რუბრიკა "ფსიქოს" სტუმარია ჟურნალისტი ლალი მოროშკინა. რომელ პოპულარულ მსახიობს ამსგავსებდნენ მას წლების წინ და რას აჩუქებდა პრეზიდენტს, ინტერვიუდან შეიტყობთ:
- ქუჩაში თქვენი ორეული რომ შეგხვდეთ, როგორი რეაქცია გექნებათ?
- უი, რას მეუბნებით, ჩემი ორეული? პირველ რიგში, მივალ, გამოვკითხავ წარმომავლობას, კარგად დავაკვირდები და შევეცდები ჩვენ შორის სხვაობა დავინახო. შევხედავ ვარცხნილობას, სამოსს და თუ არ მომეწონა, აუცილებლად მივცემ რჩევას.
სხვათა შორის, ადრე პოპულარულ იტალიელ მსახიობს, სოფი ლორენს მამსგავსებდნენ. მართალია, ეს ჩემი მხრიდან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც ვთავხედობ და ყველას გასაგონად ვამბობ (იცინის). ჩემთვის სოფი ლორენთან მიმსგავსება უდიდესი პატივი და კომპლიმენტია. ადრე ვცდილობდი, ლორენივით ელეგანტური ვყოფილიყავი.
- თუ გახსოვთ, ვინ დაწერა "ამაოების ბაზარი"?
- თუ არ ვცდები, უილიამ თეკერეიმ.
- ნამდვილად არ ცდებით. წარმოიდგინეთ გუბე. ჩაიხედეთ ამ გუბეში და აღწერეთ, როგორ გამოიყურებით...
- გუბეში არასოდეს ჩამიხედავს, რადგან, იქ სადაც ჩემი გამოსახულება მახინჯდება, ჩახედვა არ მსიამოვნებს. სხვათა შორის, როცა შემთხვევით უცხო ადამიანის ოჯახში მოვხვდები და სარკეს დავინახავ, შეგნებულად არ ვიყურები შიგ, რადგან სარკიდან უარყოფითი ენერგია მოდის.
- ერთ მშვენიერ დღეს პარლამენტარმა კობა ხაბაზმა სასიყვარულო ეს-ემ-ესი რომ გამოგიგზავოთ, რას უპასუხებდით?
- (იცინის) კობა ხაბაზმა? პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გამომიგზავნის სასიყვარულო ეს-ემ-ესს... ზოგადად, ასეთი ნაბიჯი ადამიანისგან პოზიტიურია. ასე რომ, ხაბაზის მიმართ აგრესიული ვერ ვიქნები.
- თურმე ადამიანი დღეში 200-ჯერ მაინც იტყუება. ეს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს. მათ მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ყველაზე გამოუსწორებელი მატყუარები არიან გამყიდველები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და... თქვენი აზრით, კიდევ რომელი პროფესიის ადამიანები ცრუობენ ხშირად?
- ალბათ, მსახიობები და რეჟისორები, რადგან მათ ამა თუ იმ ამბის მოდელირება და ხალხის შეცდომაში შეყვანა უწევთ...
- კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა აზრით კი, ესენი არიან იურისტები. სააკაშვილმა 100 დღით საქართველოს პრეზიდენტის სკამი რომ შემოგთავაზოთ, დათანხმდებით?
- აუცილებლად. ჩემი გაპრეზიდენტების პირველივე დღეს სასამართლო სტრუქტურას მთლიანად შევცვლი. შემდეგ მოვლენებს დავაკვირდები, ვინც თავზე ვაზელინს წაისვამს, სახელმწიფო სტრუქტურაში არ გავაჭაჭანებ. ხოლო იმათ, ვინც ჯანსაღად გამაკრიტიკებს, მხარში ამოვიყენებ და ერთად შევუდგებით სახელმწიფოს შენებას. აი, ამის შემდეგ ასი დღე რომ გავა და სააკაშვილი მომთხოვს თავის სკამს, სიამოვნებით დავუბრუნებ, რადგან ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ პრეზიდენტის მძიმე ტვირთი ვზიდო.
- რომელი ქართული ჟურნალი გამოდიოდა 1924-1930 წლებში "ტარტაროზის" სახელით?
- ეს უნდა იყოს ჩემი უსაყვარლესი ჟურნალი "ნიანგი".
- რას აჩუქებდით საქართველოს პრეზიდენტს?
- სააკაშვილს ლუპას ვაჩუქებდი, კარგად რომ დააკვირდეს და ამოიცნოს ადამიანები.
ფსიქოლოგის დასკვნა
მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - პირდაპირი და ამავდროულად დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია. არ უყვარს როდესაც ეპირფერებიან. ნებისმიერ ცვლილებას ენთუზიაზმით ხვდება. ყოველთვის უკეთესი მომავლის იმედი აქვს. არის შრომისმოყვარე და იდეებით აღსავსე.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)