საქართველოს მთავრობა ცხინვალში ჟურნალისტ თემურ ცხოვრებოვის ცემის გამო აღშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.
თბილისში აღნიშნულ ფაქტს ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამეფებული განუკითხაობისა და განსხვავებული აზრის დევნის მორიგ გამოვლინებად და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოძალადეები არ ისჯებიან და სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს.
"საქართველოს მთავრობა გმობს ძალადობის გამოვლენას ნებისმიერი სახით და მოითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების მხრიდან მეტ ძალისხმევას და აქტიურობას, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რეალური ვითარება გახდეს ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისათვის", - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, საქართველოს მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ ცხინვალის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგება განუკითხაობას, თავისუფალი აზრის დევნას და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწორედ ამიტომ მიიღო საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა.
"საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ამ ღონისძიებათა წარმატებით განხორციელებით მიაღწევს გაყოფილი საზოგადოების შერიგებას და ნდობის გაძლიერებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წევრი, გაზეთ "21-ე საუკუნე-"ს რედაქტორი, ერთ-ერთი მთავარი ოსი საველე მეთაური თემურ ცხოვრებოვი 24 ივლისს ცხინვალში სცემეს. მასზე თავდასხმაში დე-ფაქტო პარლამენტის სამი წევრი მონაწილეობდა. ცხოვრებოვის მიმართ ცხინვალის რეჟიმის აგრესია ქართულ-ოსურ სამოქალაქო ფორუმში მისმა მონაწილეობამ განაპირობა.