ერთ-ერთ უმსხვილეს ფრანგულ გამომცემლობა Le Monde-ს ახალი მფლობელი ჰყავს, იტყობინება სააგენტო AFP. ჯგუფ Le Monde-ს სადამკვირვებლო საბჭოს ხმის მიცემის შედეგების შედეგად გამომცემლობა ცნობილი მოდელიორის ივ-სენ ლორანის პარტნიორის პიერ ბერჟეს, მედიამაგნატ ქსავიერ ნიელისა და საინვესტიციო კომპანია Lazard-ის ხელმძღვანელის მეთიუ პიგასის ხელში გადავიდა.
ეს ბიზნესმენები მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებებით არიან ცნობილნი და საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის კურსს არ იზიარებენ.
Le Monde-ს მმართველობის უფლებისთვის ასევე იბრძოდა სხვა რამდენიმე მსხვილი ბიზნეს-სტრუქტურა, მათ შორის ესპანური მედია-კონცერნი PRISA და მობილური კავშირის ფრანგული ოპერატორი Orange. გარდა ამისა, Le Monde-ს ხელში ჩაგდებას ცდილობდა ყოველკირეული გამოცემა Nouvelle Observateur-ის მფლობელი კლოდ პერდრიელი და რუსი მულტიმილიონერი გლებ ფეტისოვი.
Le Monde-ს დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ერიკ ფოტორინო სარკოზის დიდი მხარდაჭრით სარგებლობდა, რადგან მის პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებდა. Le Monde-ს ხელმძღვანელობის შეცვლასთან დაკავშირებით ხმის მიცემამდე ფოტორინოსთან შეხვედრის დროს სარკოზიმ მას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა.
როგორც სარკოზიმ აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ გაზეთი ტრიოს - ბერჟე-ნიელ-პიგასის - ხელში არ გადასულიყო, რადგან ისინი მემარცხენე ოპოზიციონერებთან არიან დაკავშირებულნი.
როგორც ცნობილია, პიგასი და ბერჟე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ დომინიკ სტროს-კანას უჭერენ მხარს, რომელიც, ანალიტიკოსთა აზრით, 2012 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სარკოზის მთავარი მოწინააღმდეგე იქნება. გარდა ამისა, ბერჟე 2007 წლის არჩევნებში სარკოზის მეტოქე სოციალისტური პარტიის კანდიდატის სეგოლენ როიალის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა.
Le Monde-ს ჯგუფი, რომელიც იმავე სახელწოდების გაზეთის გარდა, ჟურნალებს Vie-ს, Telerama-სა და Courrier Internationa-ს აერთიანებს, ბოლო წლების განმავლობაში დიდ ზარალს განიცდიდა. კერძოდ, მხოლოდ 2009 წელს Le Monde-მ, დაახლოებით, 130 მლნ ევრო დაკარგა.
ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა დაფაროს გამომცემლობის 100-მილიონიანი ვალი და მასში დამატებით 10 მილიონი ევრო ჩადოს. გარდა ამისა, ახალი დირექტორები Le Monde-ს აქციების მართვაში გამომცემლობის თანამშრომელთა მონაწილეობის წილის გაზრდას აპირებენ. Le Monde-ს ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტის თქმით, გაზეთის თანამშრომლები ხელმძღვანელობის შეცვლით კმაყოფილნი არიან.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.