ხუთშაბათს საღამოს ბელორუსი მაყურებელი ნაციონალური ტელეარხით საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს იხილავს, - იტყობინება "Интерфакс".
"შეიძლება თუ არა მოსკოვისა და თბილისის შერიგება? როდის შევა ევროკავშირში საქართველო? რომელ კერძებს არ სწყალობს საქართველოს პრეზიდენტი? რა არ მოსწონთ მის ნათესავებს? ამ და სხვა კითხვებს მიხეილ სააკაშვილმა სააგენტოს კორესპონდენტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უპასუხა", - იტყობინება ბელორუსის ტელერადიოკომპანიის პრესსამსახური. აღსანიშნავია, რომ ბელორუსმა ჟურნალისტებმა სააკაშვილი "ქართული რევოლუციის ბელადად" მოიხსენიეს.
სააკაშვილი პროგრამა "აქტუალური ინტერვიუს" ეთერში დღეს, ბელორუსის დროით 21:35 სთ-ზე გამოვა.
მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს, გარკვეული თვალსაზრისით, რუსული ტელეკომპანიების საპასუხო აქციად განიხილავენ.
როგორც ცნობილია, ინგლისურენოვანმა არხმა ”რასია თუდეიმ” ახლახანს დასავლელ მაყურებელს ლუკაშენკოს შესახებ ფილმი შესთავაზა, სადაც მას "ევროპის უკანასკნელი დიქტატორი" უწოდა.
მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს ბელორუსის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას საკმაოდ დაუახლოვდა. ისინი ერთმანეთს ახლახანს უკრაინაში, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის 60 წლის იუბილეზე შეხვდნენ.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.