ტელეკომპანია "რეალ ტივის" წინააღმდეგ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომახიძის ადვოკატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, საქმე ჯერ მოსამზადებელ ეტაპზეა. მისივე განმარტებით, სარჩელი ეხება "რეალ ტივის" მიერ გავრცელებულ სიუჟეტს ვახტანგ კომახიძის თავშესაფრის მოთხოვნის თემაზე.
ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ სიუჟეტში შელახული იყო კომახიძის პატივი და ღირსება, ასევე ადგილი ჰქონდა მის პირად ცხოვრებაში უკნონო ჩარევას. კომახიძე აღნიშნული უფლებების დარღვევის დადასტურებას სასამართლოსგან ითხოვს, იგი ითხოვს ასევე მორალური ზიანის ანაზღაურებას სიმბოლურად ერთი ლარის ოდენობით.
ვახტანგ კომახიძესთან ერთად მოსარჩელე არის ასევე მისი შვილი უტა კომხიძე. სიუჟეტში მის ოჯახზეც იყო საუბარი.
სარჩელი "რეალ ტივის" წინააღმდეგ კომახიძეებმა მაისში შეიტანეს.
ამასთან, გუშინ შვეიცარიამ ვახო კომახიძეს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. კომახიძე შვეიცარიაში წავიდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებაში ხელს უშლიდა და ემუქრებოდა. მან შვეიცარიისგან პოლიტიკური თავშესაფრი სამი თვის წინ მოითხოვა.