რატომ ჩაუხტა უცხო ბიჭს მანქანაში ანი ქორქია?

რატომ ჩაუხტა უცხო ბიჭს მანქანაში ანი ქორქია?

ცოტა ხნის წინ ტელეეთერში ახალი შოუ ვიხილეთ, სახელწოდებით - "დაამარცხე ვარსკვლავი". გადაცემას მომხიბვლელი მოდელი და მომავალი ექიმი ანი ქორქია უძღვება. ანი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. აქვე დავძენთ, რომ მისი და ლიკა "რუსთავი 2"-ში დილის ეთერის ამინდის პროგნოზის წამყვანია.

- ანი, დღეს ძირითადად, შენს ხასიათსა და პიროვნულ თვისებებზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ პირველ რიგში, მოგვიყევი, სად იყავი მანამ, სანამ გაგიცნობდით?

- 17 წლიდან სამოდელო სააგენტო "ნატალიში" ვარ; 18 წლიდან ამ სააგენტოს კონტრაქტიანი ფოტომოდელი გახლავართ და ჩვენებებშიც ვმონაწილეობდი. გარდა ამისა, ვსწავლობ უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე. სტომატოლოგიას ვეუფლები, დამამთავრებელ, მეხუთე კურსზე ვსწავლობ. ცოტა ხანს ვმუშაობდი ტელეკომპანია "202"-ში, ამას ერთთვიანი პრაქტიკა შეიძლება დავარქვა.

მუსიკალური გადაცემა მიმყავდა, კვირაში ორჯერ. ძალიან ცოტა ლაპარაკი მიწევდა - სიმღერასა და სიმღერას შორის. მაგრამ ეს ჩემთვის გამოცდილების მომტანი იყო. ისევე, როგორც "ნატალიში" მუშაობამ, "202"-ში გატარებულმა დღეებმაც მომიხსნა კამერის კომპლექსი. შემდეგ, ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად, "რუსთავი 2"-ში მოვხვდი. იმდენად სწრაფად მომზადდა პროექტი, აზრზე რომ მოვედი, უკვე პირველ გადაცემას ვიწერდით.

- მოდი, ახლა ჩვენს ძირითად თემაზე გადავიდეთ: მოგწონს ანი ქორქია, როგორც, მაგალითად, მეგობარი?

- ძალიან. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ისეთი მეგობარი, როგორიც მე ვარ, ბევრი მყავდეს. კი მყავს ძალიან კარგი მეგობრები, მაგრამ მე მტკიცე ხასიათი მაქვს და ის, რაც შემიძლია გავაკეთო მეგობრისთვის, ვფიქრობ, რომ ბევრს არ შეუძლია. განა სურვილი არა აქვთ, უბრალოდ, ვერ შეძლებენ. ძლიერი და ერთგული მეგობარი ვარ, ეჭვი მეპარება, მეგობრისთვის რაიმეზე უკან დავიხიო.

- გამოიჩინე გულწრფელობა: ერთ მეგობართან მეორეზე გიჭორავია?

- მეგობარზე - არასდროს, ნაცნობზე - კი. ძალიან მჭიდრო სამეგობრო წრე მაქვს. ჩემთან ერთმა მეგობარმა მეორე რომ გაჭოროს, არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებ. ჩვენ თუ რაიმე ერთმანეთისგან გვეწყინება, პირში ვეუბნებით; ეს ძალიან ჯანსაღი ურთიერთობაა. არც გვწყინს შენიშვნა ერთმანეთისგან.

- ამბიციური ხარ?

- ჯანსაღი ამბიცია მაქვს. თვითკრიტიკულიც ვარ - კარგად ვიცი ჩემი პლუსები და მინუსები. არაფერი მეჩვენაბა...

- მინუსები ახსენე: რა არ მოგწონს შენს ხასიათში?

- პირდაპირობა, რაც შეიძლება, ხანდახან უტაქტობაშიც ჩამომართვან. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და უტაქტობა უზრდელობაში არასდროს გადამივა, მაგრამ უტაქტობა მაინც უზრდელობის საწყისი ფორმა მგონია. ამიტომ ზოგჯერ მერჩივნა, გავჩუმებულიყავი და ვერ გავჩუმდი...

- მაგალითად?

- ვერ ვიტან, რომ მატყუებენ, მეპირფერებიან. შემიძლია, ეს "გავატარო", გავიღიმო, არ შევიმჩნიო, იმიტომ, რომ ის ადამიანი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ვერ ვაკეთებ ამას. შეიძლება, ძალიან უხეშად ვუთხრა, - კარგად ვხვდები, რომ მატყუებ-მეთქი.

- სარკის წინ მდგომს საკუთარი თავი ყოველთვის მოგწონს?

- ყოველთვის - არა. ყოფილა შემთხვევები, როცა არ მომწონებია. მაგალითად, როცა ზედმეტად გარუჯული ვარ, ან ავად ვარ, ან ზედმეტი მაკიაჟი მაქვს. ყველას ბუნებრივი, "შეუღებავი" უფრო მოვწონვარ, ყოველდღიურ ფორმაში მყოფი, და არა გადაპრანჭული, მაგრამ კოსმეტიკა ძალიან მიყვარს.

- ყოველთვის გჯერა იმ კომპლიმენტის, რომელსაც ქალები გეუბნებიან?

- გააჩნია ქალს და იმას, თუ ვინ არის ის ჩემთვის. ქალები, როგორც წესი, საპირისპიროს გეუბნებიან: რაც არ გიხდება, იმაზე გეტყვიან, ძალიან გიხდებაო (იღიმის). მაგრამ არიან ქალები, ვისი სიტყვაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

- საერთოდ, რამდენად ადვილად ენდობი ადამიანებს?

- არ ვარ მიმნდობი. რატომ უნდა ვენდო ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობ და არ ვიცი, რისი გამკეთებელია?!

- პოპულარობას მხოლოდ დადებითი მხარეები აქვს თუ დამღლელიც არის შენთვის?

- პოპულარობა დამღლელი არავისთვის არ არის, ვინც ამას ამბობს, იმისთვისაც კი; პლუსი უფრო მეტი აქვს, ვიდრე მინუსი. თუმცა გააჩნია, რა მოსაზრებით ხარ პოპულარული, რა გააკეთე იმისთვის, რომ ცნობილი გამხდარიყავი. თუ ცნობადობა შენი გარეგნობით, ინტელექტით, მეტყველებით დაიმსახურე, ეს სასიამოვნოა, მაგრამ თუ ისეთ რამეს აკეთებ, რომ ვერავინ გიტანს, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ არის.

- გქონია ისეთი მომენტი, როცა გინდოდა, არავის ეცნე?

- არა. ისეთი პოპულარულიც არა ვარ, რომ პაპარაცები დამდევდნენ ქუჩაში (იცინის)...

- ახლა ნელ-ნელა ძლიერი სქესისკენ "გადავინაცვლოთ": მოგწონს მამაკაცი, რომელიც სამზარეულოში ფუსფუსისას თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში?

- ძალიან მომწონს, საათობით შემიძლია ვუყურო მამაკაცს, რომელიც გურმანია და შესაბამისად, არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებს. ეს ერთადერთი საქმეა, რომელიც, სამწუხაროდ, არ მეხერხება. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად ვისწავლი, როცა დამჭირდება, როცა ჩემი ოჯახი მექნება და ვალდებულიც ვიქნები, ხანდახან მაინც ქმარს გემრიელი სადილებით მოვაწონო თავი.

- დანარჩენ შემთხვევაში გირჩევნია, მან მოგაწონოს გემრიელი სადილებით თავი?..

- (იცინის) არა, არა, ასე კუთხეშიც ვერ მივაყენებ. მაგრამ თუ ეს ნიჭიც ექნება, ამას რა სჯობია?! მისგანაც ვისწავლი.

- როგორი დიასახლისი ხარ?

- ჩემი დიასახლისობის ფორმულა ასეთია: დიასახლისობას მინუს კულინარია. ასეთი ფორმულირებით, კარგი დიასახლისი ვარ. დასუფთავება, ჩემი ნივთების წესრიგში მოყვანა, დახარისხება მიყვარს. მსიამოვნებს, როცა ყველაფერი თავის ადგილზე დევს.

- როგორი მსმენელი ხარ? როცა დაწვრილებით გიყვებიან რამეს, აწყვეტინებ თუ ბოლომდე მოთმინებით უსმენ?

- თუ ძალიან არ მეჩქარება, მოსმენის კულტურა მაქვს. შემხვედრია მსმენელები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის დაამთავრებს თანამოსაუბრე თხრობას და ამას აშკარად ამჟღავნებს. მსგავს რაღაცას არ გავაკეთებ, რადგან იმავეს სხვისგან ვერ ავიტან. თვითონ კი ვცდილობ, ვინმეს თავი არ მოვაბეზრო და "გრძელი სიტყვა მოკლედ ვთქვა".

- როგორ გგონია - საყვარელი ადამიანისთვის ღალატის პატიებას შეძლებ?

- ჩემთვის, "ტრადიციული" ქართული ოჯახი, სადაც ქმარი აუცილებლად უნდა "დადიოდეს ქალებში", ხოლო ცოლი თავწაკრული, სამზარეულოში ტრიალებდეს და მხოლოდ სარეცხსა და სადილებზე ზრუნავდეს, ოჯახი არ არის. ოჯახში ერთგულება - უმთავრესია. ცხადია, ეს არ ეხება ურთიერთობის იმ ეტაპს, როცა ერთიმეორეს ეცნობით, აკვირდებით და შეიძლება, მამაკაცი უკვე გიყვარდეს კიდეც, მაგრამ ამ დროს ვერ მოსთხოვ სრულ ერთგულებას...

- ეჭვიანი ხარ?

- არა. არასდროს შევაწუხებ ადამიანს ზედმეტი ზარებით. საშინელებაა, როცა გოგოები შეყვარებულებს ურეკავენ და ეკითხებიან, - სად ხარ, ვისთან ერთად ხარ, ვისი ხმა მესმისო?.. მაგრამ ვერ ვიტან, როცა მატყუებენ. მაგალითად, მამაკაცმა რომ მითხრას, ვიძინებო, და მერე ის გოგოსთან ერთად კაფეში ვნახო, ძალიან გავბრაზდები.

- ქალისა და მამაკაცის მეგობრობის გჯერა თუ შენც გგონია, რომ მათი მეგობრობა "შებინდებისას მთავრდება"?

- არა, არა, მე მჯერა და არ მესმის იმ მამაკაცების, ვისაც ასეთი შეხედულება აქვთ. გაზრდილი ვარ ისეთ უბანში, სადაც ჩემი თანატოლები ძირითადად ბიჭები იყვნენ და სულ მათთან ვთამაშობდი: ფეხბურთს, კალათბურთს, კარტს. შორტები მეცვა, თმა მოკლედ მქონდა შეჭრილი... ძალიან ახლოს ვიყავით, ერთმანეთს სიხარულსა და ტკივილს ვუზიარებდით.

- როგორია შეყვარებული ანი?

- სავარაუდოდ, ძალიან მხიარული, ბედნიერი. ალბათ სიმღერით გავიღვიძებ და დავიძინებ. სიყვარული ჩემთვის, დიდ ბედნიერებასთან ასოცირდება.

- "სავარაუდოდ" - რატომ? შეყვარებული არ ყოფილხარ?

- გატაცება და სიმპათია მქონია, მაგრამ იმდენად პრეტენზიული ხასიათი მაქვს, რომ ასე, უბრალოდ, მომეწონოს და შემიყვარდეს - გამორიცხულია. ძალიან ბევრ რაღაცას ვაკვირდები ადამიანში და ზუსტად უნდა ვიცოდე, რის, რის, რისა და რის გამო შემიყვარდა...

- ჩამოთვალე, რა კრიტერიუმებს უყენებ ადამიანს, რომელიც შეიძლება შეგიყვარდეს.

- პირველ ადგილას, გარეგნობას ვაყენებ - სიმპათიური უნდა იყოს, ისეთი, როგორიც მე მომწონს; უნდა ჰქონდეს საშუალოდ კარგი იუმორის გრძნობა მაინც, იყოს თავისუფალი და არა ძალიან შებოჭილი; უნდა იყოს გადარეული ჩემზე, ერთგული და ფიქრობდეს იმაზე, თუ რა მომეწონება, რა გამიხარდება და რა მესიამოვნება.

- მასეთი ჩვენს ქალაქში "დიმიტრი იყო გელოვანი და"... (იცინის) ახლა მითხარი, როდის ტირი?

- არ ვტირი. რაც მახსენდება, სულ ორჯერ ვიტირე: ერთხელ - როცა ბაბუა გარდამეცვალა, რომელმაც გამზარდა და მეორედ - როცა ბავშვობის უახლოესი მეგობარი დავკარგე... ისე, არა ვარ მტირალა, მაგრამ ეს იმის ბრალი არ არის, რომ ძალიან ძლიერი ვარ. სუსტიც ვარ; შეიძლება, ისეთმა რაღაცამ, რაც, დავუშვათ, ჩემს დაზე არ იმოქმედებს, მე ისე "დამანგრიოს", რომ საწოლიდან ვერ ავდგე, მაგრამ არ ვიტირებ.

- როცა ცოტა გამომწვევად გაცვია, გსიამოვნებს, ყურადღების ცენტრში რომ ექცევი, თუ გაკომპლექსებს?

- საერთოდ, ძალიან მსიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამისთვის ჩაცმულობაც მნიშვნელოვანია. მაგრამ არ არის აუცილებელი, ვულგარულად გეცვას. ვულგარულობით ყურადღების მიქცევას მირჩევნია, ლამაზად და გემოვნებით მეცვას.

- დაბნეული ხარ?

- ცოტა. მაგალითად, ვერ ვიმახსოვრებ მანქანის ნომრებს. ტელეფონის ნომრები ზეპირად ვიცი, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ დაბადების დღეებს. ვერ ვასხვავებ ავტომანქანის მარკებს, მარტო სედანს და ჯიპს ვარჩევ ერთმანეთისგან და ფერებს. ამასთან დაკავშირებით, ერთი კურიოზიც შემემთხვა. ერთხელ მეგობარს უნდა გავყოლოდი სადღაც. სწრაფად გამოვედი, ჩავხტი მანქანაში, მოვიჯახუნე კარი, გავსწორდი და თან ტელეფონი მოვიმარჯვე - სადღაც უნდა დამერეკა... ბიჭი გაოგნებული და ცოტა გახარებულიც მიყურებდა - ვერ მიხვდა, რატომ ჩავუხტი ასე ენერგიულად მანქანაში. რომ გამოვერკვიე იმაში, რაც ხდებოდა, ბოდიში მოვუხადე და მანქანიდან გადმოვედი; ჩემი მეგობრის მანქანა იქვე იდგა და გადავჯექი. მერე ამის გამო, მე და ჩემმა მეგობარმა ბევრი ვიხალისეთ.

- მეოცნებე ხარ?

- რეალისტი ვარ, ისეთი ოცნებები მაქვს, რაც უნდა ახდეს.

- ერთ-ერთი გამიმხილე.

- "მე მინდა მქონდეს თბილი სახლი" (იცინის)... გვერდით მყავდეს ადამიანი, რომელიც ჩემთვის იქნება ყველაზე კარგი (იდეალს კი არ ვეძებ, "ჩემს იდეალს" ვეძებ), ჯანმრთელი და ლამაზი შვილები, საყვარელი საქმე და ლამაზი უიკ-ენდები.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები