"კვირის პალიტრამ" ირაკლი ლომაიას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

"კვირის პალიტრამ" ირაკლი ლომაიას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

შეიძლება ითქვას, რომ "კვირის პალიტრისა" და ირაკლი ლომაიას დაპირისპირება ამ უკანასკნელისთვის დრამატული სცენარით განვითარდა. საქმე ის გახლავთ, რომ "კვირის პალიტრამ" "პარაფსიქოლოგიის მამად" მონათლული ლომაიას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ”მედია პალიტრის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.

ზვიად კორძაძე: 2 ივლისს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" ირაკლი ლომაიას მიერ წარდგენილ იქნა ბრალდება "კვირის პალიტრისა" და მისი ჟურნალისტის ხათუნა პაიჭაძის წინააღმდეგ. თითქოს "კვირის პალიტრა" აშანტაჟებს სხვადასხვა ორგანიზაციებს  და ისე შოულობს ფულს, ასევე წარმოდგენილ იქნა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ხათუნა პაიჭაძე ინფორმაციის გამოუქვეყნებლობის სანაცვლოდ სძალავდა თანხას.

აღნიშნული ცნობები, ასევე ჩანაწერი ყალბია! ჩვენ ვითხოვთ ამ ინფორმაციის უარყოფას! მოვითხოვეთ ექსპერტიზის ჩატარება იმის დასამტკიცებლად, რომ ეს არ არის ხათუნა პაიჭაძის ხმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში კი სარჩელები შევიტანეთ. მოვითხოვთ გაზეთ "კვირის პალიტრისა" და ხათუნა პაიჭაძისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50-50 ათასი ლარის გადახდას".

"მედია პალიტრის" კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია: ირაკლი ლომაიასგან მოთხოვნილი 100 ათასი ლარი საქველმოქმედო მიზნებით დაიხრჯება.

"ამ თანხას სრულად საქველმოქმედო სახლ "კათარზისს" გადავცემთ, რათა მოხუცებულთა და მიუსაფართა პროგრამებს მოხმარდეს".

ჟანეტა გულუაშვილი დაზარალებული: - ჩემს შვილს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები ჰქონდა. რომ გავიგე, ირაკლი ლომაია ხალხს მკურნალობს და ბევრ ადამიანს შველისო, ოფისში მივედი. ძალიან თბილად მიმიღეს და ყურადღებით მომისმინეს, თან ორასი ლარიც გადამახდევინეს.

სანაცვლოდ  რაღაც სითხე გამომატანეს, რომელიც სინამდვილეში წყალი იყო, შეფერილობაც კი არ ჰქონდა. ამ ე.წ. მკურნალობას, შედეგი საერთოდ არ მოჰყოლია.

რის შემდეგაც ჩემი ფულის დამებრუნება გადავწყვიტე და ლომაიას წერეთლის პროსპექტზე მდებარე ახალ ოფისში მივაკითხე. თავიდან კარიც კი არავინ მამიღო, თუმცა ბოლოს  როგორც იქნა მიმიღეს. მოვითხოვე დაებრუნებინათ ჩემი ფული, მაგრამ სასტიკი უარი მტკიცეს:

მე არავის არ მეშინია, სადაც გინდა იქ მიჩივლეო - მითხრა ირაკლი ლომაიამ.

ნინო ბუცხრიკიძე: "ეპილეფსია მქონდა და მკურნალობის ტრადიციული მეთოდით რომ ვერაფერს გახდნენ ექიმები, ახლობლების რჩევით ირაკლი ლომაიასთან ვიზიტზე ჩავეწერე. დამპირდა, რომ მომარჩენდა, მაგრამ ყოველ ვიზიტზე ჩემი მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. სამჯერ ვიყავი მისული და 200 ლარის გადახდა მომთხოვეს.

რა უნდა მექნა, თანხა სრულად გადავიხადე, მაგრამ მკურნალობამ  შედეგი რომ არ გამოიღო, პრეტენზიებით მივადექი მის ოფისს და ფულის უკან დაბრუნება მოვითხოვე.

მისმა თანამშრომლებმა ისეთი დღე დამაყარეს, რომ ლამის ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. რა უნდა მექნა, შევეგუე, რომ მწარედ მომატყუეს და 200 ლარი ფაქტობრივად წყალში გადავყარე."

"ძალიან მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ ირაკლი ლომაიას ოფისის კარს იმ იმედით მივადექი, რომ "შეკრული" ბედი გამეხსნებოდა და ოჯახის შექმნას შევძლებდი. ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებული, გარეგნობაც კარგი მაქვს, მაგრამ ცხოვრების თანამგზავრი ვერ ვიპოვე.

ერთხელ მეგობარმა ჟურნალი მომიტანა, სადაც ეწერა, რომ ირაკლი ლომაია სასწაულებს ახდენდა და მეც გადავწყვიტე ბედი მეცადა. დამპირდა, რომ ჩემს კარმას უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდდა და სხვა მსგავსი სისულელეები. სახლში შვიდი სანთელი გამატანა და ამაში 200 ლარი გამომართვა.

რა თქმა უნდა მალევე მივხვდი, რომ თაღლითობის მსხვერპლი გავხდი, მაგრამ რას გავაწყობდი, თაღლითთან ხომ ჩემი სურვილით მივედი." - გვიამბო გულისტკივილი ერთმა ქალბატონმა.

მელანია გულაშვილი: მეუღლე მყავს პარკინსონიზმის მძიმე ფორმით დაავადებული. ირაკლი ლომაიას შესხებ გადაცემას ვუყურე. ვიფიქრე, ეს კაცი ყოფილა რაც ყოფილა-მეთქი და გადავწყვიტე მეუღლე მასთან მიმეყვანა სამკურნალოდ.

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბაზაში ვართ დარეგისტრირებული. ჩემი მეუღლე ახალგორიდან არის დევნილი, ოჯახში კიდევ ერთი ავადმყოფი გოგონა მყავს, ცერებრალური დამბლით და ქვედა კიდურების პარეზით არის დავადებული.

ვუთხარი, ოჯახში ასეთი მძიმე მდგომარეობა გვაქვს და შეღავათს თუ გამიწევ-მეთქი. არავითარი შეღავათი ჩემთან არ არებობსო. ლომაიამ გამიფორმა ხელეკრულება, სანთლები მომცა სამკურნალოდ  და მითხრა,  სანთლების დანთებაში თუ შეცდომა მოგივათ, დამირეკე და გამოვასწორებო (ლომაიასეული ”კანონებით” სანთელი დღეში ერთხელ უნდა დამენთ). ამ მომსახურებაში 300 ლარი გადამახდევინა.

ჩემმა მეუღლეს შეეშალა და სანთელი დღეში ორჯერ, უჩემოდ დაანთო. ამის გამო მივედი ლომაიასთან და ვთხოვე, შეცდომა გამოესწორებინა. მითხრა, თუ მკურნალობის გაგრძელება გინდა კიდევ 60 ლარი მომეციო. ტირილი დავიწყე, 300 ლარი მოგეცი და კიდევ 60 ლარი სად მაქვს-მეთქი? ლომაიამ ლამის კინწისკვრით გამომაგდო კაბინეტიდან. მეორე დღეს ჩემს ახლობელ თემურ ჯანიაშვილთან ერთად მივედით ლომაიასთან და მოვითხოვეთ თანხის დაბრუნება, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ. პატრულიც გამოვიძახეთ.

პატრულმა იქვე შეადგინა ოქმი, მაგრამ ლომაიამ ხელი არ მოუწერა, ავადმყოფს არ ვიცნობო(?!) თუ ავადმყოფს არ იცნობდა ვის მკურნალობდა? ლომაია რომ თაღლითია, ამას კიდევ უნდა მტკიცება?! მე ის მაფიქრებს, რატომ აპარპაშებს ასეთ თაღლითებს სახელმწიფო, თავად იქ მოსული პატრული ამბობდა, რომ ლომაია თაღლითიაო და არ მესმის, თუ ეს იციან, რატომ აძლევენ ამდენის უფლებას?

მსგავსი ამბავი ძალიან ბევრია და ყველა ფაქტის მოყვანა ერთ პუბლიკაციაში შეუძლებელია. თუმცა არის განსაკუთრებული შემთხვევებიც, როდესაც მაგალითად ირაკლი ლომაია შვილმკვდარ დედას, მისი შვილის სულთან დაკავშირებას პირდებოდა და ამისათვის ქალბატონს სამეგრელოში გამგზავრებას ურჩევდა.

სწორედ ეს ამბავი გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმ მრავალთაგან, რის გამოც დაახლოებით ერთი წლის წინ, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ხათუნა პაიჭაძემ, თვითმარქვია პარაფსიქოლოგის სამხილებლად ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო.

ხათუნა პაიჭაძე: "ბატონ ლომაის პასუხისგება მოუწევს ჩემი და "კვირის პალიტრის" შანტაჟისთვის. ჯერ იყო და იარაკლი ლომაიამ ერთ-ერთ გაზეთში გამოაქვეყნა სარეკლამო სტატია სათაურით: ”ქალბატონი პაიჭაძისთვის არც ჩემი გაღმერთება იყო პრობლემა თუ კარგა მაყუთს მოღუნავდა და ჩაიდებდა ჯიბეში”, მოგვიანებით კი ტელეკომპანია ”იმედს” მიაწოდა ფარული ჩანაწერი, სადაც თითქოს მე ვესაუბრები და მასალების გამოუქვეყნებლობის სანაცვლოდ,  გაზეთში რეკლამის მიტანას ვთხოვ. დავიწყოთ იქედან, რომ ირაკლი ლომაიას მიერ ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ჩანაწერი მე არ მეკუთვნის.

ბუნებრივია, ამ ფაქტს არ მოვითმენდი, რადგან ლომაია შეეცადა შეელახა ჩემი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. თუმცა ლომაიამ არც "კვირის პალიტრას" დააკლო და განაცხადა, რომ "კვირის პალიტრა" შედის ორგანიზაციებში, ატერორებს მათ და ასე სძალავს ფულს. ამიტომ ცალკე მე და ცალკე "კვირის პალიტრამ" ირაკლი ლომაიას წინაღმდეგ სასამართლოში სარჩელი აღვძარით. მას მოუწევს პასუხისგება იმ ბრალდებებისთვის და იმ  ჩანაწერის მიწოდებისთის, რომელიც მე არ მეკუთვნის. სხვათა შორის ირაკლი ლომაიასნაირი ადამიანები ხელს ვერ შემიშლიან ასეთი მასალების გამოქვეყნებაში.

ასევე განცხადებით მივმართე პროკურატურასაც და გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია და დოკუმენტური მასალა, რომელიც მის მიერ ყალბი პასპორტის გამოყენებას ეხება. მოგეხსენებათ ლომაია აზერბაიჯანის მოქალაქის ვინმე მიკი დავიდოვიჩ ლაიენის სახელით სარეგბლობდა. ამ გვარ-სახელზე  მას ლიცენზიაც აქვს მიღებული.

არაფრით შევარჩენ ირაკლი ლომაიას "კვირის პალიტრის" და ჩემი სახელის შეურაცხყოფას. სამწუხაროდ ჩვენი საკანონდებლო ბაზა თაღლითებს თავისუფლად პარპაშის შესაძლებლობას უქმნის. დღეს თაღლითობის მსხვერპლია თითქმის ყოველი მეორე ადამიანი და ფაქტობრივად მათგან თავის დაცვის არანაირი ბერკეტი არ არსებობს.      

ხათუნა პაიჭაძე

ხათუნა ჩიგოგიძე

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები