"ყველა სიახლის" წინა ნომერში (#28, 15-21 ივლისი) დაიბეჭდა ინტერვიუ მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელსა და სახალხო-მართლმადიდებლური მოძრაობის ლიდერ მალხაზ გულაშვილთან.
რესპონდენტის ნათქვამმა ფრაზამ - "პროვოკაცია დაგეგმა "თავისუფლების ინსტიტუტმა" და განახორციელა ტელეკომპანია "კავკასიამ", ზუსტად ვიცი, რომ ამ სპეცოპერაციის ჩატარებისთვის მათ საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაც მიიღეს "თავისუფლების ინსტიტუტისგან". - ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორ ნინო ჯანგირაშვილის აღშფოთება გამოიწვია.
ქალბატონი ნინო დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მალხაზ გულაშვილის ბრალდებების მოსმენას აღარ აპირებს.
- მალხაზ გულაშვილის გამონათქვამებს აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან მიმაჩნდა, რომ მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. მაგრამ მის ცილისწამებაზე, თითქოს ტელეკომპანია "კავკასიამ" ფული აიღო "თავისუფლების ინსტიტუტისგან", გაჩუმებას აღარ ვაპირებ. ამ ადამიანს კარგად ვიცნობ, ვიცი მისი ამბიციები, გეგმები, მეთოდები და ისიც, რომ ბევრ რამეზე შეუძლია ხელის მოწერა. თავდაპირველად, როდესაც გულაშვილი დაჟინებით ცდილობდა, "თავისუფლების ინსტიტუტზე" მიება "კავკასია", ვფიქრობდი, პიარს იკეთებს-მეთქი, მაგრამ მერე და მერე ეჭვი შემეპარა.
თქვენს გაზეთში ნათქვამმა მისმა ფრაზამ კი ჩემი ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა. სასამართლოში ვუჩივლო? - თავისი გასჭირვებია. ავადმყოფური ამბიციების გამო, შვილიც კი შარში გახვია, მაგრამ ვალდებული ვარ, საზოგადოებას რაღაცები ავუხსნა. აქამდე, შეძლებისდაგვარად, არ ვარღვევდი დუმილს, მაგრამ მალხაზ გულაშვილმა მაიძულა, მეთქვა ის, რასაც მასზე ვფიქრობ და რაშიც დარწმუნებული ვარ. მალხაზ გულაშვილი ჩემთან არაერთხელ მოსულა ბინძური ფინანსური წინადადებით...
- რას გთავაზობდათ?
- ძირითადად, პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას, როგორც ხელისუფლებისგან, ისე - ერთი ადგილიდან, აღარ დავაკონკრეტებ. ყველა მათგანი იყო ბინძური და ჩემთვის მიუღებელი. მათი ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ. სხვათა შორის, გულაშვილს ჩემთვის ბევრჯერ უთქვამს, ბიზნესისა და ფინანსების არაფერი გაგეგებაო. მან მშვენივრად იცის, რომ მე ცხოვრებაში არავის გავრიგებივარ და შეკვეთაში ფული არ ამიღია, ასეთი საქციელი მისი სტილი იყო. ბევრს უმუშავია გულაშვილის გვერდით და რომ გაიკითხოთ, გეტყვიან ამ ადამიანის მიერ ჩადენილ სიბინძურეებს.
გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბატონ გულაშვილს ჩაფიქრებული ჰქონდა მორიგი პროექტი - ფარად გამოეყენებინა მართლმადიდებლობა და ამით გაეკეთებინა პოლიტიკური კარიერა. ის პოლიტიკაში წასასვლელად ემზადებოდა. სხვათა შორის, წიგნი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს, მედვედევს აჩუქა, თავის თავზე აქვს დაწერილი. მალხაზ გულაშვილი ყოველთვის ცდილობდა, რუსებისთვის თავი მოეწონებინა, მასზე ფსონი რომ დაედოთ, დახმარებოდნენ და დაეფინანსებინათ. ის მათ ეუბნებოდა, რომ გავლენიანი პიროვნებაა საქართველოში, მედიაშიც ჰყავს ბევრი მეგობარი.
ალბათ, ამიტომაც ცდილობდა, ჩვენთანაც კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა. თუმცა ჩვენ მას ისევე ვექცეოდით, როგორც სხვებს, - რადგან, ეთერს არავის ვუბლოკავთ და რაც ხდება, ყველაფერს ვაშუქებთ. როგორც ჩანს, გულაშვილმა მიიღო კიდეც დაფინანსება იმ პროექტისთვის, რასაც, მისდა სამარცხვინოდ, დაარქვა "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა". ამით კანონიც დაარღვია, ეკლესიაც შეურაცხყო და საპატრიარქოსაც პრობლემები შეუქმნა. გულაშვილის პიროვნული თვისებებიდან და იმ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც წლების განმავლობაში საქართველოში დაგროვდა, გავაკეთე დასკვნა:
გულაშვილმა თავის პატრონებს უთხრა, რომ მან ფულის რაღაც ნაწილი "კავკასიაში" მოიტანა. იმდენჯერ გავაბრუნე უკან, ბუნებრივია, თანხის მოტანას ვერ გაგვიბედავდა, და, როგორც ჩანს, ეს ფული მან ჩაიდო ჯიბეში. სულ მიკვირდა, - რატომ გაიქცა ეს კაცი მოსკოვში, ვინ მისდევდა-მეთქი? როგორც ჩანს, ამით იმის თქმა სურდა, რომ მე კი გადავიხადე ფული, მაგრამ "კავკასიას" სხვამ უფრო მეტი მისცაო. გულაშვილს, როგორც ჩანს, სურს, დამკვეთების წინაშე თავი "გაითეთროს": ფული, რომელიც მას ვიღაცების მოსასყიდად მისცეს, ჯიბეში ჩაიდო და თქვა, ყველას მივუტანეო.
ამისთვის, ეტყობა, უსაყვედურეს, - თუ ყველას მიუტანე, შე დალოცვილო, ასეთი უდღეური მოძრაობა როგორ გამოგივიდა, მისი არსებობა ერთ დღეში რომ დასრულდაო? ახლა თავი ხომ უნდა გაიმართლოს, ხომ უნდა ახსნას, დაასაბუთოს ფულის "დაკარგვის მიზეზი"? ადგა და მოსკოვიდან სცხებს ტალახს "კავკასიას", უხსნის თავის პატრონებს, რომ მე კი მივიტანე იქ ფული, მაგრამ "თავისუფლების ინსტიტუტმა" უფრო მეტი გადაუხადაო. ამაში მისი განცხადებები მარწმუნებს. ბოდიშს ვუხდი თქვენს მკითხველს, რომ ამის თქმა დამჭირდა, მაგრამ გულაშვილმა იძულებული გამხადა, მისი ბინძური სქემები გამეშიფრა. თავი დამანებოს და ჩემს ოჯახსა და "კავკასიას" ნუ ახსენებს, თორემ კიდევ ბევრი მაქვს მასზე მოსაყოლი.
- ქალბატონო ნინო, რაც ახლა თქვით, მხოლოდ ვარაუდია თუ ყველაფერი ზუსტად იცით?
- ზუსტად ვიციო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ლოგიკა აქვს ყველაფერს. არ მესმის, ეს ადამიანი რატომ იტყუება, არც ფანატიკოსია და არც მორალური კატეგორიების გამო აკეთებს რამეს. რასაც ამბობს, რაღაცისთვის ამბობს, განსხვავებით იმ ბიჭებისგან, მის გამო ციხეში რომ სხედან. როგორც ჩანს, სურს, რუსეთში გამოჩნდეს როგორც გმირი, დევნილი, წამებული... რასაც ვამბობ, ეს არის რამდენიმე ეპიზოდი და თუ გულაშვილი თავს არ დამანებებს, დეტალურად მოვყვები მის ამორალურ ბიზნესპროექტებზე. "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის შედეგად ყველა დაზარალდა - ჩვენც, ეკლესიაც, საზოგადოებაც და ის დაჭერილი ბიჭებიც. გულაშვილია ერთადერთი, რომელიც დროს ატარებს მოსკოვში ძმაკაც მედვედევთან. ის თვითონაც ხვდება, რომ მორალურად მთლად კარგად ვერ გამოიყურება, ამიტომაც გზავნის იქიდან პათეტიკურ მესიჯებს.
- მაგრამ, მალხაზ გულაშვილი სწორედ თქვენ გაბრალებთ იმ ინციდენტის პროვოცირებას, რომელიც "კავკასიაში" მოხდა, აგრეთვე, მისი მოძრაობის წევრების დაპატიმრებასაც და ამბობს, ნინო ჯანგირაშვილს გადაცემა ტენდენციურად მიჰყავდაო.
- ვიცი, ვიცი, ამას ყველგან ჰყვება. თავდაპირველად იმასაც ამბობდა, ადგილიდან არ დავძრულვარ, ნინო გავიდა და ატეხა ერთი ამბავიო. მერე, როცა ვაჩვენეთ კადრები, სადაც ჩვენთან ერთად იდგა სტუდიის გარეთ, ამას აღარ ამბობს. ხვალ კიდევ რას იტყვის, ვინ იცის?! ისე, თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რატომ შეწყვიტა მან შარშან გაზეთის გამოცემა. გაიხსენეთ, რა პერიოდს დაემთხვა მისი გაზეთის გაჩერება და ბავშვის გახიზვნა...
- ვერ ვიხსენებ...
- მე გაგახსენებთ - დაემთხვა მძლავრ ოპოზიციურ მოძრაობას. დიდი შანსი იყო, რომ ეს მოძრაობა ოპოზიციის გამარჯვებით დასრულებულიყო. ზუსტად ამ პერიოდში გულაშვილის გაზეთში დაიბეჭდა ლევან გაჩეჩილაძისა და, ზოგადად, ოპოზიციის საწინააღმდეგო ამაზრზენი სტატია. ამის გამო გაჩეჩილაძე-უმცროსი ძალიან აღშფოთდა, გულაშვილი კი ოპოზიციამ შეაჩვენა. მასთან მივიდა რამდენიმე ადამიანი და პასუხი მოსთხოვა. იმხანად გულაშვილის გაზეთის რედაქტორი იყო გიორგი კაპანაძე, რომელიც დღეს ტელეკომპანია "რეალ-თი-ვი"-შია და გამოსცემს გაზეთ "დრონი. ჯის" - ორივე შსს-ს ორგანოა.
გულაშვილმა მასთან მისულ ოპოზიციონერთა ჯგუფს განუცხადა, მე არაფერი ვიცოდი, აქ ვანო მერაბიშვილის კაცი მიზის, მან დაწერა წერილი, ბოდიშს გიხდით, მაგრამ მე რომ ახლა ის გავაგდო, შარი იქნებაო. ამ ისტორიის შემდეგ მოიმიზეზა, თითქოს მის შვილს თავს დაესხნენ და გაიტაცეს, დახურა გაზეთი და განერიდა საქართველოს. გამოჩნდა ერთი თვის შემდეგ, როდესაც ოპოზიციურმა მღელვარებამ ჩაიარა... ეს არის მედროვე ადამიანი და მისი ვერსიები ალოგიკურია. აბსურდულ რაღაცებს ლაპარაკობს და უნდა, ყველა დააჯეროს... ბავშვს ხელი დაავლო და გავარდა რუსეთში.
შვილს კანონი დაარღვევინა და ცხოვრება გაუფუჭა იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები ჩაეწერა და ფული ეშოვა, როგორც დევნილს. მილიონებიც უშოვია, მაგრამ "კავკასიის" შეურაცხყოფის ხარჯზე ამას ნუ ეცდება, თორემ მის ამორალურობაზე ჟურნალისტურ გამოძიებას დავუდებ წინ...
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)