"რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის რეპორტიორი - ეკა ამირეჯიბი მაღვიძარას "ჯიბრში უდგას" და საწოლიდან დანიშნულ დროზე ადრეც კი დგება. დილაადრიან ან ხინკალს ახვევს, ან პურს აცხობს, ან რაიმე ხელსაქმითაა დაკავებული, ზოგჯერ კი კარატეს ილეთებსაც სწავლობს... დაუზარელი, ხელმარჯვე რეპორტიორი რადიოწამყვანიცაა, საკუთარი მუსიკალური ბენდიც ჰყავს და ამ ყველაფერთან ერთად, საერთაშორისო ურთიერთობების რთულ ხელოვნებასაც დაეუფლა.
- ტელევიზიაში ძალზე საინტერესო სამსახური მაქვს, რადგან სამუშაო სფეროს მხრივ შეზღუდული არ ვარ - სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ურთიერთობა მიხდება. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემთვის უფრო საინტერესო არაფერი არსებობს და მხოლოდ ამ საქმიანობას ვჯერდები. არ მინდა, სამსახურმა ისე "გადამძლიოს", რომ განათლების მისაღებად, დრო არ დამრჩეს: უცხოეთში სწავლის გაგრძელებას ვაპირებ.
- ამჟამად დილის ტელეპროგრამის რეპორტიორი ხარ. ამ რუბრიკას ნატა ნიჟარაძემ საკუთარი სურვილით დაანება თავი?
- ამ თემაზე ნატასთან არ მისაუბრია, მაგრამ როგორც ვიცი, გადაწყვეტილება თავად მიიღო.
- ამ ამპლუაში მის მუშაობას როგორ შეაფასებ?
- ნატას ტელევიზიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ბუნებრივია, წლების განმავლობაში მან თავისი სახე წარმოაჩინა - ენერგიული, მხიარული... ისიც დასაფასებელია, რომ ამდენი წელი იმ რეჟიმს გაუძლო, რომელსაც ახლა მე ვუძლებ. თან, ნატაც მთელი დატვირთვით - კვირაში 3 დღე მუშაობდა.
- ტელევიზიაში როგორ მოხვდი?
- "ვარსკვლავების აკადემიაში" ყოფნისას, "კურიერის" "სპეციალური გამოშვების" წაყვანა მომიხდა. ძალიან სასაცილო იყო (იცინის)... არხის ხელმძღვანელობამ აღმოაჩინა, რომ ეს საქმე არც ისე ცუდად გამომდის. შემდეგ გეგა ფალავანდიშვილმა კასტინგის შესახებ მითხრა. ბედი ვცადე და მიმიღეს. ძალზე მნიშვნელოვანია (მით უმეტეს - სატელევიზიო სფეროში), როცა ვინმე გაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სადღაც ვიღაც სჭირდებათ.
- სამუშაო გრაფიკს როგორ შეეგუე?
- საშინელი გრაფიკი მაქვს: სულ დატვირთული, დაძაბული ვარ. სიმართლე გითხრათ, მოცლილი არასოდეს ვყოფილვარ, ყოველთვის დატვირთული რეჟიმი მქონდა, მაგრამ საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?! სხვა თუ არაფერი, ახლა, დილის 10 საათზე ჩემი ნახევარი დღე უკვე გასულია. თუკი წინათ ჩემთვის დილა 9, 10 ან 11 საათზე იწყებოდა, ახლა 6-ის ნახევარზე იწყება.
- ეთერის დასრულების შემდეგ იძინებ ხოლმე?
- არა, მეორე სამსახურში (რადიოშიც ვმუშაობ) გავრბივარ, საღამოს კი - რეპეტიციაზე... ძალიან დატვირთული ვარ.
- მუსიკალური განათლება გაქვს?
- მუსიკალური შვიდწლედიც და ათწლედიც (ფორტეპიანოს განხრით) მაქვს დამთავრებული. ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნეც გახლავართ, მაგრამ ისე მოხდა, რომ დღეს რადიოში წამყვანი ვარ, ტელევიზიაში კი - რეპორტიორი.
- ამჟამად მუსიკალურ სფეროში აქტიურად საქმიანობ?
- სამწუხაროდ, დაკვრას თავი დავანებე. ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი ნამდვილად, არ იყო. დღემდე ძალიან განვიცდი. მთელი ჩემი ცხოვრება ფორტეპიანოსთან იყო დაკავშირებული... დღეს მუსიკალური ბენდი მყავს. უკვე საკუთარი "კლავიში" მაქვს, რომელიც შემიძლია, აქეთ-იქით ვატარო... მგონია, ადრე თუ გვიან, ისევ კლასიკას დავუბრუნდები.
- ანუ მუსიკალურ ასპარეზზე მაინც აქტიურობ, ხომ?
- კი. ვფიქრობ, თუ ადამიანი ძალიან მოინდომებ, ყველაფერს შეათავსებ - ბოლოს და ბოლოს, ღამეს გაათენებ. მართალია, ტელევიზიისა და მუსიკის შეთავსება თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ ჯერჯერობით ვახერხებ.
- ბენდთან ერთად სად გამოდიხარ ხოლმე?
- იყო პერიოდი, როცა კლუბებში, ბარში ვმღეროდი, კონცერტებში ვმონაწილეობდი... შემოთავაზებას გააჩნია. საქართველოში ხშირი შემოთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! განებივრებული არ ვართ.
- უცხოეთთან დაკავშირებული გეგმები თუ გაქვთ?
- ჯერჯერობით - არა, მაგრამ როცა ისეთ შედეგს მივაღწევთ, როგორიც გვინდა (იღიმის)...
- ბენდს რა ჰქვია?
- ბევრჯერ დაწერეს, რომ "ეკა ამირეჯიბი" ან ჩემი მეგობრის - ქეთრინის სახელი ჰქვია (იცინის)...
- სინამდვილეში რაა?
- Ketrine&Me - ბენდს ასე ჰქვია. წინათ, როცა რადიოში ვმუშაობდი, ეთერში "ქეთრინის" სახელით გამოვდიოდი და დღემდე ასე მომმართავენ. ჩვენი სიმღერების უმეტესობის ავტორი ირაკლი კახიშვილი გახლავთ, ზურა ლანჩავა ელექტროგიტარაზე უკრავს, დიმიტრი ოღანესიანი - დასარტყამ ინსტრუმენტებზე, მე - "კლავიშზე". ასევე, ვოკალისტი ვარ.
- როგორი მუსიკალური გემოვნება გაქვს?
- ჩემთვის, პირველ ადგილზე ყოველთვის კლასიკური მუსიკა დგას. ისე კი გუნება-განწყობილებას გააჩნია: შეიძლება, ჯაზსაც მოვუსმინო... კლასიკურ როკს საერთოდ არ ვუსმენ. ძირითადად, უცნობი შემსრულებლების "აღმოჩენა" მიყვარს. მომწონს: ტონი რამოსი, "რედიოჰედი", ნორა ჯონსი, "ქოლდფლეი"... ყველა ჟანრში არის ისეთი შემსრულებელი ან ჯგუფი, რომელსაც შეიძლება მოვუსმინო.
- რადიოში მიღებული გამოცდილება ტელევიზიაში თავის დამკვიდრებაში დაგეხმარა?
- რადიოში მუშაობა ყოველთვის მეხმარება. როცა რადიოში მიღებული გაქვს გადაცემის წაყვანის, მსმენელთან ურთიერთობის გამოცდილება, ტელეეთერში პირდაპირი ჩართვის დროს, კამერის წინ იმაზე აღარ ნერვიულობ - ვაი, აზრი როგორ ჩამოვაყალიბოო?!. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სატელევიზიო სპეციფიკა ასათვისებელი არა გაქვს: ტელევიზიაში ისეთი დეტალები გვხვდება, რომელიც რადიოში არ არსებობს, მაგრამ რადიოში მუშაობა წინგადადგმული ნაბიჯია მათთვის, ვისაც ტელევიზიაში მუშაობის დაწყება სურთ.
- როგორ ფიქრობ - ჟურნალისტური განათლება აუცილებელი არ არის იმისთვის, რომ ჟურნალისტად იმუშაო? მაგალითად, ჟურნალისტიკაში სპეციალური კურსები ხომ არ გაგივლია?
- როცა შესაბამისი განათლებაც გაქვს და ნიჭიც, ეს საუკეთესო შემთხვევაა, მაგრამ მინახავს ადამიანები, რომლებსაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვთ დამთავრებული და (იცინის)... რა თქმა უნდა, პრაქტიკა მნიშვნელოვანია და აგრეთვე, სწრაფად უნდა აუღო ალღო იმას, თუ რას ითხოვენ შენგან.
- შენი "ჩართვები" მრავალნაირი რესპონდენტით გამოირჩევა. მათ თავად არჩევ?
- თუ თემა "ჩავარდა", ამაზე პასუხს სხვას ვერ მოვთხოვ - ძირითადად, მე ვარ პასუხისმგებელი. მაგრამ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და თუ საჭიროა, პროდიუსერს, თანამშრომლებს დავურეკავ... თემასაც ვარჩევ, რესპონდენტებთანაც მივდივარ და ოპერატორის წინაშეც პასუხისმგებელი ვარ ანუ გადაღების ადგილას წინასწარ უნდა მივიდე და ვნახო - როგორი განათებაა, დეკორაცია ხომ არ მჭირდება და ა.შ.
- დილის პროგრამაში მუშაობისას სერიოზული "ჩავარდნა" თუ გქონია?
- ასეთი შემთხვევაც ყოფილა, მაგრამ ძალიან სერიოზული - არა, რომ მაგალითად, დილით მივსულიყავი და "ჩართვა" არ მქონოდა. იმედია, ასეთი რამ არც შემდგომში მოხდება. ისე კი, რა თქმა უნდა, ყველა ეთერი ერთნაირად კარგი არ გამოდის, მაგრამ უნდა ეცადო, რომ მაყურებელმა ეს ნაკლებად იგრძნოს.
- ნინო არაზაშვილი როგორი შეფია? შენიშვნას ხშირად გაძლევს?
- ნინოს ძალიან კარგი თვისება აქვს: როცა რაღაცას კარგად გააკეთებ, არ დაიზარებს - დაგირეკავს ან მესიჯს მოგწერს და შეგაქებს, რაც ყოველთვის სტიმულის მომცემია. ნინოსთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. შეგვიძლია, ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ. თუკი რაიმე შენიშვნა ექნება, აუცილებლად მეტყვის. არც საქებარ სიტყვებს დაიშურებს, თუ დავიმსახურებ. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია შენიშვნები, რომლებსაც ჩემი თანამშრომლები მომცემენ, რადგან უპირველეს ყოვლისა, მათი რჩევებია გასათვალისწინებელი. უკეთესი რომ გახდე, სამართლიანი კრიტიკა აუცილებელია. მკაცრი, რადიკალური შენიშვნა ჯერჯერობით არ მიმიღია, მაგრამ ველოდები (იცინის)...
- ეკა, დილით ადრე გაღვიძება არ გიჭირს?
- ოღონდ მაღვიძარამ არ დარეკოს და თავად ვიღვიძებ: მის ხმას ვერ ვიტან, ცხოვრება გამიმწარა (იცინის)!
- არასოდეს ჩაგძინებია?
- ეთერამდე - კი, ოღონდ, - რადიოში; ტელევიზიაში - ჯერჯერობით არა (იცინის)...
- რესპონდენტებთან ურთიერთობისას საინტერესო, უცნაური არაფერი გადაგხდენია?
- მათთან ურთიერთობისას ბევრი კურიოზი ხდება! რესპონდენტებს "ჩართვაზე" რომ ვითანხმებ, ხანდახან ისეთ კითხვებს მისვამენ (იცინის)!.. თუკი სხვა ჟურნალისტები სტუმარს საღამოს 8 საათზე ან დღის 3 საათზე იბარებენ, მე დილის 7-ის ნახევარზე ვხვდები კარატისტებს, მომღერლებს (რომლებსაც "ხმა არა აქვთ") და ისეთ პრობლემებს მიზიარებენ, ვერ ვხვდები, მე რა უნდა ვიღონო...
- როგორი მეოჯახე ხარ? პირდაპირ ეთერში ხან პურს აცხობ, ხან - ხინკალს აკეთებ...
- კარატეს ილეთებსაც ვფლობ, ხინკალსაც ვახვევ, პურის ცხობაც ვიცი... აბა, როგორ?! დილის გადაცემა ისეთი ფორმატისაა, რომ ყოველთვის მხიარული გამოდის. მეც მაქსიმალურად ვერთობი, ნებისმიერ ამპლუაში! მეოჯახეობას რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ დილიდან საღამომდე სამზარეულოში ვტრიალებ. საერთოდ, რეცეპტებით იშვიათად ვსარგებლობ, მაგრამ უგემური კერძი ჯერ არ მომიმზადებია. ყველაფრის გაკეთება შემიძლია.
- მოკლედ, ხელმარჯვე, სასურველი საპატარძლო ხარ...
- შესაშური! ჩვენი ინტერვიუს შემდეგ გამოხმაურებას ველოდები (იცინის)!
- პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- მშვიდობა და სოლიდარობა (იღიმის).
- მაინც?..
- თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ სერიოზული არაფერია. მე ვმუშაობ (იცინის)!
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)