოსია გურამ რჩეულიშვილი, უცხოელებიდან კი - რიჩარდ ბახი. ერთ-ერთ გამორჩეულ ავტორად მიმაჩნია ტომაზო ლანდოლფი. საერთოდ, პროზას უფრო ვკითხულობ და ვაღიარებ, ვიდრე პოეზიას. ავტორი პროზით უფრო მეტს ამბობს, უფრო საინტერესოა...
- დათო, მდიდარი ბიბლიოთეკა გაქვს?
- ყოველი ხელფასის დღეს აუცილებლად ვყიდულობ წიგნს, რომელიც იმ თვეს შევარჩიე. ყოველთვის ვცდილობ, ისეთი წიგნი ვიყიდო, რომელიც ჩემი ოჯახის წევრებსაც მოეწონებათ და გამოადგებათ. ქუჩაში რომ გახვიდე, ნებისმიერ მიწისქვეშა გადასასვლელში წააწყდები ძალიან კარგ წიგნს. სირცხვილია, ასეთი წიგნი ქვაზე იდოს და ორ ლარად იყიდებოდეს. ძალიან მიყვარს ძველი წიგნების პირველი გვერდები, სადაც სახსოვარია დატოვებული. ერთხელ წიგნი ვიყიდე და ისეთი მინაწერი ჰქონდა, რომ ის იყო ყველაფერი...
- როგორ აპირებ, შვილს წიგნი შეაყვარო?
- უკვე უყვარს. აქვს წიგნები, რომლებიც ბაღში მეგობრებმა აჩუქეს და ღმერთის წიგნებს ეძახის, რადგან, ძირითადად, ბიბლიური მოთხრობებია. დილაობით მთხოვს, მას და მის უმცროს ძმას, ნიკოლოზს, წავუკითხო.
- რომელ პერსონაჟს ჰგავს დათო ქაშიაშვილი?
- ზოგჯერ მგონია, რომ ჭვავის ყანაში მოთამაშე ბიჭი ვიყავი (ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში" - დ.ო.) შეიძლებოდა, რაღაცები მეც ისე გამეკეთებინა და არ გავაკეთე. ჩემს თავს ყველაზე მეტად ამ პერსონაჟს ვამსგავსებ, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ გავიგე მისი... უცნაური ადამიანია.
- საზოგადოება მხოლოდ ჟურნალისტად არ გიცნობს. დიდი ხანია, დათო ქაშიაშვილი წერს...
- ძალიან პატარა ვიყავი, პირველად რომ დავწერე და ვერ ვიხსენებ, რატომ, ან რა გარემოებამ მიბიძგა, დამეწერა. მერე ჩემი გმირები მიყვარდება ხოლმე და მეც მათი ცხოვრებით ვცხოვრობ. ისინი თავიანთ პერსონაჟებს თვითონვე ქმნიან, მე მხოლოდ ვეხმარები. საოცრად საინტერესოა მათთვის სახელების დარქმევა. ჩემი პერსონაჟები ძალიან მიყვარს.
- გამორჩეულად მაინც რომელი?
- ჩემი პატარა მოთხრობების გმირი - ემა, რომელიც გაბეღურებული ადამიანია თუ გაადამიანებული ბეღურა, თვითონაც არ ვიცი.
- ლექსებსაც ხომ წერ?
- კი, უბრალოდ, პროზა უფრო მეტად მიყვარს და ჩემი ლექსებიც პროზით იკვებება.
- რომელია შენი საყვარელი პოეტი?
- ყველაზე მეტად ტერენტი გრანელი, მისი "ღამე" მიყვარს. გრანელს ძალიან ვამსგავსებ კაფკას. მათი ნაწარმოებების კითხვა ერთნაირ განცდას მიტოვებს და მგონია, რომ ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობდნენ.
- ჩვენი დღევანდელობა რომელ ნაწარმოებს გაგონებს?
- დღევანდელობას საინტერესო ნაწარმოებად ვერ წარმოვიდგენ, რადგან თუ საქმე ნაწარმოებზე მიდგება, მიმაჩნია, რომ მასში მისტიკა უნდა არსებობდეს, დღევანდელ საქართველოში კი მისტიკას ვერ ვხედავ.
- ჩვენი პოლიტიკოსები, შენი თვალთახედვით, რომელ პერსონაჟებს ჰგვანან?
- ვერ ვხვდები, პოლიტიკოსები პერსონაჟებს რატომ უნდა შევადარო. პერსონაჟებს უფრო მეგობრებს ვადარებ ხოლმე. მაგალითად, ერთი მეგობარი მყავს და მიმაჩნია, რომ ძალიან ჰგავს ბახის თოლიას, თუმცა ეს ცოტა მშიშარაა.
დავით ოქრუაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)