ირაკლი მაისურაძე: "ყველა ასაკში კარგი მკითხველი ვიყავი"...

ირაკლი მაისურაძე: "ყველა ასაკში კარგი მკითხველი ვიყავი"...

ჩვენი შეხვედრა ერთი პირობით შედგა. კითხვები კვანტური ფიზიკიდან არ უნდა დამესვა. ჩემი რესპონდენტი ამბობს, რომ განსაკუთრებით ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურა იზიდავს. მისი საყვარელი მწერალი ვაჟა-ფშაველაა და მისი ნაწარმოებებიდან სულიერ საზრდოს იღებს.

მართალია, კარგი მეხსიერებით არ გამოირჩევა, მაგრამ თუ ამბავმა დააინტერესა, ადვილად ამახსოვრდება. ახსოვს ის ემოციებიც, რომლებიც ამა თუ იმ წიგნის წაკითხვის დროს ჰქონდა... "შვლის ნუკრის ნაამბობზე" ყელში ახლაც "ბურთი" ებჯინება. "ერუდიტის" სტუმარი ტელეჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე გახლავთ.

პრეამბულის მაგიერ

- წერა-კითხვა სკოლაში მისვლამდე ვისწავლე და ამით ძალიან ამაყი ვიყავი. ჩემმა მშობლებმა კითხვა ისე შემაყვარეს, ვერც კი გავიგე. I კლასში უკვე კლასგარეშე ლიტერატურას ვკითხულობდი.

როცა ფარაონთა ისტორიის გაცნობა დავიწყე, ჩემმა რუსულის მასწავლებელმა მამას უთხრა, ძალიან რთულ წიგნს კითხულობს, რის გამოც შეიძლება, კითხვა საერთოდ შესძულდესო. ეს რომ გავიგე, მასწავლებელზე ნაწყენი დავრჩი... ახლაც მახსოვს ის ემოცია, რომელიც ჩემში ფარაონთა ისტორიის გაცნობამ გამოიწვია. ეგვიპტის სასახლის კარზე ჩახლართულმა ინტრიგებმა გამიტაცა.

- ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება შენზე კიდევ რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა?

- ბევრმა, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... ყველა ასაკში კარგი მკითხველი ვიყავი. მხედველობის პრობლემის გამო, ერთი პერიოდი, მშობლები სკოლის საგნების გარდა სხვა ლიტერატურის გაცნობას მიშლიდნენ. ექიმის რჩევით, კითხვის დროს განათება სწორად უნდა შემერჩია და წამოწოლილს არ უნდა მეკითხა. მე კი ამას არ ვეპუებოდი... ღამე, საბნის ქვეშ, ფარნითაც ვინათებდი და ისე ვკითხულობდი, მაგრამ წიგნიცა და ფარანიც რამდენჯერმე წამართვეს...

- ლექსებს ხშირად კითხულობ?

- ძალიან მიყვარს პოეზია, განსაკუთრებით - მთის ფოლკლორული ნიმუშები. მთელი ბავშვობა ყაზბეგში მაქვს გატარებული. იქ ჩემი დედულეთია.

- მთაში ასვლას ახლა თუ ახერხებ?

- იშვიათად... გერგეტის სამებაში ასვლას მარიამობისთვის ვგეგმავ.

- ძველ რომში ის გვარი იყო, დღეს კი ქველმოქმედ ადამიანს უწოდებენ.

- მეცენატი.

- ფეხბურთი გიყვარს?

- ფეხბურთის ფანი არ ვარ. 4 წელიწადში ერთხელ ბრაზილიას ვგულშემატკივრობ... ისე, მე უფრო კალათბურთი მიყვარს.

- დაასახელე სახელგანთქმული იტალიური საფეხბურთო კლუბი, რომელსაც "ბებერ სენიორას" ეძახიან, მაგრამ მისი სახელი "ახალგაზრდობას" ნიშნავს.

- ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებ.

- "იუვენტუსი". 7 საოცრებიდან ერთ-ერთი, - არტემიდეს ტაძარი, ამ ადამიანმა დაწვა. მისი მიზანი იყო, ამით მსოფლიოში სახელი გაეთქვა, მაგრამ კანონის ძალით, ვინც მის სახელს ახსენებდა, სიკვდილით სჯიდნენ. მიუხედავად ამისა, ისტორიამ მისი სახელი მაინც შემოგვინახა.

- ძველი ბერძნული მითოლოგია ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ პიროვნების სახელს ვერ ვიხსენებ.

- ჰეროსტრატე.

- ძალიან მინდოდა, იმ პერიოდში მეცხოვრა. საოცრებებიდან ყველაზე მეტად ზევსის ქანდაკება და არტემიდეს ტაძარი მაინტერესებს. წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა?

- ძველბერძნულ მითოლოგიაში არის ქალღმერთი - თემიდა, რომაულ მითოლოგიაში რომელი ქალღმერთი შეესაბამება მას?

- თემიდა სამართლიანობის ქალღმერთი იყო. რომაულ მითოლოგიაში ვინ შეესაბამება (ფიქრობს)? არ მახსოვს. ჩემში ინტერესმა გაიღვიძა, ენციკლოპედიას უნდა გადავხედო.

- იუსტიცია.

- (იცინის) რა თანამედროვეა...

- თავდაპირველი მნიშვნელობით ეს ტერმინი ტყავის ტომარას ნიშნავდა. ინგლისის ხაზინის კანცლერი ქვეყნის პარლამენტის წინაშე მოსალოდნელი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ მოხსენების დროს ამ ტყავის ტომრით ხელში წარდგებოდა. მასში საფინანსო დოკუმენტები ეწყო.

დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა და დამკვიდრდა, როგორც ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის აღმნიშვნელი ტერმინი. რომელ ტერმინზეა ლაპარაკი?

- ბიუჯეტი.

- ფიროსმანი, ზაქარია ფალიაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, თამარ მეფე... რა აქვთ მათ საერთო?

- ქართველები იყვნენ.

- კიდევ?

- (ფიქრობს) ვერ ვიხსენებ.

- ჯიბეში საფულე გექნება...

- (მაწყვეტინებს) მივხვდი, ეროვნულ ვალუტაზე არიან გამოსახულნი.

- "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ"... დაასრულე ეს აფორიზმი.

- "...ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".

- რა გვარი იყო ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ჯოყოლა?

- ხომ გითხარი ცუდი მეხსიერება მაქვს-მეთქი. უამრავჯერ მაქვს წაკითხული ეგ პოემა და ვერ ვიხსენებ.

- ალხასტაისძე. რომელმა რეჟისორმა გადაიღო "დონ-კიხოტის" ქართული ვარიანტი?

- რეზო ჩხეიძემ.

- საქართველოს რომელ რაიონშია თავმოყრილი ისტორიული ძეგლები: წუღრუღაშენი, ქვეშის ციხე, ორბელიანთ კარის ეკლესია?

- ბოლნისში.

- ამ ხის სამშობლო აღმოსავლეთ აზიაა. დღეში 60-90 სანტიმეტრი იზრდება, 100 წლამდე ცოცხლობს და მხოლოდ ერთხელ ყვავის. რომელ ხეზეა ლაპარაკი?

- ვიცი, რომ ძალიან სწრაფად ბამბუკი იზრდება.

- ნამდვილად ასეა. საქართველოს რომელ მხარეს ეწოდებოდა ძველად თაკვერი?

- რაჭა-ლეჩხუმს.

- ვინ იყო თამარ მეფისთვის დავით ნარინი?

- (ფიქრობს) შვილიშვილი არ იყო?

- დიახ. ანდაზის მიხედვით რა არ დაიმალება თივაში?

- ცეცხლი.

- როგორ წარმოიშვა გამოთქმა - "დრო იწურება"?

- ვიცი, რომ ძველ ეგვიპტეში დროის საზომად წყლით სავსე ჭურჭელს იყენებდნენ, რომლიდანაც წყალი 1 საათის განმავლობაში წვეთობით იწურებოდა. ეს გამოთქმაც აქედან მოდის.

- ბოლო პერიოდში ეგვიპტის პირამიდებს ტურისტებისგან საფრთხე დაემუქრათ. თითქმის ყველა მოგზაური პირამიდის ნატეხის სახლში წაღებას ცდილობს. ეგვიპტის მთავრობამ ამის საწინააღმდეგოდ რა მოიმოქმედა?

- არ ვიცი.

- ყოველდღიურად სატვირთო მანქანით ქვის ღორღი მიაქვთ და პირამიდებზე ყრიან.

- გამოსავალი უპოვიათ... ჰო, ახლა გამახსენდა ეს ამბავი ეთერში წავიკითხე.

- ეთერში წაკითხული ამბავი უფრო გამახსოვრდება?

- ამბავს გააჩნია, თუ ამბავმა დამაინტერესა, მამახსოვრდება.

- უნგრეთის ქალაქ ესტერგომის არქივში 200 წლის წინანდელი დოკუმენტი იპოვეს, დოკუმენტის მიხედვით, ქალაქის ზოგიერთ მცხოვრებს ე.წ. ბოლის გადასახადი უნდა გადაეხადა. ეს თანხა სახანძრო სამსახურის შესანახავად გამოიყენებოდა. ვინ იხდიდა ამ გადასახადს?

- ადამიანთა გარკვეული კატეგორია იყო?

- დიახ. ბოლის გადასახადი ერქვა.

- ალბათ მწეველები იხდიდნენ, ან ადამიანები, რომლებიც პურს აცხობდნენ.

- გამოიცანი, მწეველები იხდიდნენ. სტატისტიკამ დაამტკიცა, რომ ისინი დღეში 920 კითხვას სვამენ. ვინ არიან ისინი?

- ბავშვები.

- კანადელი სწავლული ჰენრი ლემანი ფიქრობდა, რომ პოეტებში ეს ხდება 26-30 წლის ასაკში, ექიმებსა და მხატვრებში 20-35, ხოლო მწერლებში - 40-45 წლის ასაკში. რა ხდება ამ დროს?

- მეცნიერი მიიჩნევდა, რომ ამ დროს გენია იღვიძებს.

- ალბათ გახსოვს ფრთიანი გამონათქვამი: "რელიგია - ეს ხალხისთვის ოპიუმია". რა სიტყვით შეცვალა სიტყვა რელიგია ამერიკელმა პრეზიდენტმა ნიქსონმა?

- ნიქსონის გამონათქვამები ძალიან მომწონს, გავიხსენებ (ფიქრობს) ა! ტელევიზიით შეცვალა.

- შენთვის თუ არის "ოპიუმი" ტელევიზია?

- არა. როცა პირდაპირ ეთერში ვმუშაობ, ტელევიზია მაფხიზლებს. სახლში ტელევიზორს არ ვუყურებ. ახლა ჩემი "ოპიუმი" ინტერნეტია. ტელევიზიით მხოლოდ შემეცნებით გადაცემებს ვუყურებ. საინფორმაციო გამოშვებები ხომ სისხლში მაქვს გამჯდარი.

- ცურვა იცი?

- ვიცი, მაგრამ ერთხელ ზღვაში ვიხრჩობოდი და მას შემდეგ ღრმა წყალში შესვლის შიში დამჩემდა და ახლა ცურვას ვერიდები.

- ვინ გადაგარჩინა?

- გამოსვლა ჩემით მოვახერხე. საშინელი განცდა იყო.

- ის მეზღვაურთა ისტორიაში ყველაზე სახელგანთქმული მაშველია. შეუდარებელი მოცურავეა და თავის საქმეში გასამრჯელოს არასდროს იღებს. დაასახელე რაზეა ლაპარაკი?

- დელფინზე.

- კლასიკური ნიუ-იორკული საუზმე შედგება სამი ელემენტისგან. ერთი არის ცხელი, მეორე - თბილი, მესამე - ახალი. ცხელი - ეს ყავაა, თბილი - ფუნთუშა, ხოლო რა არის ახალი?

- რძე ან კარაქი.

- ცდები. საუზმის დროს აუცილებელია ახალი გაზეთი.

- (მაწყვეტინებს) "ნიუ-იორკ ტაიმსი".

- ნიუ-იორკიდან იტალიაში გადავინაცვლოთ. ამ ქვეყანაში თუ ხარ ნამყოფი?

- ბავშვობაში.

- იტალიის ზოგიერთი ქუჩის კუთხეში დგას ღვთისმშობლის სკულპტურა. მასზე მიკრულია აბრა. რა წერია აბრებზე?

- არ ვიცი.

- ქუჩების დასახელებები. გლოსტერი - იორკების დინასტიის ბოლო წარმომადგენელია. იგი ავიდა ტახტზე და სხვა სახელი დაირქვა. დაასახელე ტრაგედია, რომელიც მას შექსპირმა მიუძღვნა.

- "რიჩარდ III".

- "წელს გადავწყვიტე მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი. გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიშით და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლივ თან სდევს. რასაკვირველია, პირველი ჩემი ნაბიჯი განურჩევლად ყველამ მასხრად აიგდო, რადგანაც ამბობდნენ, რომ მებატონის და მასთან სახელიანი კაცის შვილს უბრალო მეცხვარეობა არ ეკადრება", - ალექსანდრე ყაზბეგის რომელ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- "ნამწყემსარის მოგონებაში".

- რომელ ორ ზღვას აერთებს ბოსფორის სრუტე?

- შავ და მარმარილოს ზღვებს, არა?

- დიახ, დაასახელე ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც - კინოში იმედა კახიანმა, ხოლო თეატრში გოგი გეგეჭკორმა განასახიერა.

- (ფიქრობს) მინიშნება მითხარი რა, მაგალითად ვინ არის ავტორი, რომლის ნაწარმოებშიც ეს პერსონაჟი გვხვდება?

- დავით კლდიაშვილი.

- ა! "სამანიშვილის დედინაცვალი".

- კახიანმა და გეგეჭკორმა დედინაცვლის როლი ითამაშეს?

- (იცინის) არა, პლატონის როლი შეასრულეს.

- ქართული ხალხური ეპოსის რომელი გმირი იყო ნადირობის ქალღმერთის - დალისა და უცნობი მონადირის შვილი?

- ამირანი.

- ვისი ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი - "ქვევრი"?

- ავტორი ქართველი არ არის (ფიქრობს) ლუიჯი პირანდელო, სწორად მახსოვს?

- დიახ. ცნობილია, რომ შოტლანდიური გვარები იწყება მაკ-ით. მაგალითად მაკ-დუგლასი, მაკ-დონალდსი, და ა.შ. რას აღნიშნავს თავსართი "მაკ"?

- ზუსტად არ ვიცი. შვილს ხომ არა?

- გამოიცანი. დაბოლოს დაასრულე ებრაული ანდაზა: "როცა ღმერთს უნდა დაღუპოს ადამიანი, მას აძლევს უფრო მეტ...

- ეს ანდაზა არ მახსოვს.

- "...უფრო მეტ ჭკუას".

- ებრაელებს არ ვეთანხმები. თუ ადამიანს ჭკუა აქვს, ის ღმერთთან ყოველთვის ახლოს იქნება.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები