აშშ ცდილობს, დააცხროს საქართველოს შიშები ვაშინგტონის რუსეთთან ურთიერთობების გამო, - ასეთი სათაურით აქვეყნებს წერილს დღეს The Washington Post.
როგორც წერილშია ნათქვამი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პროამერიკელი ლიდერები დაამშვიდა, რომ ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან ახალი ურთიერთობების გამო საქართველოს მიტოვებას არ აპირებს.
"გადატვირთვის პოლიტიკამ ეს პატარა ქვეყანა გაანერვიულა. კლინტონი თავისი 6-საათიანი ვიზიტის დროს უხსნიდა ქართველებს, როგორი მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის რუსეთ-აშშ-ის თანამშრომლობა ბირთვულ და სხვა საკითხებში. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა არასდროს დაეთანხმება იმ ქმედებებს, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა და ამ ქმედებებს რამდენჯერმე ოკუპაცია უწოდა", - ნათქვამია სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ კლინტონის მიერ ოკუპაციის ხსენებამ რუსეთის პრემიერ-მინისტრი გააღიზიანა, რომელმაც რუსეთის ქმედებები "განმათავისუფლებლად" და არა ოკუპაციად მონათლა.
სტატიის ავტორი მერი ბეს შერიდენი წერს, რომ 4.5-მილიონიანი ქვეყანა ჯორჯ ბუშის რჩეული იყო, რომელმაც საქართველოს "დემოკრატიის შეუქურა" უწოდა, პრეზიდენტ სააკაშილს ხუთჯერ შეხვდა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულება შეაჩერა.
"ამის საპირისპიროდ, პრეზიდენტი ობამა სააკაშვილს არ შეხვედრია. მაისიდან მან რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულების განახლება დაიწყო და განაცხადა, რომ საქართველო აღარ შეიძლება ჩაითვალოს წინაღობად. ამან რუსეთის მეზობლებში შეშფოთება გამოიწვია. საქართველოში ვიზიტის დროს კი, კლინტონმა განმარტა, რომ საქართველო რუსეთთან უთანხოების სიის სათავეში რჩება, აშშ-ს არ მოუხსნია დღის წესრიგიდან საქართველოს დეოკუპაციის საკითხი", - ნათქვამია სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ კლინტონმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნების საუკეთესო გზად არა სამხედრო, არამედ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური გაძლიერება დაასახელა.